„მან ცეცხლის წაკიდებით დააზიანა სატელეკომუნიკაციო კარადა. 534 ლარის ზიანია სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით. კონკრეტულ შემთხვევაში მუხლის შემადგენლობა არის იმგვარი, რომ როდესაც ხდება ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით და ეს ზიანი აღემატება 150 ლარს, განსაზღვრულია ასეთი სანქცია [პატიმრობა 6 წლამდე]“, — თქვა პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა არჩილ მუსელიანცის საქმეზე დღეს, პირველ ივლისს, გამართული სხდომის შემდეგ.
29 წლის არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მუხლი, რომლითაც ბრალი აქვს წარდგენილი და რომელზეც პროკურორი საუბრობს, 187-ეა სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ, მისი მე-2 ნაწილი — „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე“.
პროკურატურა არჩილ მუსელიანცს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერის კაბელებისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავება. პირველი ივლისის სხდომაზე პროკურორს წარმოდგენილი ჰქონდა დამწვარი კაბელები, „შემთხვევის ადგილიდან აღებული ანაწმენდები“, დამწვარი ტანსაცმელი, რაც ბრალდების თქმით, არჩილ მუსელიანცს ეცვა.
ბოლო ორი სხდომა გაიმართა მინის კარ-ფანჯრიანი ბარიერით გაყოფილ დარბაზში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მეთერთმეტე დარბაზში დამსწრეებისთვის ბარიერს მიღმა ნათქვამი სიტყვების მოსმენა ფაქტობრივად შეუძლებელია. ხმის გამაძლიერებელი ჩართული და სამუშაო მდგომარეობაში თითქმის არასდროს არის და არც ხმის გამართვის შესახებ ჟურნალისტების მოთხოვნას მოაქვს შედეგი. 19 ივნისის სხდომა სწორედ ამის გამო ატეხილი ხმაურის გამო დარჩა დამსწრეთა გარეშე. ნაწილი გააძევეს, ნაწილმა, მათ შორის მედიამ, დარბაზი თავისი ნებით დატოვა.
ნაწილობრივ დახურული იყო პირველი ივლისის სხდომაც. დაესწრო მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი, საიას წარმომადგენელი, არჩილ მუსელიანცის დედობილი და კიდევ ერთი ახლობელი, რომლებიც ადვოკატის შუამდგომლობითა და არჩილ მუსელიანცის თხოვნით შემოუშვეს, როგორც არა „ამრევი“ პიროვნებები.
როგორც ყველა სხვა საქმეში და ყველა სხვა შემთხვევაში, ფორმალურად გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიების სახე — პატიმრობა. იმის მოლოდინი, რომ განაჩენის გამოცხადებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე ციხიდან გამოუშვებდნენ, არც არჩილ მუსელიანცს ექნებოდა. მოსამართლე არევაძემ ის პატიმრობაში დატოვა.
„არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ რეჟიმთან, რეჟიმის პროკურატურასთან, რეჟიმის უწყებებთან. რაც გინდათ, ის გიქნიათ. ჩაკეტილი ვარ, მეტს რას მიზამთ?!“ — ასეთი იყო არჩილ მუსელიანცის გამოხატული პოზიცია ჯერ კიდევ იანვრის პროცესებზე და მას მერე აზრი არ შეუცვლია.
არჩილ მუსელიანცი 30 ნოემბერს დააკავეს. 3 ივნისს სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმე პოლიციელმა, ვანო გავაშელიშვილმა, რომელიც ჰყვებოდა, რომ 29 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფორმის გარეშე, ოპერატიულ დავალებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, დავალება საზოგადოებისთვის საშიში ადამიანების აღმოჩენას გულისხმობდა. შეამჩნია „აჟიტირებული, აგრესიული“ ადამიანი, რომელიც იგინებოდა და სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული. მაგრამ რაღაც ხნის შემდეგ წყალი დალია, ამ დროს ჩამოიწია ნიღაბი და მოწმე პოლიციელის თქმით, სწორედ ამ დროს გადაუღო ფოტო ამ ადამიანს.
გავაშელიშვილი ჰყვება, რომ უკვე მოგვიანებით სოციალურ ქსელში გადააწყდა „პოსტივის“ მიერ განთავსებულ ვიდეოს, სადაც მის მიერ დაფიქსირებული ადამიანი სათვალთვალო კამერების კაბელებს უკიდებდა ცეცხლს. შემდეგ კი შსს-ს ბაზების გამოყენებით, სახის ამომცნობი პროგრამის დახმარებით, მოახდინა არჩილ მუსელიანცის იდენტიფიცირება. მოწმის მიერ აღწერილი და ფოტოებსა და ვიდეოჩანაწერში ასახული პირის მსგავსება დაადგინეს გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზის მონაწილეებმა.
საქმეში მტკიცებულებებად არის წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, სადაც ისმის ადამიანის ხმა, რომელიც სათვალთვალო კამერას აზიანებს, — „წაეკიდა, ახლა ზამეკანიას მისცემს“. ჩანაწერის ხმა და მუსელიანცის ხმა გამოძიებამ ერთმანეთს შეადარა და ექსპერტმა სასამართლოში განაცხადა, რომ ხმა ჩანაწერიდან არჩილ მუსელიანცს ეკუთვნის.
ჯერ კიდევ დეკემბერში, მუსელიანცისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი ნეტგაზეთს უყვებოდა, რომ პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, აიძულებდნენ, დაესახელებინა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, როგორც წამხალისებლები და დავალების მიმცემები.
„ამ ადამიანს არც ცოლი ჰყავს, არც შვილი ჰყავს, არც დედ-მამა – არავინ არ აბადია დედამიწის ზურგზე. საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ ვერ გამოიყენეს, რისთვისაც სჭირდებოდათ … შეიძლება არც დაეკავებინათ სისხლით, თუკი მიაღწევდნენ იმ გარკვეულ მიზანს და გაეშვათ, მაგრამ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, თუ იმას წამოეგებოდა, რასაც ეუბნებოდნენ, მაგ შემთხვევაში ციხეც შერჩებოდა და პლუს, ამის ჩვენებასაც გამოიყენებდნენ რომელიმე პარტიის ლიდერის წინააღმდეგ. ეს იყო ამის დაკავების ერთადერთი მიზანი. მეტი არაფერი”, – ამბობდა დიმიტრი ვარდიშვილი არჩილ მუსელიანცის პატიმრობის პირველ თვეებში.
ახალგაზრდას, რომელსაც არავინ ჰყავდა, ახლა მთავარი გულშემატკივარი ცარო ოშაყმაშვილის სახით ჰყავს. ქალის, რომელმაც არჩილი საპროტესტო აქციებზე გაიცნო და შვილობილს ეძახის. მან ითავა არჩილ მუსელიანცისთვის ოჯახის მაგივრობის გაწევა, ატარებს მის ფოტოებს აქციებზე, დადის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრთა შეკრებებზე, აქციებზე, მარშებზე, როგორც არჩილის დედობილი. არცერთი სასამართლო სხდომა ჩაივლის მის გარეშე. მან იზრუნა, რომ 29 წლის არჩილ მუსელიანცი ციხეში ახლა მისაღები გამოცდებისთვის მეცადინეობს.
„მე ვარ არჩილ მუსელიანცის გულშემატკივარი. მას არ ჰყავს მშობლები, ნათესავები. მე ვცდილობ, რომ გვერდით დავუდგე, გავამხნევო და ვიზრუნო. მე ვიცი, როგორი ნიჭიერი ბიჭია და შევთავაზე, რომ ჩაებარებინა უმაღლესში. ვუგზავნი წიგნებს, მეცადინეობს. […] ვერავინ შედის მასთან. 6 წელიც რომ მისცენ ციხე, გამოდის, რომ ვერავინ ნახავს. წერილით მომიყვა, როგორი მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ახსენებს, რომ ესიზმრება, როგორ დგას აქციაზე“, — უყვებოდა ცარო ნეტგაზეთს მაისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.
მომდევნო და მაღალი ალბათობით ბოლო სხდომა არჩილ მუსელიანცის საქმეზე 22 აგვისტოს, 11:00 საათზე დაინიშნა. რაც წინასწარ ზუსტად ვიცით, მომდევნო სხდომაზე დაცვის მხარე წარმოადგენს თავის დასკვნით სიტყვას და სავარაუდოდ, ამავე სხდომაზე გამოაცხადებს განაჩენს მოსამართლე გიორგი არევაძე.
მომდევნო სხდომამდე ჩვეულებრივზე დიდი შუალედი განაპირობა იმან, რომ მოსამართლეს შვებულება აქვს დაგეგმილი. მოსამართლე გიორგი არევაძე 2008 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.