საზოგადოება

საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში – პაპუაშვილი 

1 ნოემბერი, 2025 •
საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში – პაპუაშვილი 

ევრონესტის კრიტიკული განცხადების  შემდეგ “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ “საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში”.

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეამ 31 ოქტომბერს მიიღო კრიტიკული  რეზოლუცია საქართველოზე, რომელშიც: 

  • დაგმობილია „ქართული ოცნების“ მხრიდან სისტემური თავდასხმა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიურ სივრცეზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.
  • დაგმობილია და გაყალბებულად არის მოხსენიებული 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, რეზოლუციის თანახმად, დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით ჩატარდა. „შესაბამისად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა არ აღიარებს პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ მთავრობას“
  • დაგმობილია “ბრუტალური მცდელობები” მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად, რიგითი მოქალაქეების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების “თვითნებური დაკავებები” და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებსა და თავისუფლებებზე “სისტემური თავდასხმა”.
  • „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს საქართველოს მთავრობისგან პოლიტიკური პატიმრებისა და სხვა უკანონოდ დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. განსაკუთრებული დაჟინებით მოითხოვს სახაროვის პრიზის ლაურეატის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალის მოხსნას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ.

შალვა პაპუაშვილი ამ რეზოლუციას მიუღებელს და აღმაშფოთებელს უწოდებს:

“ერთ-ერთი რეზოლუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს “გაყალბებულად”, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას კი “თვითგამოცხადებულად” მოიხსენიებს. აგრეთვე, პოლიციელებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდამსხმელ პირებს, რომელთა მიმართაც დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები, “პოლიტიკურ პატიმრებს” უწოდებს, რითაც სრულად უგულებელყოფს კანონის უზენაესობის სტანდარტებს.

ნათელია, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ამ გზით, დამფუძნებელი მანდატის მიღმა, საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში”. 

პაპუაშვილი დასძენს, რომ “ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაბამისი პირობების გაჩენის შემთხვევაში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მზად იქნება, ხელახლა ჩაერთოს აღმოსავლეთ პარტნიორობის აღნიშნულ საპარლამენტო პლატფორმაში”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი