„ქართულ ოცნებას“ დაჩქარებული წესით შეაქვს ცვლილებები „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონში.
ცვლილებების თანახმად, პროკურორს შეეძლება, რომ დაფარული დატოვოს ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიების მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც სისხლის სამართლის პროცესში გამოძიებასთან თანამშრომლობს. ეს შეიძლება იყოს როგორც პოლიციელი, რომელიც მოქმედი წესებით სასამართლოში მისცემდა ჩვენებას, ისე სხვა მოწმე.
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ნაწილია სისხლის სამართლის კოდექსში შესატან საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტისა. ამავე პაკეტში შედის ცვლილება, რომლითაც კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვა-მოყვანასთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრდება. კერძოდ, მარიხუანის მოხმარება დასჯადი ხდება, 5 გრამ მარიხუანაზე კი 6 წლამდე პატიმრობა იქნება.
რაც შეეხება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტს, ცვლილებებით „პროკურორს უფლება აქვს, მოტივირებული დადგენილებით მოახდინოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების (გარდა გამონაკლისი შემთხვევისა) განსაიდუმლოება მათი მტკიცებულებების სახით გამოყენების მიზნით, თუ ამ დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოება არ ხელყოფს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში.
გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, პროკურორი უფლებამოსილია განსაიდუმლოებულ მასალებში დაფარული დატოვოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუ ვინაობის გამჟღავნებით ზიანი ადგება ამ პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს. ამ პირის ვინაობის განსაიდუმლოება შესაძლებელია პროკურორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით.“
აქამდე მოქმედი კანონით, პროკურორს უფლება ჰქონდა, მოტივირებული დადგენილებით მოეხდინა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) განსაიდუმლოება მათი მტკიცებულებების სახით გამოყენების მიზნით, თუ ამ დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოება არ ხელყოფდა ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში.
მოქმედი კანონითაც და კანონპროექტითაც, გამონაკლისს წარმოადგენს მონაცემები იმ პირებზე, რომლებიც უწევენ ან უწევდნენ კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს, თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ მათთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზაცია არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს.
რას ნიშნავს ეს ცვლილებები
საკანონმდებლო ცვლილებებს კრიტიკულად აფასებენ იურისტები. მათი შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები ოპერატიულ მუშაკებს კიდევ უფრო უიოლებს უკანონო მითითებების შესრულებას (მაგალითად, ნარკოტიკის ან იარაღის ჩადებას), რადგან ეცოდინებათ, რომ მათი ვინაობა სამართალწარმოების პროცესში ფარული დარჩება.
იურისტის და შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, გოგა ხატიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებით ირღვევა სასამართლოში მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი.
ვინაიდან, მისი თქმით, ფაქტობრივად, სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება დაეყრდნოს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც დაცვის მხარეს არ გამოუკვლევია სათანადოდ და არ იცის ასეთი მოწმის ვინაობა.
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად: ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაძლოა დაიფაროს. ამ პირის ვინაობის დაფარვა შესაძლებელი იქნება გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით. ყველა მასალაში, საპროცესო დოკუმენტში ამ პირის ვინაობა იქნება დაფარული. სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხული იქნება მისი ვინაობის იდენტიფიცირება ან/და ამოცნობა. გამოკითხვის ოქმში არ მიეთითება ამ პირის ვინაობა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
დაცვის მხარეს მტკიცებულებები გადაეცემა იმ ფორმით, რომ შეუძლებელი იქნება ამ პირის ამოცნობა. ეს პირი მოწმედ დაიკითხება დისტანციურად ისე, რომ დაცვის მხარეს არ ექნება მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა. იდენტიფიცირების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უვადოდ“, – აცხადებს გოგა ხატიაშვილი.
ამასთან, გოგა ხატიაშვილის თქმით, გაუგებარია ცვლილებების მიღების მოტივად იმის დასახელება, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირის ვინაობის გასაჯაროების შეზღუდვა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზანს ემსახურება. როგორც იურისტი ამბობს, მაშინ, როცა ისედაც არსებობს დაცვის სპეციალური ღონისძიებები, გაუგებარია, რატომ არ იქნება საკმარისი მათი გამოყენება პროცესის მონაწილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტის, საბა ბრაჭველის განცხადებით, ამ ცვლილებების მიღების შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს მოწმის ჩვენებას, ვისი ვინაობაც არავინ იცის პროკურორის და მოსამართლის გარდა და დაცვის მხარეს იმის გადამოწმებაც კი აღარ შეეძლება, ერთ ცრუ მოწმეს ხომ არ იყენებენ სხვადასხვა საქმეში.
„მატერიალურ კოდექსში ხომ ცალკე შემოიტანეს 6 წლამდე ციხე ხუთი გრამი მარიხუანის ფლობისთვის, მაგრამ საპროცესო კოდექსში კიდევ უარესი ქნეს. ახალი ცვლილებებით სრულად საიდუმლოვდება საკვანძო მოწმეების ვინაობა, რომელსაც ბრალდება და გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს. კერძოდ, იმ პირ(ებ)ის ვინაობა, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს, შეიძლება დაიფაროს გამოძიების ყველა მასალაში, საპროცესო დოკუმენტში, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. მისი ვინაობა არსად არ მიეთითება, შეუძლებელი იქნება მისი ამოცნობა, სასამართლო დარბაზში დაკითხვა.
ეს ნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს ისეთ მთავარ მტკიცებულებას – მოწმის ჩვენებას, ვისი ვინაობაც არავინ იცის პროკურორის და მოსამართლის გარდა, ვისი გამოკვლევის უფლება დაცვის მხარეს არ მისცემია და დაცვის მხარეს ელემენტარულად იმის გადამოწმებაც კი არ შეუძლია, ერთ ცრუ მოწმეს ხომ არ იყენებენ ყველა საქმეში (რაშიც აქამდე შსს არაერთხელ გამოუჭერიათ).
ეს არ არის ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, ეს არის სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის, რომელსაც ვეღარც ჟურნალისტები გააშუქებენ, ვეღარც კამერები გადაიღებენ და ახლა უკვე – ვეღარც თვითონ დაცვის მხარე გამოიკვლევს სათანადოდ. ეს არის ქოცების მართლმსაჯულება და ვისაც ეს წესები მოგწონთ, ამავე კანონებით განსჯა მისურვებია“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
კიდევ ერთი იურისტის, გურო იმნაძის თქმით, ეს ცვლილებები ღიად მიანიშნებს, რომ ოპერატიულ მუშაკებს შეუძლიათ, თამამად შეასრულონ უკანონო მითითებები, მათ შორის, იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებაზე.
„რაც შეეხება საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც კიდევ უფრო უკონტროლო და უჩინარი ხდება ოპერატიული მუშაკების საქმიანობა. ვერ ვიტყვი, რომ აქამდე არსებული ფორმალური გარე კონტროლის მექანიზმები ამ ხალხს არსებითად უშლიდა ხელს უკანონობის კეთებაში, მაგრამ ეს ცვლილებები კიდევ უფრო დეკლარაციულად და ღიად მიანიშნებს, რომ შეუძლიათ, თამამად შეასრულონ უკანონო მითითებები იარაღის/ნარკოტიკის ჩადებაზე, ფარულ თვალთვალზე, პირადი ცხოვრების დეტალების მოპოვებაზე და ა.შ.“, – აცხადებს გურო იმნაძე.