ახალი ამბები

ტრამპი: სენატორ რიშს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა

21 მარტი, 2025 •
ტრამპი: სენატორ რიშს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა აიდაჰოს სენატორ ჯიმ რიშს მომავალი წლის შუალედური არჩევნების წინ.

„სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, წარმოადგენს აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს — შტატს, რომელიც მე მიყვარს და დიდი გამარჯვება მოიპოვა 2016, 2020 და 2024 წლებში!“, — დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რიში დაუღალავად იბრძვის „ამერიკის უპირველეს ყოვლისა“ დღის წესრიგისთვის.

„ის ბევრს მუშაობს ჩვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს ფერმერებს, იბრძვის ამერიკის ენერგოდომინაციისთვის, ჩვენი საზღვრების დაცვისთვის, ჩვენი სამხედროების და ვეტერანების გასაძლიერებლად, იცავს მუდამ თავდასხმის ქვეშ მყოფ მეორე შესწორებას და აღადგენს მშვიდობას ძალის მეშვეობით. სენატორ ჯიმ რიშს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა ხელახალი არჩევისთვის, ის არის განსაკუთრებული ადამიანი და არასოდეს დაგაღალატებთ, — დაწერა ტრამპმა.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში 2009 წლიდან წარმოადგენს აიდაჰოს შტატს სენატში.

რიში აქტიურად უჭერს მხარს ტრამპის პოლიტიკას შესაბამისი კანონმდებლობების ინიციირებით. სენატორი უკრაინის დიდი ხნის მხარდამჭერია, 2022 წლის ივნისში ჩასული იყო კიევში და თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს პუტინის შესაჩერებლად. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მაგალითად, მხარი არ დაუჭირა დემოკრატი სენატორების, დიკ რუბინისა და ბერნი სანდერსის ინიციირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს.

ჯიმ რიშს კარგად იცნობენ საქართველოში, რომელიც საქართველოს საკითხზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერია. მან დემოკრატ ჯინ შაჰინთან ერთად, წარადგინა სენატში „მეგობარი აქტი“, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა თქვა, რომ ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი ემსახურებიან „დიფ სთეითს“. მანამდე მათ თაღლითები უწოდა.

სენატორ ჯიმ რიშს, რომელიც აკრიტიკებს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა, გადააფასოს საკუთარი შეხედულებები.

„ჯიმ რიში თავის დროზე სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან მეგობრობდა. მინდა, მას მოვუწოდო, გადააფასოს საკუთარი შეხედულებები, თუ ამის რესურსი აქვს – ერთადერთი ესაა, რაც შემიძლია ვუთხრა ბატონ რიშს“, — განაცხადა კობახიძემ 17 იანვარს.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით ჯიმ რიში ამბობდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი დაგვიანებულია და „კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი