სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მიერ ბოლო თვებში მიღებული რეპრესიული კანონების აღსრულება მათ მიმართაც დაიწყო. ორგანიზაციას ჩაჰბარდა სასამართლოს დადგენილება, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო მათგან “შეუზღუდავი ინფორმაციის მიღებას ითხვს”.
“მოთხოვნა შეეხება 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ სრულ სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს და, რაც ყველაზე მძიმეა, უფლებადაცვითი და იურიდიული დახმარების პირობებში ჩვენი ბენეფიციარებისთვის გაწეული მხარდაჭერის ამსახველ სრულ ინფორმაციას”, – ამბობენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
სასამართლო ორგანიზაციისგან ინფორმაციას ითხოვს შემდეგი კანონების საფუძელზე:
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი;
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი;
- გრანტების შესახებ კანონი.
ამ ჩამონათვალში არ არის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, ე.წ. ფარა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრიში აცხადებენ, რომ ზემოთ ხსენებულ კანონებს არავითარი შემხებლობა არ აქვს ორგანიზაციის საქმიანობასთან. მათი შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სამართალწარმოების პროცესის დაწყება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს.
“სასამართლოს ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს დასახელებულ პერიოდში ყველა ტიპის ინფორმაციას და არ ადგენს შემოწმების მიზანზე დაფუძნებულ საზღვრებს და ფარგლებს. ამავდროულად, მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოუდგენლად ვრცელ მონაცემებს მოიცავს და პრაქტიკულად სახელმწიფოს სრულ და ტოტალურ კონტროლს უქვემდებარებს ჩვენს საქმიანობას. მოთხოვნილი ინფორმაცია ასევე ვრცელდება ბენეფიციარების პირად ინფორმაციაზე, ორგანიზაციულ კორესპონდენციებსა და მიმოწერებზე, რაც ჩვენს საადვოკატო და უფლებადაცვით საქმიანობაში უხეში და უკანონო ჩარევაა”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ ანტიკურუფციული ბიუროს მიზანი მათი, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის პარალიზება და გაჩუმებაა. ორგანიზაცია არ აპირებს გაჩერებას და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ აპირებს გაჩერებას და ამავდროულად გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას საკუთარი და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. ამასთან, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი შრომა და ბრძოლა ადამიანის უფლებების, სოციალური კეთილდღეობისა და დემოკრატიის დასაცავად გაგრძელდეს.
ამავდროულად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საადვოკატო და უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში მიღებულ პროფესიულ საიდუმლოებას და არ გავამხელთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ასობით ადამიანის, მათ შორის, ქალების, ბავშვების, შშმ პირების, მშრომელების, ქვიარების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, უცხოელების, გარემოსდამცველების, პატიმრების, სასულიერო პირების პირად ცხოვრებას […]
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაფუძნების დღიდან იცავს ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად ჩაგრული ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლებებსა და ინტერესებს. ჩვენი ორგანიზაცია 12 წელზე მეტია აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობაშია ჩართული და პარალელურად ეწევა კვლევით, საგანმანათლებლო საქმიანობას და არაერთი სოციალური მოძრაობისა და თემის მხარდამხარ იბრძოდა უფრო დემოკრატიული, სოლიდარული და ეგალიტარული საზოგადოების და სისტემების მშენებლობისთვის.
ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ავტორიტარიზმის მძიმე კონტექსტისა და რეპრესიული კანონმდებლობის მიუხედავად, გვექნება შესაძლებლობა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა და ბრძოლა სამართლიანი, თანასწორი და თავისუფალი საქართველოსთვის”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
გუშინ, 18 ივნისს, ხუთმა არასამთავრობო ორგანისზაციამ (სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საფარი, მომავლის აკადემია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი) განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ უკვე დაიწყო რუსული კანონების აღსრულება.
კერძოდ, 17 ივნისს, მოსამართლეებმა მათ ოფიციალურად მოსთხოვეს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ბოლო 17 თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა. მათ შორის ისეთის, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ამაში ხვდება ორგანიზაციების ბენეფიციართა შესახებ სენსიტიური ინფორმაცია, ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია.
ამავე თემაზე: