ახალი ამბები

ბლინკენი: “თუ საქართველო კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს”

20 იანვარი, 2021 •
ბლინკენი: “თუ საქართველო კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს”

აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს და საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღება რუსეთთან ომს არ გამოიწვევს.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოსმენისას საქართველოს ნატო-ში გაწევრების პერსპექტივაზე ბლინკენს “რესპუბლიკელმა” სენატორმა კენტუკის შტატიდან რენდ პოლმა ჰკითხა, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მოწინააღმდეგეა. სენატორსა და სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის დიალოგს “ამერიკის ხმა” აქვეყნებს.

რენდ პოლი: „თქვენ მოუწოდებდით ნატოს გაფართოებისკენ. კვლავ უჭერთ მხარს ნატო-ში საქართველოს შეყვანას?“

ენტონი ბლინკენი: „თუ ქვეყანა, როგორიც საქართველოა, წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, დიახ, კარი ღია უნდა დარჩეს.“

— „ანუ, თქვენ ეს წარმატებით რომ გამოგსვლოდათ, ახლა რუსეთთან ომი გვექნებოდა.“

— „სიმართლე გითხრათ, საწინააღმდეგოს ვფიქრობ. როცა საქმე ნატო-ს წევრობას ეხება, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატო-ში არ არიან და [უსაფრთხოების] ქოლგის ქვეშ არ არიან მოქცეული. ეს აჩვენებს იმას, თუ რატომ არ ესხმის თავს რუსეთი [ნატოს წევრებს].

— “ეს წევრად დაამატებდა საქართველოს, რომელიც ოკუპირებულია და მეხუთე მუხლის მიხედვით, ჩვენ ომში ჩავერთვებოდით.“

— „კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, ჩვენ წარსულში ვიხილეთ, რომ ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრებიან არიან, რუსეთის აგრესიის ასეთი სამიზნე არ ყოფილან.“

— “ეს 20 წლის წინ შეიძლება საფუძვლიან არგუმენტად მიგვეღო. დღეს კი რუსეთს საქართველოს ნაწილი ოკუპირებული აქვს და არაპირდაპირ, მხარდაჭერილი ადგილობრივი ძალებით ოკუპირებული აქვს უკრაინის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანის ნატოში შეყვანა არა მხოლოდ პროვოკაციული ნაბიჯია, არამედ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, თუ რა იქნება შემდეგი. იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს ვალდებულება, ნატოს მოკავშირეები დავიცვათ, ეს იქნებოდა ხმის მიცემა ომისთვის. მე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხმას არ მივცემდი არავითარ შემთხვევაში, თუ იმისთვის მზად არ ვართ, რომ ჩემი ან თქვენი შვილები წავიდნენ საომრად საქართველოში.”

— ჩვენ გარშემო რთული დაპირისპირებები, ომები და ოკუპაციებია. და ვფიქრობ, ამ საკითხებზე უნდა დავფიქრდეთ. თითოეულ პროვოკაციას მოსდევს პასუხი. ვაკუუმში ამას ვერ განვიხილავთ. ზოგჯერ ამბობენ- „არ მაღელვებს, რას ფიქრობს რუსეთი,“ „არ მაღელვებს, რას ამბობს თეირანი.“ თუ ჩვენს მტრებს იმდენად ვერ ვუგებთ, რომ გვესმოდეს, როგორ გვიპასუხებენ ისინი, ვფიქრობ, ჩვენს საქმეს სწორედ არ ვაკეთებთ.“

— „გეთანხმებით.“

ვინ არის და რა ხედვები აქვს ენტონი ბლინკენს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს

მასალების გადაბეჭდვის წესი