საზოგადოება

“არ ვაღიარებთ „ოცნების“ თვითგამოცხადებულ მთავრობას” — ევრონესტის რეზოლუცია

31 ოქტომბერი, 2025 •
“არ ვაღიარებთ „ოცნების“ თვითგამოცხადებულ მთავრობას” — ევრონესტის რეზოლუცია

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია გამოაქვეყნა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და მზია ამაღლობელის პატიმრობასაც ეხება.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოში ქვეყნის მკვეთრად უკუსვლას ნიშნავს დემოკრატიის გზაზე. ამ მოვლენებში მოაზრებულია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები; 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადება 2028 წლამდე მოლაპარაკებების გადადების შესახებ ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ანტიდემოკრატიული კანონების მთელი სერია, რომელიც მიმართულია ყველა დისიდენტური ხმის ჩახშობაზე სამოქალაქო საზოგადოებიდან, აკადემიური სივრციდან, დამოუკიდებელი მედიიდან; საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც თავს ესხმის სხვადასხვა უმცირესობას, განსაკუთრებით კი, ლგბტქი+ თემს, ასევე პოლიტიკურ ოპოზიციას.

რეზოლუციაში ხაზგასმულია აღმოსავლეთ პარტნიორობის როლი ქვეყნებში, სადაც რუსეთი შესაძლოა ამ მომენტში იარაღით არ იბრძვის, მაგრამ ცდილობს დომინირებას საინფორმაციო ველზე, რისი მკაფიო მაგალითიც საქართველოა, რომლის ორი რეგიონი უკვე ოკუპირებული აქვს.

რეზოლუციის ტექსტში:

  • დაგმობილია „ქართული ოცნების“ მხრიდან სისტემური თავდასხმა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიურ სივრცეზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.
  • დაგმობილია და გაყალბებულად არის მოხსენიებული 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, ტექსტის თანახმად, დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით ჩატარდა. „შესაბამისად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა არ აღიარებს პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ მთავრობას“, — ნათქვამია რეზოლუციაში.
  • დაგმობილია “ბრუტალური მცდელობები” მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად, რიგითი მოქალაქეების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების “თვითნებური დაკავებები” და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებსა და თავისუფლებებზე “სისტემური თავდასხმა”.

„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს საქართველოს მთავრობისგან პოლიტიკური პატიმრებისა და სხვა უკანონოდ დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. განსაკუთრებული დაჟინებით მოითხოვს სახაროვის პრიზის ლაურეატის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალის მოხსნას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ.

“ვგმობთ მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას და სისხლისსამართლებრივ დევნას. ღრმად შეწუხებული ვართ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. აღვნიშნავთ, რომ ანტიდემოკრატიული კანონების მიღებამ გააჩერა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში. ვუთითებთ, რომ „ქართული ოცნების“ განზრახვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს საქართველოში და ეს საერთაშორისო საზოგადოებისგან დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს.

მოვუწოდებთ ევროკომისიას და საბჭოს, რომ გადახედონ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას, რათა შეაჩერონ ის იმ მიზნობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ავტორიტარიზმისკენ დაღმასვლაზე. ხაზს ვუსვამთ, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი ნებისმიერ შედეგზე, რაც მოჰყვება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

გარდა ამისა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროკომისიის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით უმაღლეს წარმომადგენელს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, ჩაერთონ მაღალი რანგის დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან, რომ გადაუდებლად ჰქონდეს ძლიერი და მკაფიო რეაგირება ევროკავშირს საქართველოში დემოკრატიული წესრიგის რღვევაზე. ასამბლეა ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოში დამოუკიდებელ მედიას, ყველა შესაძლო ინსტრუმენტით, მათ შორის გაუწიონ ფინანსური დახმარება, რომ შეინარჩუნონ პრესის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი ქვეყანაში.

რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმით დაგმობილია საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებები, შევიწროება და მათ მიმართ ძალადობა. დრაკონული კანონები, როგორიცაა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა 28-30 ოქტომბერს ერევანში გაიმართა. „ქართული ოცნების“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ თავი „ოცნებამ“ თავი შეიკავა ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობაზე და ამასთან დაკავშირებით წერილობითაც მიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას.

წერილში მახაშვილი წერდა, რომ „ქართული ოცნება“ შეშფოთებულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, ასევე იმითაც, რომ მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყვნენ პარტიისადმი კრიტიკულად განწყობილი პირები სამოქალაქო საზოგადოებიდან.

„ქართული ოცნების“ უარს მონაწილეობაზე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა. მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ ევრონესტის საპარლამენტოს ასამბლეაში არ მონაწილეობს, ვინაიდან მათი ლეგიტიმაცია ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილებაა, რომელიც ევროპარლამენტის 60 წევრის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან შედგება. თუმცა ლუკაშენკოს რეპრესიული ქმედებების გამო ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია. პლენარული სესია იმართება ყოველწლიურად, მონაცვლეობით, ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთ-ერთ დედაქალაქში.

მასალების გადაბეჭდვის წესი