საზოგადოება

გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

7 მაისი, 2025 •
გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

დღეს ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის თავად არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს.

მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს კი 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ სხდომა დახურა.

ირაკლი პაპიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული, ხოლო გიორგი ჩიკვაიძე წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა.

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება ედება, 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მეორე დღეს მან სრული შიმშილობა გამოაცხადა.

შიმშილობის მეცხრე დღეს, 20 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.

მას შემდეგ, რაც „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც პროკურატურა „ბიტკოინების საქმეზე” ედავებოდა, საქართველოდან წავიდა და მას სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 11-წლიანი პატიმრობა, გიორგი ჩიკვაიძე ამბობდა, რომ მასზე ზეწოლა გაიზარდა და უთვალთვალებდნენ.

სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რომლის დარღვევასაც ჩიკვაიძეს ედავებიან, მითვისებასა და გაფლანგვას ეხება.

ჩიკვაიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თვლის, რომ მისი, როგორც სისტემის ყოფილი მხარდამჭერის, განსაკუთრებული სიმკაცრით დასჯას ცდილობენ მას შემდეგ, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე უარი თქვა.

პროკურატურა მას ედავება, რომ მოატყუა აჭარელი ბიზნესმენი, რომლისთვისაც იტალიიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა, თუმცა არც იახტა ჩამოუყვანია და არც ფული დაუბრუნებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი