დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული ნიკოლოზ კაციას სასამართლო პროცესი გაიმართა.
მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება. დაცვის მხარემ დღეს წარმოადგინა ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგები, რომლებიც კაციას ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ადასტურებს, რომ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება “ჩაუდეს”.
დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო, რადგან პროკურორის თქმით, ის უნდა გასცნობოდა ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგებს.
“ჩვენ, დაცვის მხარემ, მოვითხოვეთ ალტერნატიული ექსპერტიზა. მივმართეთ სამხარაულის ეროვნულ საექსპერტო ბიუროს. შესაბამისად, ორი დღის წინ მოვიდა დასკვნა იმ ექსპერტიზაზე, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვითხოვდით, ნიკოლოზ კაციას ნარკოლოგიური შემოწმება მომხდარიყო. ამას გამოძიების ეტაპზეც ვითხოვდით, ბრალდების მხარესთან ვიშუამდგომლეთ, თუმცა ბრალდების მხარემ (პროკურატურამ) უარი გვითხრა შემოწმებაზე.
სანაცვლოდ ჩვენ თავად მივმართეთ სამხარაულის საექსპერტო ბიუროს, რომელმაც დაადგინა, რომ ნიკოლოზ კაციას არ მოუხმარია ნარკოლოგიური საშუალებები. დანიშნული გვქონდა კიდევ ერთი ექსპერტიზა, რომელსაც უნდა აღმოეჩინა თითის ნაკვალევი იმ გადასაფუთ ქაღალდზე, რომელიც თითქოს ნიკოლოზ კაციას ჯიბეში ედო. აღნიშნულ პაკეტზე თითის კვალი არ ამოსულა. ეს გარემოება ერთობლიობაში ცხადყოფს იმას, რასაც ნიკოლოზ კაცია დაკავების მომენტიდანვე ამბობდა – მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს”, – თქვა ნიკა კაციას ადვოკატმა ნინო ლომინაძემ ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას.
გარდა ამისა, ნიკა კაციამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, რომ საბადრაგო სამსახური სარდაფში დაჯდომის საშუალებას არ აძლევს და სასამართლომდე ბუქნებს აკეთებინებენ.
„საბადრაგო სამსახური არ მაძლევს სარდაფში დაჯდომის საშუალებას, ფურცლები მოვითხოვე და არ მომცეს. გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები, ეს ყველა შემთხვევაში უნდა ვთქვა და რატომღაც, ძალიან უცნაურად ემთხვევა, სასამართლომდე წამოსვლის წინ არ მეძლევა საშუალება, წამომეღო არც ცარიელი ფურცელი და არც პასტა”, – თქვა მან პროცესის დაწყებამდე.
ნიკა კაცია, რომელიც პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, 2024 წლის 7 დეკემბერს აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს. ამჟამად მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება.