ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის განაჩენს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი 28 ივლისს გამოაცხადებს. დღეს, 25 ივლისს, გიორგი ახობაძემ მოსამართლეს და საზოგადოებას სასამართლოზე თავისი ბოლო სიტყვით მიმართა.

„ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით მიღებული მორიგი რეპრესიული კანონის გამო, რომლითაც სასამართლოს ტერიტორიაზე ვიდეო, ფოტო და აუდიოგადაღება აიკრძალა, ახობაძის ბოლო სიტყვის მოსმენა მხოლოდ იმ 30-მდე ადამიანმა შეძლო, ვინც დარბაზში დაეტია.

“ნეტგაზეთმა” სხდომიდან “ლაივ-რეჟიმში” შემოგთავაზათ რეპორტაჟი, რომელსაც შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

ქვემოთ შემოგთავაზებთ ახობაძის დასკვნითი სიტყვის ძირითად აქცენტებს:

“წინა სხდომაზე წინასწარ გამოავლინეთ განწყობა ჩემი საქმის მიმართ [მიმართავს მოსამართლეს]. აუცილებლად უნდა ვისაუბრო მოტივზე, რის გამოც ციხეში ჩამსვეს. ეს საქმე რუსული რეჟიმის მსახური, მხდალი, შეშინებული ადამიანების რევანშია ჩემ მიმართ. ამას მიფიქსირებდნენ დაკავების მთელი პროცესის მანძილზე. ეს არის მათივე ნათქვამი და მრავალჯერ აქვთ პირადად ნათქვამი ჩემთვის პოლიციელებს დაკავების შემდეგ გამოძიების სხვადასხვა ეტაპზეც.

ჩემს მანქანაზე, სახლის ფასადზე, გირჩი – მეტი თავისუფლების ოფისის ფასადზე იყო წარწერები, პლაკატები, ცილისწამება. მოიფიქრეს სტანდარტული და ბანალური ჩადების საქმე, რაშიც განსაკუთრებულად დახელოვნებულები არიან. ეს არის შსს-ს სავიზიტო ბარათი. ამ შესაძლო რევანშის შესახებ მაქვს ორი ვიდეო ჩაწერილი და მათგან ერთი დაჭერის წინა დღეს. რევანშში ჩართულები არიან პოლიციელები, პროკურორი, მოსამართლეები”, — ასე დაიწყო თავისი სიტყვა ბრალდებულმა, თუმცა მოსამართლემ შეაწყვეტინა და შენიშვნა მისცა.

„სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით ლაპარაკი მსგავსი კონტექსტით ამოიღეთ და ისე განაგრძეთ“, — უთხრა ბრალდებულს რომეო ტყეშელაშვილმა.

„ეს ფაქტია“, — თქვა ახობაძემ და განაგრძო — „ჩემს ყველა თანამებრძოლს მინდა გითხრათ, სისტემის მონა მსახურებს ჩვენი ეშინიათ, მიუხედავად იმისა, რა პოსტს იკავებენ „ბორინკა რადნოის“ კარზე. გარედან ეს არ ჩანს. გარედან თითქოს ბრუტალურები არიან. მაგრამ ეგეც დიდი შიშის გამოხატულებაა. თუ ჩემს სიტყვას ენდობით, როცა მიჭერდნენ, ყველაზე სასიამოვნო იმის ცქერა იყო, ჩვენგან დამარცხებულები როგორი ქანცგაწყვეტილები, ღირსებააყრილები იყვნენ [პოლიციელები]. ასე იცის მტრის მსახურებამ, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წასვლამ. ასე იცის, როცა საკუთარ ღირსებას სიბინძურეში ახრჩობ. ეს დაემართათ პოლიციელებს. გულწრფელად მებრალებიან. ძნელია, თან ცოცხალი იყო და თან აცნობიერებდე, რომ მორალური გვამი ხარ.

ჰგონიათ, ჩვენ გვასამართლებენ, მაგრამ საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი. ამათ საუბედუროდ, დახვრეტა აღარ არის. და ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით, რომლებიც გააქრეს მე-20 საუკუნის დასაწყისში, ჩვენ ცოცხლები დავრჩებით. წულუკიანები ჩვენ დახვრეტას ვერ მოგვისჯიან. თითოეულ ჩამქრალ ოცნებაზე პასუხს მოგთხოვთ. გარუსებულ ქართველებს ეს ქვეყანა არ დარჩებათ. თუ მე ამის უფლება მაქვს, მინდა ბრძოლისკენ მოგიწოდოთ და ეს მზია ამაღლობელის სიტყვებით გავაკეთო. „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, — ეს ის სიტყვებია, რომელიც სულ ყურში მესმის და ის შინაარსია, რომელზეც წლებია ვსაუბრობ. მტერი და საფრთხე კარგად შეფუთულია, ჰიბრიდულია და ზოგისთვის ძნელად აღსაქმელი. ზუსტად ამიტომ არის მზიას ეს ფრაზა დასაფიქრებელი. თუ დავაგვიანებთ, შედეგი იქნება დრამატული და ძნელად გამოსასწორებელი. ამიტომ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ, სანამ გვიანი არ არის. ბოლოში მაინც ჩვენ მოვიგებთ.

[…] ციხით გვაშინებენ, მაგრამ მე გეტყვით, რომ ციხე არაა საშიში. ციხეში ის იცვლება მხოლოდ, რომ საბრძოლო ფართობი პატარავდება. ჩემი ბრძოლა ამ 20 კვადრატულ მეტრ საკანში ვერ ეტევა და ეგაა ჩემი დისკომფორტი. ამათ ჰგონიათ, თავისუფლება შემიზღუდეს, მაგრამ მხოლოდ ბრძოლის ველი დამიპატარავეს. ჩემს თავისუფლებას ვერც ვერავინ შეზღუდავს და ვერც ვერავინ წამართმევს.

[…] საქმე იწყება ყალბი პატაკით. მასში მოყვანილი ყველა ინფორმაცია სიცრუეა. ცრუ მოწმეები ამბობენ, რომ სანაპიროზე გაჩერებული მიპოვეს. სინამდვილეში გამაჩერა პატრულმა, მანქანიდან გადმოსვლა მომთხოვა, გადმოსვლისას თავს დამესხნენ კრიმპოლის თანამშრომლები და ფიზიკური ძალადობის ფონზე ჯიბეში ნარკოტიკი ჩამიდეს. ამ ოპერაციას ესწრებოდა სამმართველოს უფროსი და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რომლებიც, პატრულთან ერთად, საერთოდ გააქრეს საქმიდან. სამმართველოს უფროსს საჯაროდ შევთავაზე, გაესაჯაროებინა საკუთარი მოძრაობის ტრაექტორია იმ ღამეს, ან სატელეფონო ანძების ამონაწერი [გიორგი გურეშიძეს].

[…] იყო კონტაქტი კიდევ ერთი მაღალჩინოსანთან, ლევან მაისურაძესთან. ჩხრეკისას უკანონოდ მოიპოვეს ჩემი ნერწყვის ნიმუში და მათსავე ჩადებულ და მერე ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალების შესაფუთ მასალაზე გადაიტანეს. მათ ევალებოდათ ჩხრეკის გადაღება და/ან ნეიტრალური მოწმის მოყვანა. რაც არ გააკეთეს. იტყუებიან, რომ მხოლოდ ექვსნი იყვნენ [3 გიორგი ახობაძესთან და 3 მის მხლებელ ლევან ბერიძესთან] და ამიტომ ვერ მოახერხეს ვერც გადაღება და ვერც მოწმის მოყვანა. ხელი არ გვეყოო.

[…] როგორც კი ჯიბეში ჩამიდეს და მერე ამოიღეს ეს თავისი ნაგავი, წესიერად აღარც მანქანა უჩხრეკიათ, აღარც სახლი.

[…] ერთ-ერთი პოლიციელი, სახლში ჩხრეკაზე მიყვანილი, ვერც სახლს აღწერს, ვერც ეზოს, ვერც სადარბაზოს, ვერც სართულს და აქ ჰყვება ჩემი ოთახის გაჩხრეკაზე, რომელიც ცხოვრებაში არ მქონია. ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკების აქტიური შემძენ-მომხმარებელი ვარ. მაგრამ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება. არც ნარკოტესტირება ჩამიტარეს, მიუხედავად ჩემი შეთავაზებისა. შევთავაზე თმისა და ფრჩხილის შესწავლა, მინიმუმ სამი თვის [მოხმარების შემთხვევაში] მონაცემს იძლევა.

[…] აღკვეთის ღონისძიება [პატიმრობა] იყო სისტემის ყველაზე არაადამიანური აქტი. მკვლელმა პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა და მკვლელმა მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა ყველანაირი საფუძვლის გარეშე… მძიმედ ავადმყოფ დედაჩემს მოსწყვიტეს ერთადერთი მომვლელი შვილი. არც მე მომცეს საშუალება დედასთან მისი ცხოვრების ბოლო დღეები გამეტარებინა. სასამართლოს შევთავაზე ნებისმიერი ზომის გირაო და შინაპატიმრობა…” — აქ მოსამართლე ტყეშელაშვილმა კიდევ ერთხელ გააწყვეტინა ბრალდებულს ბოლო სიტყვა და შენიშვნა მისცა აღელვებისა და ხმამაღალი საუბრისთვის.

„რატომ ღელავთ, ვერ გავიგე?!“ — ასეთი იყო მოსამართლის რეპლიკა გიორგის მისამართით.

„პროკურორს ევალებოდა გამოძიების სრულყოფილად წარმოება. ლოგიკურია, რომ როცა ნივთს ჯიბეში იდებ, ხელით  იდებ, სხვა კიდურებით ვერ ჩაიდებ. ნარკოტიკზე ჩემი თითების ანაბეჭდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ექსპერტიზა არ დანიშნეს და ჩაატარეს ყალბი ექსპერტიზა, ანაწმენდით, რის შემდეგაც ანაბეჭდს ვერ აიღებ. პროკურორმა მოიპოვა საექსპერტო დასკვნა გაყალბებული დნმ-ის კვალზე და შესაძლებლობა მოგვისპო დაგვემტკიცებინა, რომ ნარკოტიკის შესაფუთზე ჩემი თითის ანაბეჭდები არ იყო. ჩვენი ექსპერტიზით დავამტკიცეთ, რასაც ვამბობდი პირველივე წამიდან, რომ ხელთათმანებით სანაპიროზე მომპარეს ნერწყვი და დაიტანეს შესაფუთზე.

არ მოგვცეს წვდომა 112-ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე. […] მოწმეთა ჩვენებებში ცხადად ჩანს ტყუილები. იმისათვის, რომ გაამართლონ ყალბი ჩხრეკის ოქმი, საკუთარ თავს წარმოაჩენენ უსუსურ და არაკომპეტენტურ არსებება. სასამართლოდან გააპარეს გამომძიებელი [გრიგოლ კაჭკაჭიშვილი] პროკურორმა და მოსამართლემ პროცესიდან.

[…] ჩემს საბოლოო სიტყვაში გავყვები პროკურორის არგუმენტებს: პატაკი ყალბია და შედგენილია მას შემდეგ, რაც გადაგვიყვანეს კრიმინალურ პოლიციაში მე და ლევან ბერიძე. ღმერთმაც არ იცოდა, რომ ლევანს შევხვდებოდი და მას სახლში წავიყვანდი. ეს გაირკვა და დაიგეგმა რამდენიმე წამით ადრე, სანამ პატრული გაგვაჩერებდა.

[…] პატაკში წერია, რომ მე ვარ ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი. პროკურორმა ვერ წარმოადგინა ვერც ჩემი მოხმარების და ვერც შეძენის ფაქტები. მე სუფთა ვიყავი. 2019 წლის შემდეგ არავითარი ჩანაწერი ამაზე ჩემს პირად საქმეში არ არის. მე ვამბობ, რომ მქონდა ჯანმრთელობის ეს პრობლემა წარსულში, რაც დავძლიე და ვამაყობ ამით. არავის მივცემ უფლებას, წარსულში ჯანმრთელობის ამ პრობლემის გამო მუდმივად სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას მიწევდეს. ამორალურია ეს. იგივეა, წარსულში ფილტვების ანთების მქონე ადამიანს მთელი ცხოვრება წამოაძახო, შენ წარსულში ფილტვების ანთების გამო სუნთქვა გაგიჭირდება და ვერ ირბენო. იგივეა, ადამიანს წამოაძახო, ბავშვობაში პამპერსი გეცვა და ახლაც ვერ იკავებ ექსკრემენტებსო.

[…] პროკურორმა თავის დასკვნით სიტყვაში უხერხულობის შედევრი შექმნა. რაც ახსნა ვერ მოუძებნა თავისი მოწმეების ტყუილებს, თითქოს არაადეკვატურად ვიყავი გაჩერებული სანაპიროზე, როცა დამაკავეს. მოიგონეს მორიგი ტყუილი, თითქოს იქ მოვიპოვე ნარკოტიკული საშუალება სამალავიდან. სასაცილოა. თურმე, ამხელა რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება მოვიპოვე და ვიდექი შუა ქუჩაში. თან, ეს თურმე იცოდა გასულ საღამოს ინფორმატორმა, რომ იქ გავძეგლდებოდი. მგონი, შეურაცხადის შთაბეჭდილებას არ ვტოვებ. ეს არც ექსპერტიზას დაუდგენია.

სინამდვილეში, სანაპიროზე მოძრავი გამაჩერა პატრულმა და ჩემი თავი კრიმპოლს დაუთმო. ამის შემდეგ იწყება ძალადობა კრიმპოლის მხრიდან, დაახლოებით 6 კაცი მესხმის თავს, მიგრეხენ ხელებს ზურგსუკან და პირქვე მათავსებენ მანქანის კაპოტზე და პროკურორს პრეტენზია აქვს, რატომ ვერ დავინახე საპატრულოს ბორტის ნომერი ამ პოზაში. ამ დროს მყისიერად ვგრძნობ ხელის შეხებას ჯერ უკანა ჯიბესთან და მერე რაღაცის ჩაცურებას წინა ჯიბეში.

[…] გადამიყვანეს მერე და მიყუდებული ვარ ხეზე. რადგან მძაფრი ღელვის გამო, მეწყება კანკალი. ხერხემლის ტრავმის გამო მქონდა ოთხივე კიდურის დამბლა და ნარჩენი ჯანმრთელობის ქრონიკული მდგომარეობის, ნეიროპათიის გამო მიჭირს დგომა და მოძრაობა. ფეხები არ ექვემდებარებიან ნებით კონტროლს. ამას ხედავდნენ. მისვამენ კითხვას, რა მჭირს. დეტალურად ვუხსნი. მერე სასამართლოში ამბობდნენ, რომ მაკავებდნენ, რომ ქუჩაზე არ გადამერბინა. რევაზ ზირაქაშვილმა ისაუბრა ამაზე აქ. მე სირბილი საერთოდ არ შემიძლია. იმ დროს ფეხზე ძლივს ვიდექი. მთელი სხეული მიკანკალებდა. გაცნობიერებული მქონდა, რომ ჯიბეში მომითავსეს რაღაც უკანონო. ჩაფრენილები მყავდნენ პოლიციელები აქეთ-იქიდან. შემდეგი ტყუილი მათი და მანქანების რაოდენობაა. ამბობენ, რომ იყვნენ 6-ნი 3 მანქანით. სინამდვილეში, იყვნენ 10-ზე მეტი და 5 მანქანით”, — ჰყვება ახობაძე.

ის ისევ იხსენებს, რომ სანაპიროზე იმყოფებოდა გიორგი გურეშიძე, რასაც ბრალდება და პოლიციელები უარყოფენ. გურეშიძე კრიმპოლში სამმართველოს უფროსია, რომელიც მისთვის ნარკოტიკების ჩადების ოპერაციას ხელმძღვანელობდა და გიორგიმ სასამართლო სხდომიდან ამხილა, როცა მისი გვარ-სახელი დაადგინა. გარდა ამისა, ახობაძემ ილაპარაკა ჩხრეკის ოქმის სიყალბეზე, რომელშიც ნათქვამია, რომ სამი ადამიანი იმყოფებოდა გიორგისთან, აკავებდა მას და არ ჰქონდათ ვიდეოს გადაღების საშუალება, არც ნეიტრალური მოწმეების მოპოვების, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ავალდებულებს პოლიციას.

„შსს-ს ყველა ვიდეოში ჩანს, რომ ეჭვმიტანილის ფიქსაციას, რომ არ მოიშოროს ნივთმტკიცება, აკეთებს ხოლმე 2 ოპერატიული თანამშრომელი. აქ მითხრეს, რომ ეფექტური კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ჰქონდათ უფლება, რომ იარაღის მოთხოვნის ქვეშ დაედოთ ხელბორკილებიც. უზრუნველეყოთ, რომ არც გავქცეულიყავი და არც რამე გადამეგდო, თუ მქონდა. ობიექტურმა დამკვირვებელმა უნდა დაიჯეროს, რომ თუნდაც 6-მა თანამშრომელმა ვერ მოახერხა, ორი ადამიანი გაეჩხრიკა და გადაეღო?

ამ ბოდვას არავინ დაიჯერებს. პროკურორს წამოსცდა სიმართლე, რომ ეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა საპროცესო კოდექსის დარღვევებით. მერე გადათქვა. სასამართლოში გვიპასუხეს, რომ ხალხი აკლდათ და სხვა თანამშრომლები იმყოფებოდნენ რუსთაველზე. აქციაზე იყო მშვიდობა მაგ ღამეს და არავითარი მობილიზაცია იქ არ ყოფილა.

ალექსი კობერიძის ჩვენებიდან უნდა აღვნიშნო ერთი კურიოზული გამორჩენა. პროკურორმა მითხრა, ლევან ტაბიძე როგორ არ გახსოვსო. პროკურორს ვთხოვ, ჩახედოს საქმის მასალებს და ნახოს ალექსი კობერიძის ჩვენება, რომელიც არ ახსენებს ლევან ტაბიძეს. ვჩაგრავთ ამ კაცს? მასაც გამორჩა?

როგორი ყალბი პატაკიც დაკავების მერე დაიწერა, ეს ჩვენებებიც საქმის კერვის პარალელურად იწერებოდა. სევდიანი საყურებელი იყო, როგორ ცდილობდნენ ერთ მუშტად შეკრული პროკურორი, პოლიციელები და მოსამართლეები, ეს საქმე ეცოცხლებინათ”, — თქვა გიორგი ახობაძემ.

რომეო ტყეშელაშვილმა მორიგ ჯერზე შეაწყვეტინა სიტყვა ბრალდებულს და მიუთითა, რომ მისი სიტყვა შეურაცხმყოფელია სასამართლოს მიმართ.

„საბოლოოდ გაფრთხილებთ, რა წუთს დამაკნინებელს, შეურაცხმყოფელს იტყვით სასამართლოს მიმართ, გაბრძანდებით და უთქვენოდ გაგრძელდება სხდომა”, — უთხრა ბრალდებულს მოსამართლემ.

ახობაძე აგრძელებს და აღწერს შეუსაბამობებს პროკურატურის ვერსიაში სანაპიროზე მყოფი პოლიციელების რაოდენობასთან დაკავშირებით, გზადაგზა რომ იცვლებოდა საქმეში და „სწორდებოდა“ შეცდომები. ახობაძე დაბეჯითებით ამბობს, რომ ადგილზე არა 6 პოლიციელი, როგორ პროკურატურა ამტკიცებს [სამი მასთან და სამი მის მეგობარ ლევან ბერიძესთან], არამედ იყო ხუთი მანქანა და 10-ზე მეტი პოლიციელი.

გარდა ამისა, გიორგი აღწერს ასევე იმ წვრილმან შეუსაბამობებს, რაც სინამდვილეში იყო და რას ჰყვებოდნენ პოლიციელები, მაგალითად, მის მანქანასთან და ბინასთან დაკავშირებით. ეს წვრილმანი შეუსაბამობები ხილვადი და აღქმადი გახდა სასამართლოს სხდომებზეც, რაც სრულიად ნეიტრალური ადამიანისთვისაც კი აჩენს კითხვებს პოლიციელების ნებისმიერი ნათქვამის სანდოობის მიმართ.

„ნორმალურ ქვეყანაში პროკურორი გამოითხოვდა გურეშიძის სატელეფონო ჩანაწერებს, როგორ ეკონტაქტებოდა მაღალჩინოსნებს და იღებდა მითითებებს. პროკურორს რომ ობიექტური გამოძიება ეწარმოებინა, დაადგენდა, რომ პოლიციელები იტყუებიან“, — განაცხადა მან.

ახობაძემ გაიხსენა პროკურატურის მიერ მოყვანილი ექსპერტის, მოწმე შორენა კვიცარიძის ჩვენებაც, რომელმაც დაადგინა, რომ გიორგისგან „ამოღებული“ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე მისი დნმ იყო. ოღონდ არ უკვლევია, რა ბიოლოგიური მასალა იყო ნარკოტიკზე. ეს უკვე დაცვის მხარის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ სამხარაულში დაადასტურა გიორგის ნათქვამი, რომ იქ ნერწყვი იყო — ის ბიოლოგიური მასალა, რაც პოლიციელმა გრიგოლ კაჭკაჭიშვილმა ხელთათმანებით აუღო პირის ღრუდან სანაპიროზე და გადაიტანა პოლიციის მიერვე ჩადებულ ნარკოტიკზე.

„გამოძიება და პროკურატურა აიხლართა საკუთარ ვერსიებში და ვერ წარმოადგენენ არგუმენტებს. იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო გამამართლებს. მადლობა ყველას ჩემი მხარდაჭერისთვის და მადლობა ჩემს ადვოკატებს”, — ასე დაასრულა თავისი დასკვნითი სიტყვა გიორგი ახობაძემ.

დარბაზში ტაშის მცდელობა იყო. თუმცა სიმკაცრით ცნობილმა მოსამართლე ტყეშელაშვილმა მათ ამის უფლება არ მისცა.

გიორგი ახობაძე 8 დეკემბერს, ნაშუაღამევს, საპროტესტო აქციიდან მიმავალი დააკავეს. მან დაკავების შემდეგ, ადვოკატთან შეხვედრისთანავე თქვა, რომ იგრძნო, როგორ ჩაუცურეს ჯიბეში ნარკოტიკი. ბრალდებულია 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში — განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. ემუქრება 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა.

„თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რას უნდა დააყრდნოს მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი. დღეს კიდევ ერთხელ ამხილა გიორგი ახობაძემ, რომ მას ნარკოტიკული საშუალებები საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა ჩაუდეს. ბრალდების მხარეს არანაირი ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოში. მაგრამ წინა კვირების გამოცდილებიდან გამომდინარე, იმ ადამიანების მსგავსად, ვინც აქციებში მონაწილეობის გამო არიან დაკავებულები, გიორგისაც არ აქვს დიდი მოლოდინი და მეც არ ველოდები, რომ მოსამართლე მიიღებს გამამართლებელ გადაწყვეტილებას“, — გვითხრა სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ახობაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ.

ამავე თემაზე: