7-8 მაისის დღეები მძიმეა და დატვირთული სინდისის პატიმრების ოჯახებისა და მეგობრებისთვის, რომლებიც ამასობაში ერთ დიდ ოჯახად არიან ქცეული. მძიმეა ეს დღეები ჟურნალისტებისთვის, რომლებიც სასამართლოში ვმუშაობთ. ერთმანეთის მიყოლებით, ერთმანეთის გადაფარვით და ერთმანეთის პარალელურად, 10 პროცესი მიმდინარეობს: შვიდი საქმე — 7 მაისს, სამი საქმე — რვა მაისს, თბილისი-ბათუმი.
სასამართლოს შენობაში შესვლისას შემოწმებას გავდივართ და ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რომელ დარბაზში შევიდეთ, ვის პროცესს დავესწროთ და ვისი გამოვტოვოთ. ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ არის და ვერ ხვდები, სინდისის რომელი პატიმრის საქმეს, მაინც რის მიხედვით უნდა მიანიჭო პრიორიტეტი. 7 მაისის დილა არჩილ მუსელიანცისა და ანტონ ჩეჩინის ერთსა და იმავე დროს დანიშნული პროცესებით იწყება. „სპეციალურად აკეთებენ ასე“ — მოისმენთ გზადაგზა სხვა ადამიანებისგან, რომელთაც თქვენსავით უჭირთ რამდენიმე ნაწილად გაჭრა.
მუსელიანცს პარლამენტთან დამაგრებული კამერების დენის წყაროს დაზიანებასა და ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. ექსპერტები ამბობენ, რომ დამწვარ-დაზიანებული კარადიდან ამოღებული თითის ანაბეჭდებიდან ერთ-ერთი მას ეკუთვნის. ხმა კი, რომელიც რომელიღაც ჩანაწერში ისმის — „წაეკიდა, ახლა „ზამეკანიას“ მისცემს“, არჩილ მუსელიანცისაა. ანტონ ჩეჩინის საქმე ნარკოდანაშაულს ეხება.
ამას მოჰყვება ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 პირის და პარალელურად, გიორგი მინდაძის, ანატოლი გიგაურის საქმეები. გიორგი მინდაძესაც და ანატოლი გიგაურსაც პოლიციელზე თავდასხმაში ედებათ ბრალი, თუმცა, ცალ-ცალკე. სადღაც შუა გზაში გვეწევა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დარბაზში უკვე განაჩენი გამოუტანა მოსამართლე იზა კელენჯერიძემ თაღლითობასა და თანხის მითვისებაში ბრალდებულ ბიზნესპარტნიორებს, გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილს. გიორგი ჩიკვაიძეს — 9 წელი, ირაკლი პაპიაშვილს — 8. „ამას — სიკვდილი, იმას — ჩამოხრჩობა! ხელს ვაწერ: მეფე!“
ამ დროს ბათუმში ასევე აქტიურდება მზია ამაღლობელის საკითხი, ამჯერად ახალი ადმინისტრაციული საქმეა. შსს-ს მზიას დაკავებიდან 4 თვის თავზე ახსენდება, რომ სტიკერი, რომელიც მზია ამაღლობელმა დაკავების ღამეს პოლიციის დამხმარე ნაგებობის კედელზე მიაკრა და რამდენიმე წამში ააძვრეს, შენობის იერსახეს ამახინჯებდა და უნდა დააჯარიმონ. პროცესს მზია არ ესწრება.
რუსთავის ქალთა კოლონიიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელი დღეს, რვა მაისს მიჰყავთ. სავარაუდოდ, დღეს დაიკითხება ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელიც ირწმუნება, რომ მზია ამაღლობელმა სილით „ლოყა ატკინა და გაუწითლა“. თბილისის საქალაქო სასამართლოში კი 12 საათიდან, ისევ ერთმანეთის პარალელურად, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის საქმე და ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმ გიორგი ახობაძის საქმის განხილვა დაიწყება.
საღამოს შვიდ საათამდე დარბაზიდან დარბაზში გადავდივართ და ამ დროს დერეფნებში თან ვცდილობთ რესპონდენტებთან გასაუბრების მოსწრებას, ინფორმაციის დაზუსტებას, შეფასებების მოსმენას. გვინდა, არაფერი გამოგვრჩეს, მაგრამ ეს შეუძლებელია — პროცესზე შესვლა მხოლოდ შესვენების დროს შეგიძლიათ, შესვენებებს კი მოსამართლეები არ სწყალობენ. მაგალითად, თამარ მჭედლიშვილი, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში ბრალდებული 8 პირის საქმეს განიხილავს. ეს პროცესი ყველა ჯერზე საათობით გრძელდება. 6 საათი გაგრძელდა 7 მაისსაც. უკვე თითქმის საღამოს პირს, შესვენების არგამოცხადების გამო, მოსამართლესა და ადვოკატებს შორის ცხარე კამათი მოჰყვა 19 წლის ირაკლი მიმინოშვილის შეძახილს საბრალდებო სკამიდან — „ბატონო მოსამართლე, გვშია!“
კიდევ ნახევარი საათი გავიდა, სანამ მოსამართლე შესვენებას გამოაცხადებდა, თუმცა ამასობაში ირაკლიმ დედას მომდევნო პაემნისთვის ციხეში „შეკვეთა“ მისცა — დიდი კატლეტები და დიდი კექსი!
რას ჰყვებიან მოწმეები სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებზე
ცნობილი „8 პირის საქმე“ — ზვიად ცეცხლაძის, ირაკლი მიმინოშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის მხრიდან ჯგუფური ძალადობის დაგეგმვისა და მასში მონაწილეობის “დასადასტურებლად”, პროკურორებს, ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილს, 8 პოლიციელი მოჰყავთ, მაგრამ მხოლოდ 5 მათგანის დაკითხვა ესწრება.
რამდენიმე საათის მანძილზე სასამართლოს შენობაში შუქი არ არის. გენერატორზე გადასვლამ გამოიწვია ის, რომ დარბაზში, რომელიც 150 კაცს იტევს და ყველაზე დიდია, მიკროფონები და დინამიკები ფაქტობრივად მწყობრიდან გამოვიდა. კარგად აღარც მოწმეების ხმა ისმის, აღარც ადვოკატების, აღარც პროკურორების. ყველა ყველას მოუწოდებს, რომ ხმამაღლა ისაუბროს, გაიმეოროს, რა თქვა. დარბაზი კისერ და ყურებწაგრძელებული ზის.
5 დაკითხულიდან სამი — გივი წიქორიძე, გიორგი ზაბახიძე და ვასილ ბასილაძე, მათი თქმით, აქციების დროს დაზარალებული პოლიციელები არიან. ორმა, გელა გულორდავამ და მიხეილ მჭედლიშვილმა, ირაკლი მიმინოშვილისა და გიორგი გორგაძის დაკავებასა და ჩხრეკაში მიიღეს მონაწილეობა.
არავინ აყენებს ეჭვქვეშ, ნამდვილად ჰქონდათ თუ არა ის დაზიანებები, რაზეც მოწმე პოლიციელები საუბრობენ. მაგრამ რამდენიმე საათის განმავლობაში დასტურდება ის, რასაც ადვოკატები და ბრალდებულები მოსამართლესა და პროკურორებს არსებითი განხილვის დაწყებამდე და მოწმეების წარმოდგენამდე ეუბნებოდნენ — მინიშნებითაც კი შეუძლებელია საუბარი იმის შესახებ, რომ რომელიმე ამ პოლიციელის დაზიანებას კავშირი აქვს რომელიმე ბრალდებულთან და მათ მიმართ წაყენებულ ბრალთან.

ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ: გივი წიქორიძე, გიორგი ზაბახიძე, ვასილ ბასილაძე
ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ: გელა გულორდავა, მიხეილ მჭედლიშვილი
სამივე დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი 28-29 ნოემბრის ღამეს საკუთარი განყოფილებებიდან მიავლინეს პარლამენტის მიმდებარედ. სამივე მათგანი ჭიჭინაძის ქუჩაზე იდგა და რუსთაველიდან ასასვლელს კეტავდა, სხვა, დაახლოებით 40-50 პოლიციელთან ერთად. არცერთს ახსოვს, რომელი ხელმძღვანელის ბრძანებით წავიდა პარლამენტთან, არცერთს ახსოვს, ვისი ბრძანებით გადაკეტეს ჭიჭინაძის ქუჩა და რა სამართლებრივი საფუძვლით. მაგრამ ამბობენ, რომ მიიღეს ეს ბრძანება, რომ ხალხი არ უნდა აეშვათ, თორემ შეიჭრებოდნენ პარლამენტში. არცერთს შეუძლია დანამდვილებით თქმა, რომ მიღებული ბრძანება და მისი სავარაუდო მოტივი შეესაბამებოდა იმას, რასაც საკუთარი თვალით ხედავდნენ. სამივე მათგანი ამბობს, რომ რუსთაველზე მისვლისას აქცია იყო მშვიდობიანი და შემდეგ გახდა აგრესიული, დაახლოებით 11-12 საათიდან. ვერც ერთი ამბობს, რამ გამოიწვია ხალხში ბრაზის მომატება.
არცერთ დაზარალებულ პოლიციელს არ დაუნახავს, ვისგან მიიღო დაზიანება, არცერთ მათგანს არ დაუნახავს ბრალდებულები. არ შეუძლიათ თქმა, საერთოდ იმ საღამოს იქ ახლოს რომელიმე იმყოფებოდა თუ არა. მეტიც, ადვოკატების მხრიდან ჯვარედინი დაკითხვისას გაცემული პასუხებით ირკვევა, რომ დანამდვილებით იმასაც ვერ ამბობენ, აქციის მონაწილემ ისროლა მათი მისამართით ქვა და პიროტექნიკა თუ ვინმე სხვამ. მაგალითად, პროვოკატორმა, რომელთა იქ ყოფნის გამორიცხვა არ შეუძლიათ და არც მსგავსი პირების ამოცნობა.
გივი წიქორიძე ამბობს, რომ მოხვდა პიროტექნიკა მარცხენა თვალის არეში, ღამის დაახლოებით 2 საათზე. გადაიყვანეს კლინიკაში. ამბობს, რომ არ ახსოვს, რას მოჰყვა 28 ნოემბერს აქცია, არც ირაკლი კობახიძის განცხადება ახსოვს, მაგრამ ახსოვს, რომ ხალხი „რუსულ კანონს აპროტესტებდა“. ამ კონკრეტული დაზიანებით დაზარალებულად ცნობილია კიდევ ერთ საქმეშიც. არ არსებობს მტკიცებულება, რომ კონკრეტულ დროს ნამდვილად იდგა ჭიჭინაძის ქუჩაზე და ნამდვილად იქ მიიღო დაზიანება.
გიორგი ზაბახიძე ამბობს, რომ „დაახლოებით მუჭისხელა“ ქვა მოხვდა მარჯვენა თვალში და ამ თვალით ახლა თითქმის ვეღარ ხედავს. დაზიანება 12-დან პირველ საათამდე მიიღო. ეს ქვა ამოღებულია თუ არა, არ იცის. საიდან ესროლეს, არ დაუნახავს. მისი თქმით, ერთ-ერთი პირველია, ვინც დაზიანება მიიღო, გადაიყვანეს კლინიკაში და აღარ იცის მოვლენების განვითარების შესახებ. მას ნამდვილად ახსოვს, რომ აქცია ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა „ევროკავშირის გადავადებასთან დაკავშირებით“. ამბობს, რომ სმენია დემონსტრანტების მიერ მიღებულ დაზიანებებზეც, თუმცა არ იცის, რა ვითარებაში მიიღეს პროტესტის მონაწილეებმა დაზიანებები.
ვასილ ბასილაძე ამბობს, რომ მოხვდა საღებავიც, მაგრამ დაზიანება მიაყენა ქვამ, რომელიც თავში მოხვდა. სდიოდა სისხლი და კლინიკაში დაადეს ნაკერები. საქმის მასალებს არ იცნობს. არ ახსოვს და არ იცის მუხლი, რაც ბრალდებულებს აქვთ წარდგენილი საქმეში, სადაც მოწმედ არის გამოძახებული. ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან 28 ნოემბერს გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, რასაც შეეძლო დემონსტრანტების აგრესიის გამოწვევა. რამდენჯერმე ხაზგასმით ამბობს, რომ ეს იყო ძალიან დიდი და მასობრივი აქცია. მას მერე აქციაზე აღარ ყოფილა. ისე, რომ ამაზე არავინ ჩაჰკითხვია, ვასილ ბასილაძე ამბობს, რომ ძალადობა მისთვის მიუღებელია და რაც პოლიციაში მუშაობს, არასდროს არავისთვის თითი არ დაუკარებია თავად. ნანახი აქვს კადრები, როგორ სცემენ დემონსტრანტებს. ისიც ორ საქმეზეა ერთი დაზიანებით დაზარალებულად ცნობილი. მისგან საღებავითა და სისხლით დასვრილი სამოსი მტკიცებულებად არ ამოუღიათ.
გელა გულორდავამ ირაკლი მიმინოშვილის სახლში დაკავებასა და ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა. ამბობს, რომ წინააღმდეგობა არავის გაუწევია. არც რამე კანონსაწინააღმდეგო ამოუღიათ. ირაკლი თავად უსვამს მას კითხვებს და არა მას პირადად, მაგრამ მის მხლებელ პოლიციელებს ამხელს, რომ ნახევარი საათის განმავლობაში ეხვეწებოდა საპირფარეშოში გასვლას და არ უშვებდნენ. არ მისცეს ირაკლის დას გადაღების საშუალება და უხეშად მოეპყრნენ ამ დროს და-ძმას. ასევე, მანქანაში, გადაყვანისას იყო უხეში გამონათქვამი მისი მისამართით. გულორდავა ამბობს, რომ მსგავსი არაფერი დაუნახავს და მოუსმენია.
მიხეილ მჭედლიშვილმა ჩხრეკა და დაკავება გიორგი გორგაძის სახლში ჩაატარა. ამბობს, რომ ყველაფერმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღია.
პროკურორები აპროტესტებენ ლამის ყველა კითხვას, რასაც ადვოკატები მოწმეებს უსვამენ, მათი ნათქვამის დასაზუსტებლად და სურათის დეტალებში აღსადგენად. მაშინაც კი, როდესაც მოსამართლე არ დააკმაყოფილებს მათ პროტესტს და არ განარიდებს ადვოკატების კითხვას პროკურატურის მოწმეებს, ამ პროტესტით პროკურორები ცდილობენ და ახერხებენ კიდეც, რომ მოწმეებისთვის უხერხული და დამაბნეველი კითხვები დააზღვიონ და პასუხები უკარნახონ.
გიორგი მინდაძის პროცესზე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, მოწმედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი შმაგი ჯაჭვაძე გამოიძახეს. ამბობს, რომ 29 ნოემბერს 9 აპრილის ქუჩაზე ფეხში მოხვდა პიროტექნიკის კაფსულა, გასკდომის შემდეგ ნამწვი და ასე მიიღო დამწვრობა. ამტკიცებს, რომ პიროტექნიკის მსროლელი 21 წლის გიორგი მინდაძეა. შმაგი ჯაჭვაძე პროცესზე პირბადით იყო, კამერებთან ზურგით დარჩენას ცდილობდა, მათ შორის, სიარულისას. დარბაზიდან გამოსვლისას კი თავზე კაპიუშონიც წამოიხურა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 მაისს, ბათუმში მზია ამაღლობელის საქმე, თბილისში კი 11 პირისა და გიორგი ახობაძის საქმეები განიხილება.
ირმა ჭკადუას არგუმენტები, რატომ უნდა გამართლდეს პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირი