საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.
მან გამოიყენა სისხლის სამართლის კოდექსში მოცემული პრინციპი, რომელიც “დანაშაულთა ერთობლიობის” დროს სასჯელის შეკრებას ითვალისწინებს და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს, ჯამში, 12 წლითა და 6 თვით მოუწევს ციხეში ყოფნა.
მას ორ საქმეზე (ვალერი გელაშვილის შეკვეთილი ცემის საქმე – 6 წელი და პიჯაკების საქმე – 9 წელი) უკვე აქვს განაჩენები მისჯილი.
მოსამართლემ დაასახელა ორი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან, თუ რატომ მიმართა სასჯელის ნაწილობრივი შეკრებითობის პრინციპს:
– საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები.
– თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთაგან, ანდა ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები.
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესს და განაჩენის გამოცხადებას მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია. ის ასევე არ ესწრებოდა წინა სხდომას და არც ბრალდებულის დასკვნითი სიტყვა უთქვამს. ის სხდომის გადადებას ითხოვდა გამოჯანმრთელებამდე, რაც არ დაკმაყოფილდა.
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სასამართლო პროცესის შემდეგ აღნიშნა, რომ დღეს სასამართლომ გაამართლა ის სიტყვები, რასაც მიხეილ სააკაშვილი თავად ამბობდა – რომ ივანიშვილი მას ქვეყნის აღმშენებლობისთვის სამუდამო სასჯელს უსჯიდა.
“გახსოვთ, როგორ ამბობდა ხოლმე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ ივანიშვილი მას ქვეყნის აღმშენებლობისთვის სამუდამო სასჯელს უსჯიდა. პრაქტიკულად, ეს მოვისმინეთ დღეს სასამართლო დარბაზში, რომელიც უკანონობის ბუდედ იქცა. არაფრად მიგვაჩნია ეს უკანონო ბრალი და სასჯელი, რომელსაც მონურ მორჩილებაში მყოფი მოსამართლეები აცხადებენ. ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნისა და პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია”, – ამბობს ბოკუჩავა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მოსამართლეს არ აუხსნია, რა მიზეზით შეკრიბა სასჯელები. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მძიმე სასჯელი უფრო მსუბუქ სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება სასჯელები შეიკრიბოს, თუმცა მოსამართლეს არ დაუკონკრეტებია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
“სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტყვეა და ვიდრე “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, მანამდე სასამართლო ფარსია და იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც უნდა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში, სასჯელები შთაინთქმება. მოსამართლემ მკაფიოდ არ განმარტა, რატომ მიიღო შეკრებითობის გადაწყვეტილება. რეციდივის შემთხვევაშიც კი კანონში წერია, რომ უფრო მძიმე სასჯელი მსუბუქს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში შეიძლება, რომ გარკვეული სასჯელები შეიკრიბოს. მე ბოლო ბევრი წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა არ მქონია და არც ჩემი კოლეგებისგან არ მსმენია. მოსამართლემ უნდა ახსნას, თუ რატომ გააკეთა ეს”, – ამბობს ადვოკატი.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის 5 საქმე იყო აღძრული. ესენია სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ვალერი გელაშვილის ცემა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვა, 7 ნოემბრისა და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეები.
საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული. მათ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასა და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.