საზოგადოება

რას ითვალისწინებს „მეგობარი აქტი“

6 მაისი, 2025 •
რას ითვალისწინებს „მეგობარი აქტი“

5 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი „მეგობარი აქტი“.

MEGOBARI Act, რომლის აბრევიატურა იშიფრება როგორც საქართველოს ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობისთვის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი, კონგრესში წარდგენილია როგორც საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ მიმართული აქტი.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

კანონპროექტი ითვალისწინებს სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც ჩართულია კორუფციაში, საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან განზრახ აფერხებს საქართველოს დემოკრატიული პროცესებს და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

მათ შორის კანონპროექტი ავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს, თუ დაადგენს, რომ შეგნებულად ჩაიდინეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვისკენ მიმართული კორუფციული ქმედებები ან ძალადობის აქტები, სანქციები დაუწესოს:

  • ნებისმიერი პირს, რომელიც მსახურობდა საქართველოს პარლამენტის წევრად ან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტიის მაღალი თანამდებობის პირად 2014 წლის პირველი იანვრის შემდეგ;
  • ნებისმიერ პირს, რომელიც ამჟამად წარმოადგენს საქართველოს მთავრობას ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • ამ პირების უახლოესი ოჯახის წევრებს, რომლებიც სარგებელს იღებდნენ მათი ქმედებებიდან.

კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებიდან გამონაკლისებს ჰუმანიტარული მიზნებით, გაეროსთან შეთანხმებისა და აშშ-ის დაზვერვის ინტერესების ფარგლებში. პრეზიდენტს შეუძლია სანქციის გაუქმება, თუ დაადასტურებს კონგრესთან, რომ უცხოელი პირი აღარ არის ჩართული იმ ქმედებაში, რომლის გამოც სანქცია დაწესდა.

საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის თავდაცვის აღჭურვილობის, წვრთნებისა და ტექნიკურ-ოპერატიული მხარდაჭერით, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტების და აკადემიური გაცვლების გაღრმავებას, როცა თბილისი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდება.

კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მეორედ 2025 წლის იანვარში წარდგენილი და 5 მაისს დამტკიცებული კანონპროექტი, განსხვავებით 2024 წლის ვერსიისა, არ მოიცავს საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, სავაჭრო და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას.

კონგრესის შეფასება და რეკომენდაციები 

კანონპროექტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ტერიტორიულ მთლიანობას. აღიარებს საქართველოს პროგრესს დემოკრატიის მშენებლობაში, თუმცა აღნიშნავს უკუსვლას ბოლო წლებში. კონგრესის შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა სულ უფრო მეტად უარყოფითად არის განწყობილი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების, ასევე საკუთარი მთავარი ევრო-ატლანტიკური პარტნიორების მიმართ, პარალელურად კი ზრდის ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.

კონგრესი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, შეაჩეროს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის საქმიანობა, სანამ საქართველოს მთავრობა არ აჩვენებს დემოკრატიული რეფორმებისადმი ერთგულებას. ცნობისთვის, სტრატეგიული ქარტიის მუშაობა ამ დროისთვის ისედაც შეჩერებულია.

იმ ნაბიჯებს შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების აღდგენისა და ყველა სახის საგარეო და უსაფრთხოების დახმარების გადახედვისთვისაა გათვალისწინებული:

  • ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე დაბრუნება;
  • საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო სანქციებისა და მათი ეფექტური აღსრულების გზითლ
  • რუსეთთან სავაჭრო კავშირების შემცირება და არა გაზრდა;
  • დემოკრატიული ღირებულებების განვითარება, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, შეკრების თავისუფლების, დამოუკიდებელი სასამართლოს, დამოუკიდებელი მედიის, საჯარო სექტორის გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა;
  • პოლიტიკური მოტივებით დაკავებულთა გათავისუფლება;
  • 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ წამოყენებული ბრალდებების გამოძიება.

ანგარიშები

კანონპროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ანგარიშის წარდგენას კონგრესის წინაშე.

აშშ-ის პრეზიდენტმა:

  • კანონის ამოქმედებიდან 90 დღეში უნდა დაადგინოს, მონაწილეობდნენ თუ არა კონკრეტული პირები ანტიდასავლურ ქმედებებში, კორუფციასა და ძალადობაში გათვითცნობიერებულად;
  • 120 დღეში განსაზღვროს შეზღუდვების ამოქმედებისთვის საჭირო რეგულაციები; 180 დღეში წარადგინოს სანქციებისთვის იდენტიფიცირებული პირების სია, სანქციების დაწესების თარიღები და მიზეზები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა:

  • კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, უნდა წარმოადგინოს ანგარიში და საქართველოსთან ურთიერთობების სტრატეგია;
  • არაუგვიანეს 180 დღისა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს საიდუმლო მოხსენება საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინური გავლენების შესახებ.

მოქმედების ვადა

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, „მეგობარი აქტის“ მისაღებად საჭიროა სენატის მხარდაჭერა. ამის შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გაეგზავნება. კანონს ძალა ეკარგება მისი ამოქმედებიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი