შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო.
სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
მზია ამაღლობელს შსს ედავება 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას, თითქოსდა ამ ქმედებით იერსახე დამახინჯდა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითაა სასამართლოში შესული.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობის კედელზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა გრიგოლ ბესელიამ.
დაკავების კადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელის დაკავების პარალელურად ააძრეს ეს სტიკერი იქვე მდგარმა პოლიციელებმა.
იურისტების განმარტებით, პოლიციას არ აქვს ასკ-ის 150-ე მუხლით ჩადენილის სამართალდარღვევის გამო დაკავების უფლება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს, 7 მაისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი იმართებოდა, მედიისთვის ცნობილი გახდა სასამართლოს განრიგიდან.
ამ დროისთვის უცნობია, მიაწოდეს თუ არა სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია თავად მზია ამაღლობელს.
საიას ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, შსს-მ მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი უსამართლობები არ დაასრულა და ახლა ერთი და იმავე ქმედებისათვის კიდევ ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას.
„მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ახალი ოქმი შეადგინეს. ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძვრეს. შეგახსენებთ, რომ მზია ამ ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჰყავდათ, თუმცა მიხვდნენ, რომ პლაკატის გამო დაკავების უფლება არ ჰქონდათ, ოქმები გააყალბეს და ჩაწერეს, რომ 173-ე მუხლის ჩადენას ედავებოდნენ. ეს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე განიხილა და მზია უსამართლოდ დააჯარიმა.
მზიას მიმართ ჩადენილი უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის კიდევ ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.
მზია ამაღლობელი ოთხი თვეა წინასწარპატიმრობაშია, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო.
მზია ამაღლობელის საქმის შესახებ მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.