საზოგადოება

თბილისში ჭადრებს თხრიან

17 ნოემბერი, 2010 • • 1263
თბილისში ჭადრებს თხრიან

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ჰეიდარ ალიევის მონუმენტის გასწვრივ, უკვე რამდენიმე დღეა ჭადრების ხეებს ჭრიან.

სპეციალური ტექნიკა კი ხეებს ფესვებიანად იღებს. 

თბილისის მერიის პრესამსახურში აცხადებენ, რომ სანაპიროს გასწვრივ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამოცვლა იგეგმება და ჭადრებს ფესვებიანად სწორედ ამიტომ იღებენ. მათი თქმით, ფესვები მიწისქვეშა კომუნიკაციებს დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად აზიანებდა. ჭადრების ადგილზე კი სრულიად სხვა, უკეთესი ჯიშის ხეები დაირგვება. მერიაში ვერ აკონკრეტებენ, ჭადრების რა რაოდენობის მოჭრაა დაგეგმილი.

„ალბათ, ამოვთხრით მხოლოდ იმ ხეებს, რომლებიც კომუნიკაციების გამოცვლას უშლის ხელს, ზუსტ  ტერიტორიას და რაოდენობას წინასწარ ვერ გეტყვით“-განუცხადა ნეტგაზეთს თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

თბილისის მერის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი. მან ამის შესახებ დღეს  მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამწვანების ზოლის განადგურების გამო, ჩვენ გიგი  უგულავას  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრას მოვითხოვთ“-თქვა ლაშა ჩხარტიშვილმა,  „-მერია ახორციელებს გაუაზრებელ,  ცინიკურ და კორუფციულ პროექტებს. ისინი არად დაგიდევენ მოქალაქეების ჯანმრთელობას და არც ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას.  ჩვენ არ ვიცით, რა მიზნით თხრიან ამ ჭადრებს.“  

მისი აზრით, მტკვრის სანაპიროზე არსებულ ჭადრებს, ესტეთიკური და ისტორიული ღირებულების გარდა, ეკოლოგიური მნიშვნელობაც აქვს.  სწორედ ამ ხეების საშუალებით ხდება იმ მავნე გამონაბოლქვის გაფილტვრა, რომელსაც ავტომობილები გამოყოფენ.

ლაშა ჩხარტიშვილის გარდა, პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი, არქიტექტორი  ლერი გოშაძე.  მისი თქმით, თბილისში სხვა ქალაქებთან შედარებით ნაკლებადაა საზოგადოებრივი დანიშნულების გამწვანებული ადგილები, ქუჩების და მტკვრის სანაპიროების გამწვანება კი ამ ნაკლს გარკვეულწილად შეუმჩნეველს ხდიდა.  არქიტექტორის აზრით, სანაპიროზე ზაფხულში სეირნობაც კი შეუძლებელი გახდება, რადგან აქ არ იქნება ჩრდილი. ის ამბობს, რომ მსოფლიოს ქალაქები ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე დგანან და ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან ასაცილებლად  ყველგან აქტიურად იბრძვიან.

„ჩვენ ამ მოძრაობას უნდა შევუერთედ, კი არ უნდა გამოვეთიშოთ.  როგორ ვუერთდებით, ხეების ჭრით?“-ამბობს ლერი გოშაძე “-თუ ჭადრებს ჭრიან და მათ ნაცვლლად სხვა ხეები უნდა დარგონ, ამას თავისი წესი აქვს.  მაშინ ჯერ უნდა დარგონ ახალი და მერე მოჭრან ძველი.  ეს კი არ ხდება. თუ გზის გაფართოებაზეა საუბარი, სად არის პროექტი?“

კონსერვატორები თბილისში არსებული მწვანე საფარის დასაცავად უახლოეს დღეებში პერმამენტული აქციების გამართვას აპირებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, მათ პროტესტს შეუერთდნენ.    

 

მასალების გადაბეჭდვის წესი