„ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების წინააღმდეგ შსს-ში საჩივარი შეაქვს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული, მათი შეფასებით, შეურაცხმყოფელი მოსაზრებებისთვის.

როგორც პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ „კარგად ორგანიზებული ზიზღისა და ტერორის კამპანია“ მიმდინარეობს.

კრიტიკას, რომელსაც „ოცნებაში“ „ტერორს“ უწოდებენ, კირცხალიას მტკიცებით, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების, უცხოელი დონორების და რიგ შემთხვევებში პირდაპირ უცხო ქვეყნის მთავრობების მიერაა წახალისებული.

„სიძულვილის ენა – იქნება ეს ორკესტრირებული შეურაცხყოფა, მიზანმიმართული კამპანია თუ პოლიტიკური ძალადობის წახალისება, — ვერ იქნება ქართული პოლიტიკის ნაწილი. უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერი სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას, რამაც, როგორც აღვნიშნეთ, იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო, რომ ტერორზე რეაგირება არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულებაა“, — განაცხადა კირცხალიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

„შესაბამისად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ, გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის საპასუხოდ, ვიწყებთ სამართლებრივ დავას და საჩივრით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება“, — განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, „საჩივარი, რომელიც დღეს შევა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეხება სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ იმ უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას, რომელიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ“.

კირცხალიამ არ დაასახელა საჩივრის ადრესატები და თქვა, რომ ისინი შეტყობინებას შსს-სგან მიიღებენ.