საზოგადოება

მოსწავლეებს სკოლაში ახსნა-განმარტებით განცხადებებს აწერინებენ

10 ნოემბერი, 2010 • • 1655
მოსწავლეებს  სკოლაში ახსნა-განმარტებით განცხადებებს აწერინებენ

ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე ნეტგაზეთთან საუბრისას  ამბობს, რომ დღეს სკოლაში ახსნა-განმარტებითი განცხადება დააწერინეს ყველა იმ მოსწავლეს, რომლებიც გუშინ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.

მოსწავლის განმარტებით, სკოლის ადმინისტრაციამ მათგან  წერილობითი განმარტებები მოითხოვა, თუ რატომ გააცდინეს გაკვეთილები 9 ნოემბერს.

,,დავწერე, რომ გუშინ მეგობრებთან ერთად ვიყავი მიტინგზე. ზოგმა თავი იმართლა, მაგრამ მე არ ვაპირებ თავის მართლებას. მე ჩემი აზრის დასაფიქსირებლად ვიყავი იქ. ბევრჯერ გაგვიცდენია სკოლა, მაგრამ ახსნა–განმარტებითი განცხადება არასდროს დაგვიწერია, გუშინდელმა ფაქტმა გამოიწვია ეს ყველაფერი’’.

საჯარო სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ თითოელი სკოლიდან ორ-ორი მოსწავლისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი დღეს ან ხვალ შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე გადაწყვეტენ, თუ როდის და სად გამართონ შემდეგი აქცია.

მოსწავლეები ისევ თავს იკავებენ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისგან და დახმარებას მოძრაობა არა-ს თხოვენ.

შეგახსენებთ, რომ უფროსკლასელმა მოსწავლეებმა 9 ნოემბერს საპროტესტო აქცია პარლამენტთან გამართეს და საატესტაციო გამოცდების გაუქმება მოითხოვეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის დამთავრებისას საატესტაციო გამოცდების ჩატარებაზე გადაწყვეტილება 2010 წლის დასაწყისში მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი