საზოგადოება

შეხვედრა აფხაზებთან ნეიტრალურ ზონაში

9 ნოემბერი, 2010 • 1629
შეხვედრა აფხაზებთან ნეიტრალურ ზონაში

«მადლობა იმისთვის, რომ ხართ ისეთები, როგორებიც ხართ» – ასე დაემშვიდობა აფხაზი თემურ ჯირიკბა ქართულ დელეგაციას. თითქმის იგივე განწყობა აქვს ქათულ მხარეს. ასე რომ არ იყოს, დილის ხუთ საათზე მოლდოვას სასტუმროს ჰოლში აფხაზური დელეგაციის გასაცილებლად ქართველები საგანგებოდ არ ჩავიდოდნენ. დამშვიდობება მხოლოდ დენოლა ჩხარტიშვილმა ვერ მოახერხა: «ვერ ჩამოვედი. არ შემეძლო მათი გაცილება. მინდოდა გავყოლოდი სოხუმში». დენოლა სოხუმელია, აფხაზურ დელეგაციასაც ასე გაეცნო – «დენოლა ჩხარტიშვილი სოხუმიდან, შემიძლია ჩემი მოწმობაც განახოთ». 

ევროკავშირის დახმარებით გამართულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრას პირველ დღეს იგივე პათოსი ნამდვილად არ ახლდა. შეხვედრის მოდერატორი კონფლიქტის სფეროში გამოცდილი ადამიანი ოლოვერ ვიოლეჰი იყო. ის 12 წელია სწავლობს კავკასიის კონფლიქტებს. პირველ დღეს მან ქართულ-აფხაზურ დელეგაციას ერთმანეთის გაცნობის საშუალება მისცა. შეხვედრა იმის დაფიქსირებით დაიწყო, თუ ვის რა მოლოდინი ჰქონდა. კონსტრუქციული დიალოგი _ ეს ის არის, რასაც მხარეები ერთმანეთისგან მოელიან. ექვსდღიანი შეხვედრის დასასრულს კი რამდენიმე მათგანი ამბობს, რომ ამის რესურსს ის თავიდანვე ვერ ხედავდა.

 

პირველი დღე, 24 ოქტომბერი

აფხაზური მხარე ყვება იმის შესახებ, თუ რა ხდება მათთან. ჯგუფის ხელმძღვანელი _ ინარ გიცბა ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის აღიარებამ ისინი ახალ სიბრტყეში გადაიყვანა, თუმცა პრობლემები არ შეუმცირა. ის პრეზიდენტთან არსებული კონფლიქტების კვლევების ცენტრის თანამშრომელია: _

«მსოფლიოს ყველა ქვეყანამ რომ გვაღიაროს, ეს მაინც არ იქნება საკმარისი. სანამ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში არ იქნება კეთილმეზობლური ძვრები, კონფლიქტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მუდმივად იქნება».

აფხაზეთის დელეგაცია, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებით არის წარმოდგენილი, მათი ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ მიმართულბაზე საუბრობს. პასუხობენ კითხვებს აფხაზ მუჰაჯირებზე, რომელთა დაბრუნებისთვის, მათი თქმით, აფხაზეთში სახლები შენდება. აფხაზეთის ოფიციალური მონაცემებით, 1992 წლიდან დღემდე თურქეთიდან აფხაზეთში 2000 ადამიანი გადასახლდა. გაგრელ მოსწავლეებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თუ რატომ უკრძალავენ მშობლიურ ენაზე სწავლას, ადა ადლეიბა პასუხობს: «ამ სკოლებს, პედაგოგებს აფხაზეთის ხელისუფლება აფინანსებს, ამიტომ მათ სწორედ ის პოლიტიკა უნდა გაატარონ, რაც აფხაზ ხელისუფლებას აქვს. სასწავლო ენა რუსულია. აფხაზურს კი კვირაში ერთ საათს უთმობენ».

ადლეიბა ერთ-ერთი უწყების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებსაც გვაცნობს, რომლის მიხედვითაც. ათასი გამოკითხული გალელი მოსწავლიდან 800 პასუხობს, რომ მისი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. აფხაზები გალელების ინტეგრაციისთვის, ძალისმიერი მეთოდების გარდა, სხვა ფაქტორებსაც იყენებენ. ადა სოხუმის უნივერსიტეტში ასწავლის, ის ამბობს, რომ გალელებისთვის სპეციალურად 15-კაციანი კვოტაა გამოყოფილი უნივერსიტეტში. მათ უფლება აქვთ,  უფასოდ, გასაუბრების საფუძველზე ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებელში. დღეს ვისაუბრეთ ქართულ, რუსულ და აფხაზურ პასპორტებზე, რომლებსაც ადამიანები სურვილის მიხედვით იღებენ. აფხაზებისთვის გარე სამყაროსთან კონტაქტი რთულია, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ რუსული პასპორტები, რომლებშიც საცხოვრებელ ადგილად სოხუმი უწერიათ. მათ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვიზებს არ აძლევენ. აფხაზებმა რამდენიმე შემთხვევა გაიხსენეს, როცა პასპორტში ვიზის დაფიქსირება ქართულმა მხარემ გააპროტესტა, რის გამოც დელეგაციამ ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა. ამის შემდეგ იმსჯელეს ეგრეთ წოდებულ «ნეიტრალურ პასპორტზე», რომელსაც ქართული მხარე მომავალში გასცემს. ამ შეთავაზებაზე აფხაზური დელეგაციის რამდენიმე წევრმა უარი თქვა. თუმცა არის კიდევ სხვა შეთავაზებაც საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთოს მხრიდან. ისინი კონფლიქტური ზონებისთვის ნეიტრალურ პასპორტებს საუკუნეზე მეტი ხანია გასცემენ. იქნება თუ არა ეს აფხაზებისთვის კონფლიქტურ სიტუაციაში გარესამყაროსთან კონტაქტის საშუალება, ამას დრო აჩვენებს.

მოდერატორმა დამსწრეებს მადლობა გადაუხადა საჭირბოროტო საკითხების წამოჭრისთვის. ნაშუადღევს დისკუსიამ ცოტა უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. კამათის მიზეზი, სრულიად მოულოდნელად, ქალაქი სოხუმი გახდა. აფხაზური მხარე ამბობდა, რომ ამ ქალაქს «სუხუმ» ერქვა და დამსწრეებს სთხოვდა, ასეც გამოეთქვათ, ქართული მხარის ნაწილისთვის იგი სოხუმი იყო. თემის პროვოცირება ქართული მხრიდან მოხდა. დღე რთულად დასრულდა და როგორც შემდეგ აფხაზური დელეგაციის წევრმა, ალისა არძინბამ თქვა, იმ დღეს ყველამ თავისთვის გადაწყვიტა, რომ კვირა საკმაოდ დაძაბული იქნებოდა.

 

მოლდოვადნესტრისპირეთის 

კონფლიქტი

მომდევნო ორი დღე მოლდოვა-დნესტრისპირეთის კონფლიქტის გაანალიზებას დაეთმო. დელეგაციამ ერთი დღე დნესტრისპირეთის ცენტრში, ქალაქ ტირასპოლში გაატარა. კონფლიქტის ორივე მხარეს, სახელმწიფო მოხელეებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად, პრეზენტაციები მოეწყო. ოთხად დაყოფილი აფხაზურ-ქართული შერეული ჯგუფები ამბობდნენ, რომ კონფლიქტი, ამ შემთხვევაში, ისეთი მძიმე არ არის, რადგან საზღვარი, რომელიც ჩვენ გადავლახეთ, პირობითია _ დნესტრისპირეთში რუსები, მოლდოველები და უკრაინელები ერთად ცხოვრობენ; ტერასპოლი, მართალია, მოლდოვას გავლით, ექსპორტს ახორციელებს როგორც რუსეთში, ისე დასავლეთში. ერთი სიტყვით, კონფლიქტი გაცილებით უფრო მარტივი რომ მოგეჩვენოს, ამისთვის ბევრი პირობაა.

პრეზენტაციის ავტორები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ მოლდოვა ორიენტირებულია ევროპისკენ, დნესტრისპირეთი კი, პოლიტიკურად, მართალია, რუსეთის ვექტორს იჭერს, თუმცა ექსპორტის 50 პროცენტი მაინც ევროპაში გააქვს. სწორედ ამის შემდეგ დაისვა კითხვა _ რომელი ვექტორი აქვს აფხაზეთს? აფხაზურ მხარეს დისკუსიისთვის დაახლოებით ოცი წუთი მიეცა. ქართულმა დელეგაციამ მრგვალი მაგიდა დატოვა, რომ აფხაზურ მხარეს ამ საკითხზე თავისუფლად ემსჯელა.

 

მრავალვექტორული აფხაზეთი 

ოთახში დაბრუნებულებს კამა კვიცინიას რეპლიკა შემოგვესმა: «მე ან აფხაზური მხარე მომკლავს, ან ქართული». როგორც ჩანს, დისკუსია მწვავე იყო. ის, რომ რუსეთი დომინირებს აფხაზურ პოლიტიკაში, ახალი არ არის. ამის მიუხედავად, აფხაზური დელეგაცია საუბრობდა იმაზეც, რომ მათი ფოკუსი მხოლოდ ჩრდილოელი მეზობელი არ არის. ამ მიმართულებას, რომელიც აფხაზეთის მთავრობას უკავია, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს აფხაზეთში, _ იქ ხმამაღლა აცხადებენ, რომ რუსეთი არ არის ერთადერთი ორიენტირი. ამის პარალელურად აფხაზური დელეგაცია საუბრობდა საშიშროებაზე, რაც ისეთ მცირე ერებს, როგორიც აფხაზეთია, შეიძლება დიდმა სახელმწიფოებმა და გლობალიზაციამ შეუქმნას. თვითმყოფადობა, საკუთარი თავის შენარჩუნების პრობლემა გახდა ის თემა, რომელმაც ასე დაახლოვა ჯგუფის წევრები ერთმანეთს.

კითხვაზე _ ხედავენ თუ არა საშიშროებას რუსეთისგან, როცა საუბარია თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე, ინარ გიცბა პასუხობს: «ეს მართლაც საინტერესო კითხვაა, მაგრამ მე პასუხი არ მაქვს». აფხაზი სტუდენტი ანჟელა (ენჯი) პატარაია: «ჩვენ გიყურებთ. ვხედავთ, რომ თქვენი ორიენტაცია ევროპულია. დაგაკვირდებით და დასკვნებსაც გავაკეთებთ. გავიგებთ, რას მოგვიტანს ევროინტეგრაცია».

ეს ფრაზა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გიორგი გვიმრაძისთვის, რომელიც შემდეგ იმეორებდა: «ხომ გეუბნებოდით, ისინი ჩვენ გვაკვირდებიან». დენოლა ჩხარტიშვილისთვის კი მნიშვნელოვანი ადა ადლეიბას გამონათქვამი იყო. მან ერთ თემაზე საუბრით თავმობეზრებულმა განაცხადა: «ძალიან დიდ დროს ვუთმობთ ამ თემას. განა ვინმესთვის უცნობია, რომ აფხაზებსა და ქართველებს ბევრი საერთო გვაქვს და რომ ჩვენ ყველაზე ახლო ერები ვართ?! მაგრამ მგონია, რომ დენოლას კიდევ აქვს სხვა კითხვებიც. მოდი, მოვუსმინოთ». ბოლოს წინა დღე უკვე მართლაც საკმაოდ კონსტრუქციული იყო. ეს ყველამ ერთხმად აღნიშნა.

კანონპროექტი 

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯები ნაკლებად რომ უწყობს დიალოგს ხელს და აფხაზურ მხარეს საერთო ენის გამონახვის შანსს არ უტოვებს, ამის შესახებ ამ შეხვედრაზე გამუდმებით საუბრობდნენ აფხაზები. შეხვედრის ბოლო დღე სწორედ ამ პრობლემას მიეძღვნა. საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერადაც მიიღო კანონპროექტი, რომელიც ასეთი სახის შეხვედრებს საფრთხეს უქმნის.

კანონში «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» შედის ცვლილება, რომელიც ქართულ მხარეს უკრძალავს, სახელმწიფო სამსახურებთან შეთანხმების გარეშე, ანალოგიური შეხვედრების მოწყობას.

ორგანიზაციები: IKV PAX CHRISTI, Berghof Peace Support, World Without Violence, ASECD, ICCN, რომლებიც ჩართული არიან ამ პროგრამაში, ოფიციალურ მიმართვას აქვეყნებენ. მათი აზრით, ამ სახის აკრძალვა წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებთან; სურვილის შემთხვევაში, ადამიანებს უნდა მიეცეთ აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა.

ოლივერ ვიოლეჰი 

«ეს კვირა ახდენილი ოცნებაა, რადგან საქართველო-აფხაზეთის დიალოგში 12-წლიანი ჩაბმულობის შემდეგ (რაც პროექტი დაიწყო), როგორც იქნა მხარეები დაახლოვდნენ, იყო ურთერთგაგება, გულწრფელობა, ერთმანეთის მოსმენა და მეგობრობა. ამ სამუშაო შეხვედრის საშუალებით ჩვენ უკეთ შევისწავლეთ ერთმანეთი. ურთიერთობა შედგა ახალგაზრდა პროფესიონალებთან. მაგრამ ეს კვირა მაინც გამორჩეულია და აღემატება ჩემს მოლოდინს, რადგან ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ შევძლებდი საჯაროდ მეთქვა, რომ ეს რეალურად არის შესაძლებელი.

დიდი მადლობა ყველას, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ორ კვირაში ვიწყებთ მოლდოვა 5-ს».

 

მასალების გადაბეჭდვის წესი