საზოგადოება

დაღუპული პატიმრის ადვოკატი ხსნის, რატომ არაა სარწმუნო გამოძიების ვერსია

5 მაისი, 2025 •
დაღუპული პატიმრის ადვოკატი ხსნის, რატომ არაა სარწმუნო გამოძიების ვერსია

ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესებული არ არიან პატიმარ იოსებ გორგაძის საქმის გამოძიებით.

46 წლის იოსებ გორგაძე, რომელიც გლდანის ციხიდან კლინიკა ვივამედში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა.

გორგაძე 2024 წლის ოქტომბერში  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო იყო დაკავებული, რომლის დროსაც 4 ადამიანის დაიღუპა.   დაღუპულები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და თბილისში გამართული წინასაარჩევნო, პარტიული შეხვედრიდან უკან ბრუნდებოდნენ. იოსებ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იყო მოთავსებული.

23 იანვარს გორგაძე მრავლობითი დაზიანებებით გლდანის ციხიდან კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არც ოჯახს და არც ადვოკატს არ ჰქონიათ. ადვოკატმა იოსებ გორგაძის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ციხიდან ზარით გაიგო, მისთვის უცნობი პირისგან, რომელიც პატიმრის თანამესაკნედ გაეცნო.

„შაბათი დღე იყო, დამიკავშირდა ერთ-ერთი ადამიანი, თანამესაკნე ვარო, არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ აშკარად ციხის ნომერი იყო. მითხრა, რომ იოსებ გორგაძე ცუდად გახდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხომ არ იცით რამეო. ვკითხე, თქვენ ვინ ხართ-მეთქი და თანამესაკნე ვარო. რომ ვკითხე, რა მოუვიდა-მეთქი, მითხრა, ცუდად გახდაო, არ უთქვამს, რომ ან წაიქცა, დავარდა ან ვინმემ სცემა. მკითხა, როგორ არისო, მე ვუთხარი, პირველად მესმის ეს ამბავი, ჩემთვის არ იყო ცნობილი, არაფერი არ ვიცი-მეთქი. მეორე დღეს კვირა იყო და, რა თქმა უნდა, ვერ შევხდი, რადგან დასვენება იყო, ვერაფერი ვერ გავაკეთე. ორშაბათს დილას გავარკვიე, რომ ეს ადამიანი ვივამედში იყო მოთავსებული უმძიმესი დაზიანებებით.

დაახლოებით 3-4 დღის დაგვიანებით გავიგეთ ეს ყველაფერი. მანამდე კაციშვილს არ უთქვამს, არც ოჯახისთვის შეუტყობინებიათ. ოჯახმაც ჩემგან გაიგო. ამდენი დღე რატომ არ გაგვაგებინეს, ამაზე არანაირი პოზიცია არ ჰქონიათ“, – აცხადებს მუხრან ღურწკაია.

ინფორმაცია, რომ გლდანის ციხეში ნაცემი პატიმარი ვივამედში მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი, მედიით 29 იანვარს გავრცელდა. ამ დღეს გლდანის ციხესთან იოსებ გორგაძის ახლობლები იყვნენ მისული და ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდნენ. პატიმრის ახლობლები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ მის დაზიანებებში ციხის თანამშრომელთა ხელი ერია.

29 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებდა, რომ 23 იანვარს იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რა დროსაც „მაღალი არტერიული წნევა დაფიქსირდა“.

თუმცა არც პენიტენციურის სამსახურის განცხადებაში და არც ციხის ექიმის მიერ 23 იანვარს შედგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში  არაფერი ყოფილა ნათქვამი იმ მრავლობით ხილულ დაზიანებაზე, რომელიც ადვოკატის თქმით, იოსებ გორგაძეს აღენიშნებოდა.

როგორც ადვოკატი ამბობს, იოსებ გორგაძეს თავის და სახის მიდამოებში დაახლოებით 30 დაზიანება ჰქონდა მიყენებული. ციხის ექიმის მიერ შედგენილ დოკუმენტში კი მხოლოდ ის წერია, რომ საკანში გამოძახებულს იატაკზე მწოლიარე იოსებ გორგაძე უგონო მდგომარეობაში დახვდა, რომელსაც მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა.

„[იოსებ გორგაძე] ერთადერთ სიტყვას ამბობდა – „არა“, სხვა მხრივ [კონტაქტში] არ შემოდიოდა“, – ვკითხულობთ გლდანის ციხის ექიმის მიერ 23 იანვარს შევსებულ დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში ციხის ექიმი იოსებ გორგაძის დიაგნოზად კითხვის ნიშნით უთითებს „თავის ტვინის ინსულტს“ და ამბობს, რომ პატიმარს სტაციონარში ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება.

ფოტო: იოსებ გორგაძის მდგომარეობის შესახებ გლდანის ციხის ექიმის მიერ 23 იანვარს შედგენილი სამედიცინო დოკუმენტი

ციხის სამედიცინო დოკუმენტისგან განსხვავებით, გაცილებით დეტალურად აღწერს იოსებ გორგაძის დაზიანებებს კლინიკა ვივამედში შედგენილი სამედიცინო დასკვნა.

ვივამედის დოკუმენტის თანახმად, იოსებ გორგაძეს აღენიშნებოდა:

  • მწვავე ეპიდურული ჰემატომა
  • ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემორაგია
  • თავის ტვინის კეროვანი ტრავმა
  • სუბდურული ჰემატომა
  • ქალა-სარქვლის მოტეხილობა
  • ფუძის ძვლების მოტეხილობა
  • თავის ზედაპირული ტრავმა
  • თვალისა და თვალბუდის სხვა ტრავმები

„იოსებ გორგაძე №8 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში მოყვანილია ჩივილებით: თავის ტკივილი, პერიოდულად დეზორიენტაცია, ძილიანობა, აღენიშნება სისხლიანი გამონადენი ცხვირიდან, მარცხენა წარბის მიდამოში მცირე ზომის ნახეთქი სისხლმდენი ჭრილობა, მარცხნივ თხემის არეში ექსკორიაცია, კანქვეშა ჰემატომა“,  – ვკითხულობთ ვივამედის მოკლე ანამნეზში.

 

ფოტო: კლინიკა ვივამედის სამედიცინო დოკუმენტი იოსებ გორგაძის მდგომარეობის შესახებ

29 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში სპეციალური პენიტენციური სამსახური ამბობდა, რომ იოსებ გორგაძის საქმეზე გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი აწარმოებდა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

პენიტენციურის ცნობით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც.

თუმცა, ზუსტად რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, იოსებ გორგაძის ადვოკატისთვის უცნობია. იოსებ გორგაძე ისე დაიღუპა, მისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ. შესაბამისად, ადვოკატს ამ დრომდე არ აქვს წვდომა საქმის მასალებზე.

იოსებ გორგაძის დაღუპვის შემდეგ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ  „ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება“.

აღნიშნულ ვერსიას არ იზიარებს იოსებ გორგაძის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია. ადვოკატის თქმით, შეუძლებელია აღნიშნული დაზიანებები იოსებ გორგაძეს მხოლოდ ძირს დაცემით მიეღო. მისი თქმით, ამას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც დაცვის მხარემ ჩაატარა.

„გამოძიება არ მიდის იმ კუთხით, რაც არის გამოსაძიებელი. გამოძიება მიდის იმ კუთხით, რომ ვითომ ეს ადამიანი საპირფარეშოში შევიდა, წაიქცა და მიიღო ეს დაზიანებები. შეიძლება უკან ერთი წაქცევით კაცს შუბლი გაუტყდეს?! გამოძიების ვერსიაა, რომ უკან წაიქცაო. თუნდაც სასწაული სიმძიმით დაერტყა თავი, ერთი წაქცევით შეიძლება შუბლი გაუსკდეს ადამიანს?! წარმოუდგენელია.

ფაქტია, რომ ადამიანს უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, თავის და სახის არეში ძვლები არ ჰქონდა დარჩენილი, ყვრიმალი მოტეხილი ჰქონდა, ქალა-ფუძის ყველა წერტილის სრულად მოტეხილობა ჰქონდა და ესენი ავითარებენ ვერსიას, რომ თურმე გონება დაკარგა, წაიქცა და ამ დროს მიიღო ეს დაზიანებები. სამარცხვინოა, რასაც ისინი ავრცელებენ.

იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი თავის სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში ამდენ დაზიანებას ვერ მიიღებდა, გაცემულია  ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ადამიანს აქვს მძიმე დაზიანებები, რომელიც სიცოცხლისთვის არის სახიფათო და იმ პერიოდის ხანდაზმულობას არ ეწინააღმდეგება. ამავე დროს, აღნიშნულია, რომ შეუძლებელია ვარდნით ის დაზიანებები მიიღოს ადამიანმა, რაც გორგაძეს ჰქონდა მიღებული. ამას ამბობს ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერტიზა. ეს არის დადასტურებული ფაქტი, მაგრამ არავინ არ ამბობს, რომ ეს ასეა. ფაქტია, რომ არ უნდათ გამოძიების ბოლომდე მიყვანა“, – აცხადებს მუხრან ღურწკაია.

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატს საქმის მასალებზე წვდომა არ აქვს, მისი ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში არ დაუნიშნავთ მსგავსი ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა, შესაძლებელია თუ არა ასეთი დაზიანებების მიღება ვარდნის დროს.

„რაღაც ექსპერტიზები დანიშნულია, მაგრამ მე დეტალები არ ვიცი. 4 თვე გავიდა და გამოძიების ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზის პასუხები არ იყო მოსული. როცა უნდათ, ეგრევე  მოდის ეს დასკვნები და წინა კვირაში ჯერ კიდევ არ იყო მოსული“, – აცხადებს მუხრან ღურწკაია.

როგორც ადვოკატი ამბობს, მისი ინფორმაციით, იოსებ გორგაძესთან ერთად საკანში კიდევ ორი ადამიანი იჯდა. თუმცა იოსებ გორგაძეს არც პატიმრებისა და არც ციხის პერსონალის მხრიდან შევიწროებაზე მასთან არასდროს დაუჩივლია.

„უსიტყვო ადამიანი იყო, ყველა ასე ახასიათებს. გლდანში რომ შევდიოდი, ორ სიტყვას ვერ ვათქმევინებდი ხოლმე. ხომ არიან აქტიური ადამიანები, სიტყვას რომ არავის შეარჩენენ, საერთოდ არ იყო ასეთი ეს ადამიანი. მოსამართლემაც ძლივს ათქმევინა სახელი და გვარი პროცესზე. უპატიოსნესი ადამიანი იყო, თავი შრომით, მესაქონლეობით გაჰქონდა. წალკიდან თბილისში აბარებდა პირუტყვს. ადმინისტრაციულ სახდელდადებულიც კი არ ყოფილა ოდესმე.

იოსებ გორგაძეს არასდროს დაუჩივლია, რომ ციხეში ვინმე ავიწროებდა. მსგავსი რამ არ ყოფილა. არაფერი არ უთქვამს ამ ადამიანს. 17 იანვარს იოსებ გორგაძის პროცესი მქონდა, ჩვეულებრივად იყო. ოჯახისთვისაც არაფერი არ უთქვამს. ეს ხდება სპონტანურად, არ ჰქონია არანაირი კონფლიქტი ან დაძაბულობა ვინმესთან. ვინმეს წარმოუდგენია, რომ პატიმარმა პატიმარი სცემოს და ციხე მაგას დამალავს?! დამალავს კი არა,  რიგითი ჩხუბი რომ მოხდეს, ეგრევე ბრალს წაუყენებენ და საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებენ.

ამ ადამიანის დაზიანებების მიხედვით მე ერთი რამ ვიცი, რომ ამას მარტო პატიმრები ასე ვერ იზამდნენ, რადგან მაშინ ციხე ამაზე რეაგირებას მოახდენდა. შეუძლებელია, რომ ამაში ვინმე არ იყოს ჩარეული, გამორიცხულია. თუმცა მე არ ვიცი, რა მიზნით, ვინ და როგორ გააკეთა“, – აცხადებს მუხრან ღურწკაია და დასძენს, რომ იოსებ გორგაძის საქმის წაღებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.

გამოძიების ვერსიის არ სჯერა იოსებ გორგაძის ძმას, შოთა გორგაძესაც. მისი თქმით, არავის არაფერი გამოუძიებია. შოთა გორგაძე მიიჩნევს, რომ მისი ძმა ციხის ბადრაგებმა სასტიკად სცემეს.

დაღუპული პატიმრის ძმა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება, თუმცა როდის, ჯერ უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი