ვაშინგტონში მომუშავე აზერბაიჯანელ-ამერიკელი ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, „მეგობარი აქტის“ საკითხს სამი სენატორი აფერხებს.

„MEGOBARI აქტს, ორპარტიულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც პუტინის პაიკებს სანქციებს უწესებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, აჭიანურებენ სენატორები: მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი. ჩემი ერთადერთი კითხვაა — რატომ?“, — წერს რაუფოღლუ.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, საუბარია სენატის გადატვირთული კალენდრის პირობებში კანონპროექტის დაჩქარებულად მიღებაზე, რასაც ერთსულოვნება სჭირდება და არა — საერთოდ დაბლოკვაზე, რისი შესაძლებლობაც მხოლოდ სამ დეპუტატს არ აქვს. თუ სენატორები ერთხმად შეძლებენ შეთანხმებას, მეგობარი აქტი სწრაფად იქცევა კანონად, სხვა შემთხვევაში კანონპროექტის განხილვა სტაბდარტული პროცედურით წარიმართება.

რენდ პოლი და მაიკ ლი ლიბერტარიანელ კონსერვატორებს განეკუთვნებიან. ქართულ სამთავრობო მედიებს გაშუქებული აქვთ მაიკ ლის განცხადებები, როდესაც ნატოს დატოვების ინიციატივით გამოვიდა; მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათის შემდეგ და თქვა, რომ ილონ მასკის მიერ მხილება „განგაშის სიგნალია დიფ სთეიტისთვის“.

რენდ პოლი ამბობდა, რომ საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამართლება არა, მაგრამ „მიზეზები აქვს“, და ორივე ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა. აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მან ჰკითხა, კვლავ უჭერს თუ არა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

რაც შეეხება მარკვეინ მალინს — ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. ის ბიძინა ივანიშვილს „რუსეთში გაწვრთნილ ოლიგარქს“ უწოდებდა და 2020 წელს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება „ფრონტერას“ მაგალითზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის გაუარესებული ეკონომიკური კლიმატისა და გაუარესებული დემოკრატიისთვის გააკრიტიკა.

„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც ჩართულია კორუფციაში, საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან განზრახ აფერხებს საქართველოს დემოკრატიული პროცესებს და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

კანონპროექტი დამტკიცებულია წარმომადგენელთა პალატის და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ. დარჩენილია კენჭისყრა სენატში.

რას ითვალისწინებს „მეგობარი აქტი“