დასრულდა სამუშაო კვირა რეჟიმის სასამართლოში, სინდისის პატიმრების 10-ზე მეტი პროცესით, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად და მიყოლებით შედგა. ერთ-ერთი ბოლო პროცესი ექიმ-ანესთეზიოლოგ გიორგი ახობაძის საქმე იყო. დაიკითხა პოლიციელი, რომელიც ამტკიცებს, რომ რამდენიმე პოლიციელმა ისე გაჩხრიკა ახობაძე ქუჩაში და ისე „ამოუღო გაურკვეველი ნივთიერება“, რომ ვერც ნეიტრალური მოწმე იშოვა ჩხრეკისთვის და ვერც ტელეფონით გადაღება მოახერხა.
გიორგი ახობაძე 8 დეკემბრის ღამეს, საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. მან დაკავების შემდეგ, ადვოკატთან შეხვედრისთანავე თქვა, რომ იგრძნო, როგორ ჩაუცურეს ჯიბეში რაღაც. ბრალდებულია 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში — განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. ემუქრება 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა.
ახობაძის პროცესი 8 მაისს, 12 საათზეა დანიშნული. დარბაზი N13. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია.
მე-13 დარბაზი ძალიან პატარა ზომისაა. შენობის მეორე ბოლოში, ყველაზე დიდ, N1 დარბაზში პარალელურად 11 პირის საქმის განხილვა იწყება, რომელთაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. 11 ბრალდებულს, ბუნებრივია, რომ გულშემატკივრების მეტი რაოდენობა ელოდება. მაგრამ აქვე არიან გიორგი ახობაძისთვის სრულიად უცხო ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მას შეიძლება დარბაზში ცოტა გულშემატკივარი დახვდეს და ამიტომ პროცესზე დასასწრებად და მის გასამხნევებლად მე-13 დარბაზისკენ უხვევენ.
ამ მცირე დარბაზისთვის იმდენი ადამიანი გროვდება, მანდატურ ქალს, რომელიც გულისხმიერებაში შემჩნეული გვყავს, ჟურნალისტები ვთხოვთ, რომ პირველები შეგვიშვას, წინ განთავსება და მოსმენა რომ შევძლოთ — სასამართლოში ხმისა და სმენადობის პრობლემა ძალიან ხშირად დგას. გიორგი ახობაძე წინა დღით 44 წლის გახდა, დარბაზი მას ტაშით და შეძახილებით ხვდება — „გიორგი, გილოცავთ!“
პროცესი პირდაპირ მოწმის ჩვენებით იწყება. პოლიციელი, რომელიც პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა მოწმედ წარმოადგინა, რევაზ ზირაქაშვილია. ერთ-ერთი ის პირი, რომელიც ახობაძის ჩხრეკასა და დაკავებაში იღებდა მონაწილეობას.
რატომ არის მოწმე პოლიციელ ზირაქაშვილის ჩვენება არადამაჯერებელი და რატომ უწოდებენ მას ცრუმოწმეს?
ზირაქაშვილი სასამართლოზე ჰყვება, რომ გამოძიება დაიწყო 7 დეკემბერს, პატაკის საფუძველზე. საქმის მასალების მიხედვით, ეს დეტექტივ გიორგი ხარგელიას პატაკია, სადაც წერია, რომ მის მიერ მიღებული „ოპერატიული ინფორმაციით“, გიორგი ახობაძე არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი, სისტემატურად ეწევა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას და თანმხლებ პირთან ერთად, 2024 წლის 08 დეკემბერს, 01:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდში, ავტომობილით უნდა გადაადგილდნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. პატაკის მიხედვით, წყარო არის სანდო, რადგან მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყოველთვის „რეალიზებულია“ ხოლმე.
ზირაქაშვილის თქმით, დაახლოებით 9 საათზე განყოფილებიდან 3 მანქანით 6 ადამიანი გავიდა: თავად ზირაქაშვილი, ალექსი კობერიძე, ლევან ტაბიძე, გრიგოლ კაჭკაჭიშვილი, ნარიმანიძე და მასურაშვილი. მისი თქმით, 4 საათი გადაადგილდებოდნენ, დადიოდნენ წრეზე და ეძებდნენ მარჯვენა სანაპიროზე გიორგი ახობაძის მანქანას, რომელიც თამარ მეფის ხიდზე შეამჩნიეს უკვე ღამის პირველ საათზე. ზირაქაშვილის თქმით, მანქანა გაჩერებული იყო, გიორგი ახობაძეც მანქანიდან იყო გადმოსული და სახეზე იცნო განყოფილებაში ნანახი ფოტოდან.
ზირაქაშვილი ჰყვება, რომ ის, კობერიძე და ტაბიძე გიორგი ახობაძის ჩხრეკაში იღებდნენ მონაწილეობას. ზირაქაშვილი ყურადღებას აქცევდა და აკავებდა ახობაძეს, რომ მას რამე არ მოემოქმედებინა. თუმცა თავადვე აღნიშნავს, რომ ახობაძე წინააღმდეგობას არ უწევდა და ამის მცდელობაც არ ჰქონია. კობერიძე უშუალოდ ჩხრეკდა, ტაბიძე კი ოქმს ადგენდა. დანარჩენი სამი თანამშრომელი რამდენიმე მეტრის მოშორებით ახობაძის თანმხლებ ლევან ბერიძეს ჩხრეკდა. და აქედან იწყება მთავარი, რის გამოც ითვლება და მინიმუმ საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ რეჟიმი გიორგი ახობაძეზე შურისძიებას ცდილობს მისი პოლიტიკური აქტივობისა და საპროტესტო მოძრაობაში ჩართულობის გამო.
საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე წლის წინანდელი გადაწყვეტილებით, როდესაც ჩხრეკის საფუძველი ოპერატიული ინფორმაცია და ანონიმური წყაროა, ჩხრეკას უნდა ესწრებოდეს ნეიტრალური მოწმე და მიმდინარეობდეს ვიდეოგადაღება. მინიმუმ უნდა დასტურდებოდეს, რომ პოლიციელმა ყველა ზომა მიიღო ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ჩხრეკის გასამყარებლად. ამის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში. ეს ნორმა სწორედ იმას ემსახურება, რომ თავიდან იქნას არიდებული „ჩადება“ და თუ ის მაინც მოხდება, ბრალდებულს ჰქონდეს სამართლებრივი ბერკეტი, დაამტკიცოს თავისი სიმართლე.
გიორგი ახობაძის საქმეში არ არსებობს არცერთი კადრი, რომელიც ასახავდა მის ჩხრეკას და მისი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღებას, რაზეც გიორგი ამბობს, რომ პოლიციამ ჩაუცურა. არ არსებობს კადრი მანქანისა და სახლის ჩხრეკისა. არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, ვინც ჩხრეკას დაესწრებოდა.
ზირაქაშვილი ამბობს, რომ გადაღებისა და ნეიტრალური მოწმის საშუალება არ იყო, რის აბსურდულობის დამტკიცებასაც მთელი პროცესი მიეძღვნა. გამალებით ცდილობდა მოწმის დახსნას ადვოკატებისა და გიორგი ახობაძის კითხვებისგან პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი, მოსამართლის ხელშეწყობით.
მაგალითად, ჯვარედინი დაკითხვისას დამსწრეებმა გავიგეთ, რომ:
- უშუალოდ ზირაქაშვილს ტელეფონი, ვიდეოგადაღების ფუნქციით, თან ჰქონდა. მაღალი ალბათობით, ასეთივე ტელეფონი ჰქონდა ყველა სხვა თანამშრომელს. ანუ ჩხრეკის პროცესის გადაღება თავისივე ტელეფონებით შეეძლოთ.
- ახობაძე და მისი თანმხლები პირი არ სწევდნენ წინააღმდეგობას, არ ჰქონიათ მსგავსი მცდელობაც კი, რომ მათ გასაკავებლად პოლიციელთა ჩართულობა ყოფილიყო გარდაუვალი აუცილებლობა და, შესაბამისად, ხელებიც ისე ჰქონოდათ დაკავებული, რომ ვეღარ მოეხერხებინათ ტელეფონით გადაღება.
- კონკრეტულად ზირაქაშვილს და მაღალი ალბათობით ყველა სხვა თანამშრომელსაც, თან ჰქონდა იარაღი, ბორკილები, კანონიერი ბრძანების გაცემის უფლებამოსილება — სხვადასხვა ბერკეტი ახობაძის შესაკავებლად, თუ მაინც მოინდომებდა წინააღმდეგობის გაწევას, მკვეთრი მოძრაობების კეთებას, გაქცევას, რაღაცის გადაგდებას. შესაბამისად, არ არსებობდა საჭიროება მისი იმგვარი კონტროლის, რომ გადაღება ვერ მოხერხებულიყო, როცა მას ჩხრეკდნენ.
- ახობაძეს აქვს გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა და გაქცევას მაინც ვერ შეძლებდა.
- საქმის მასალების მიხედვით, ახობაძისა და მისი თანმხლების ჩხრეკა ზუსტად ერთსა და იმავე წუთს დაიწყო. არადა, პოლიციას შეეძლო, მაგალითად, ლევან ბერიძე გამოეყენებინა, როგორც ნეიტრალური მოწმე ახობაძის ჩხრეკისას, მაგრამ ეს არ გააკეთეს.
- იმ დროს, როდესაც ახობაძეს ჩხრეკდნენ, ქუჩაში მოძრაობდნენ მანქანები და პოლიციას ასევე უპრობლემოდ შეეძლო ნებისმიერი მათგანის გაჩერება და მოწმედ დასწრება ჩხრეკაზე.
დაცვის მხარე ამბობს, რომ სინამდვილეში, გიორგი ახობაძე პოლიციამ ამ ეკიპაჟების მისვლამდე გააჩერა და მის დაკავებასა და ჩხრეკაში გაცილებით მეტი პოლიციელი იყო ჩართული. თუმცა, იმ პირობებშიც კი, მოწმის მიერ მიცემული ჩვენება და საქმის მასალები რეალობას რომ ასახავდეს, პოლიციას ყველა საშუალება ჰქონდა, რომ ჩხრეკა ნეიტრალური მტკიცებულებებით გაემყარებინა. ეს კი იმიტომ არ გააკეთა, რომ გიორგი ახობაძისგან „ამოღებული“ ნარკოტიკი პოლიციის ჩადებულია. მთელ ამ პროცესში გიორგი ამბობდა: „მე არაფერი მაქვს, ჯიბეში ნარკოტიკი ჩამიდეთ და ნუ მიდებთ ნარკოტიკს“.
გიორგი ახობაძისა და მისი მანქანის ჩხრეკის მერე, მოწმე ზირაქაშვილი, სხვა თანამშრომლებთან ერთად, ახობაძის სახლის გასაჩხრეკად წავიდა. სადაც გიორგის მწოლიარე დედა და კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. თავად ახობაძე და მისი მანქანა სანაპიროზე დატოვა და მის გადაყვანაში მონაწილეობა აღარ მიუღია.
გიორგი ახობაძე ყველა პროცესზე სარგებლობს სიტყვით გამოსვლის საშუალებით და ყოველთვის მომზადებულია კითხვების დასასმელად. ახლაც, ადვოკატებზე მეტად თუ არა, არანაკლებ მწვავეა და ინტენსიური მის მიერ მოწმის დაკითხვა, მაგრამ ამას არ აცდიან. პროკურორი ცდილობს მოწმეს შეეშველოს, მოსამართლე გიორგის აძლევს შენიშვნას, რომ მოწმეს ერთსა და იმავეზე ბევრჯერ ნუ ეკითხება და შეფასებებს ნუ აკეთებს.
გიორგის ღელვა ემატება, — „მე ვსვამ კითხვებს და ვერ ვიღებ პასუხებს. ვისმენ პროკურორის შუამდგომლობებს, რომ კითხვა ააცილოს მოწმეს. ღამე გავათენე, დილის 6 საათამდე, და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შევისწავლე. ამოვწერე უფლებები, რომელიც ამ თვეების განმავლობაში დამერღვა“.
ბადრაგი, რომელიც მანამდე იჯდა, ფეხზე დგება. „ნუ გეშინია, არაფერს ვიზამ“, — ეუბნება გიორგი ახობაძე.
დარბაზი პერიოდულად მოთმინებას კარგავს. სინდისის პატიმრების საქმეების განხილვებზე დამსწრე ადამიანების უმრავლესობას სასამართლოსთან შეხება აქამდე არ ჰქონია. მიმდინარე პროტესტის ფონზე, მათთვის კიდევ უფრო გაუგებარი და მიუღებელია სასამართლოში ქცევის წესები. მაგალითად, ის, რომ სანქცირებულ მოსამართლეებს ფეხზე უნდა წამოუდგნენ, უსიტყვოდ და ურეპლიკოდ, მოწიწებით უნდა უსმინონ პროკურორებს, რომლებიც დაცვას კითხვების დასმას არ აცდიან ან კითხვების არიდებას და “ცრუმოწმეებისთვის” პასუხებზე მინიშნებებს ცდილობენ. კიდევ უფრო ვერ იკავებენ თავს, როდესაც მოსამართლე ტონს უწევს და ბავშვებივით ტუქსავს, ემუქრება, რომ დარბაზიდან გააგდებს მათ და მეტიც, სხდომას საერთოდ დახურავს.
მოწმე თავისუფალია. დანარჩენების დაკითხვა აღარ ესწრება, პროცესი უნდა დასრულდეს. მანამდე კი გიორგისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა უნდა გადაისინჯოს. ყველა ხვდება, რომ ეს ფორმალობაა. პროკურორი ერთი ამოსუნთქვით ჩაარაკრაკებს, რომ არ გამოიკვეთა ახალი გარემოება, რაც განაპირობებდა პატიმრობის შემსუბუქებას. ადვოკატები იტყვიან, რომ პირიქით, პროკურატურის ვალია დაასაბუთოს, რის აღკვეთას ვერ მოახერხებს, მაგალითად, შინაპატიმრობა, და მოითხოვენ ახობაძის გათავისუფლებას, ვთქვათ, გირაოს სანაცვლოდ. მოსამართლე ორიოდე წინადადებით გაიზიარებს პროკურორის ნათქვამს, რომ არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და გიორგი ახობაძე რჩება პატიმრობაში. ყველაფერი ზუსტად ასე ხდება.
გიორგი დარბაზს ამხნევებს, კოლეგებს, ექიმებს მოუწოდებს, პატიმარ გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის საკითხი დააყენონ და მეტი ყურადღება მიაქციონ.
დაკავებამდე გიორგი ახობაძე მეგობართან ერთად უვლიდა დედას, პალიატიურ პაციენტს, რომელიც მისი ციხეში ყოფნისას გარდაიცვალა. „მე თქვენ გთვლით მკვლელად“, — ასე მიმართა დედის გარდაცვალების შემდეგ პროცესზე ახობაძემ პროკურორ შმაგი გობეჯიშვილს, — „არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის. არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ჩემს ყველა პაციენტს აქვს გავლილი. არცერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალისხმევის გარეშე, რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს სცდება და შეიძლება ჩემმა კოლეგებმა ზოგ შემთხვევაში ეს „წყლის ნაყვად” შემიფასონ, მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ მე 40 წუთის მაგივრად, ორი საათი არ შევწყვიტე მათი გადაუდებელი დახმარება, გულ-ფილტვის რეანიმაცია. და თქვენ, თქვენი დაუსაბუთებელი და უსისხლო, საერთოდ უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება, ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად ის ნაბიჯები გადამედგა, რომელიც ჩემს თითოეულ პაციენტს აქვს მიღებული.“
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას პროფესიული კარიერა 2012 წელს პროკურატურიდან იწყება. მოსამართლეობას ხელი 2020 წელს მიჰყო. 2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. განიხილავდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეს.
გიორგი ახობაძის მომდევნო პროცესი 21 მაისს, 13:30 საათზე დაინიშნა. დამსწრეები და გიორგი ახობაძე ერთმანეთის შემაგულიანებელი შეძახილებით ემშვიდობებიან. სასამართლოს ეზოში N13 დარბაზიდან გამოსულ ხალხს ის ადამიანებიც ემატებიან, რომელთაც პარალელურად მიმდინარე 11 პირის პროცესზე დაკარგეს მოთმინება და N1 დარბაზი დროზე ადრე დატოვეს.