საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ინფორმაციით, წერილში, რომელიც ბრიუსელიდან თბილისს გაუგზავნეს, საუბარია გარკვეულ პირობებზე, რომელიც ხელისუფლებამ დროის დათქმულ ვადაში უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, უვიზო რეჟიმი შეჩერდება. ამის შესახებ კალასმა დღეს, 15 ივლისს განაცხადა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. დღის წესრიგის მიხედვით, ევროკავშირის საბჭო „განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და შესაძლო ზომებს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ“.
“ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, რისი გაკეთება შეიძლება. ყველა ინსტრუმენტი მაგიდაზე დევს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რამაც “ქართული ოცნების” მთავრობას შეიძლება კალკულაცია შეაცვლევინოს”, – განაცხადა კაია კალასმა და დასძინა, რომ ნამდვილად არსებობს 15-კაციანი სია, რომლის დასანქცირებასაც ისინი ითხოვენ და მასში ნამდვილად შედიან მოსამართლეები.
მისი თქმით, საუბარია 2 მოსამართლეზე, რომლებიც ახალგაზრდა დემონსტრანტებს სრულიად უპროპორციო სასჯელებს უსჯიან. კალასის თქმით, “ნათელია, რომ მართლმსაჯულების უწყება სისტემის ნაწილია”.
კაია კალასის განცხადებით, სანქციებს მიიღებენ, თუ გადალახავენ ვეტოებს. წინასწარი ინფორმაციით, “ოცნების” ჩინოვნიკების სანქცირებას ბლოკავს ვიქტორ ორბანი. თუმცა, კალასისვე განცხადებით, ამ შემთხვევისთვის მათ აქვთ წერილი, რომელსაც გამოუგზავნიან თბილისს. მასში მოცემული იქნება პირობები, რომლებიც საქართველომ დროის გარკვეულ ვადაში უნდა დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უვიზო რეჟიმს შეაჩერებენ.
ევროკავშირს ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შეჩერება უფრო მარტივად შეუძლია, ვიდრე მისი წარმომადგენლების დასანქცირება. უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად საჭიროა 27 წევრი ქვეყნიდან უმრავლესობის თანხმობა, ხოლო სანქციების დაბლოკვა ერთ კონკრეტულ წევრსაც კი შეუძლია.
