საზოგადოება

როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას

18 აპრილი, 2025 •
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას

ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას.

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოება შეაგუოს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის შეჩერებას.  ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ამაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება დღის წესრიგში დგას და თუ ეს მოხდება, ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება იქნება საქართველოს უამრავი მოქალაქისთვის, რომელიც ამით სარგებლობს.

თუმცა, ბოკუჩავას თქმით, უვიზო მიმოსვლა არის პრივილეგია, რომელსაც ევროკავშირი ქვეყნებს ანიჭებს კონკრეტულ ღირებულებებზე დაყრდნობით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფეხქვეშ თელავს.

„უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი პრივილეგია, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის მხრიდან. ეს არის პრივილეგია, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ღირებულებებზე, ფასეულობებზე, რომელთა არა მხოლოდ მასობრივი დარღვევა, არამედ ფეხქვეშ გათელვა ხდება ყოველდღიურად ივანიშვილის რუსული ოცნების მხრიდან. ამიტომ, ის სამართლებრივი საფუძველი, რაც არსებობს უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, აღიგავა, მოსპო და გაანადგურა ბიძინა ივანიშვილმა. ეს საფუძვლები მოირღვა, აღარ არსებობს, გაანადგურა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც ჩვენ ვარდების რევოლუციისა და მას შედეგ გატარებული რეფორმების შედეგად მოვიპოვეთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსთან“.

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბარი იმიტომ დაიწყო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ სხვა სანქციების დასაწესებლად კონსენსუსი ვერ დგება. უვიზო მიმოსვლის შეჩერებას კი კონსენსუსი არ სჭირდება და მხოლოდ 14 ქვეყნის თანხმობაც საკმარისია.

„უვიზო მიმოსვლის შეჩერება მხოლოდ იმიტომ განიხილება, რომ ბიძინაზე და მის მარიონეტებზე დამიზნებულ სანქციებს კონსენსუსი სჭირდება და უნგრეთი ბლოკავს რეჟიმის თხოვნით. უვიზოს შეჩერება უბრალო უმრავლესობით, უნგრეთის გარეშე შეიძლება. ანუ ბიძინამ საკუთარი თავიდან სანქციები რომ აირიდოს, თავის ამომრჩეველს უვიზოს უუქმებს – რა ენაღვლება, თვითონ და თავისი ოჯახი ხომ საფრანგეთის მოქალაქეები არიან“, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის შანსს ბიძინა ივანიშვილი ართმევს, რადგან ასეთია რუსეთის დავალება.

„პაპუაშვილები და წილოსნები რას გებჟუტურებიან, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მარტივი ამბავია, ივანიშვილი გართმევთ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის შანსს.

ასეთ იდიოტად მიაჩნდეს ვინმეს საკუთარი ამომრჩეველი, როგორც ქართულ ოცნებას, არ მახსენდება მაგალითი, არც აქ და არც სხვა ქვეყანაში. გაკოტრდება თურმე ევროპა, უვიზოდ რომ ვეღარ ჩავა იქ საქართველოს მოქალაქე“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით,  ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია. მისი თქმით, „ოცნების“ წარმომადგენლები უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის ნიადაგს ამზადებენ.

„ქართული ოცნება“ გვართმევს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ. ჯერ გვეუბნებიან- „ვიზალიბერალიზაცია დიდი არაფერია“. ეს სიტყვები შემთხვევით არ თქმულა, მათ უნდა, დაგვათმობინონ ის, რაც თავისუფლების სიმბოლოა. ამ ყველაფრის უკან კი ერთი მიზანია: საზოგადოება შეეგუოს უარესს და მოამზადონ ნიადაგი უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის.

რატომ? – იმიტომ, რომ იბრძვიან არა ხალხის, არამედ საკუთარი ძალაუფლებისთვის. ამიტომ ებრძვიან ევროპას, ამიტომ დევნიან პროდასავლურ ახალგაზრდებს, ამიტომ იღებენ რუსულ კანონებს.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველს და გარიყულს. რაში გვჭირდება რეჟიმი, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, ძალადობს მოქალაქეებზე და ძარცვავს ხალხს?“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ საქართველოს უვიზო მიმოსვლას გაუუქმებენ, ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლებას დაეკისრება, რომელმაც მის მიერ წარსულში გატარებული რეფორმები უკან წაიღო.

„თავის დროზე ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ ხელისუფლების მიერ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის მიმართულებით რეფორმების გატარების გამო. არანაირი დიფ სთეითი და გლობალური ომის პარტია არ იყო ამაში ჩართული. საჯარო მოხელეებმა ეს ყველაზე კარგად იციან. ამისთვის ვასწორებდით დღეს და ღამეს. დღეს თუ უვიზო მიმოსვლას გაგვიუქმებენ, იქნება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელმაც სრულად გააჩერა მომავალი რეფორმები და მის მიერ წარსულში გატარებული რეფორმებიც უკან წაიღო. ანუ, ესეც არანაირი დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის მხრიდან შანტაჟის ბრალი არ იქნება.

უვიზო მიმოსვლის გაუქმება ნიშნავს ათასობით ქართველისთვის ვიზების დაუსრულებელ რიგში დგომას, სოლიდური სავიზო მოსაკრებლების გადახდას, დასაქმების და ხელფასის ცნობის აღებას (რასაც ყველა ვერ იღებს იმიტომ, რომ თვითდასაქმებულია ან უმუშევარი), მგზავრობის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას, რაც ყოველთვის უდიდეს რესურსთან იყო დაკავშირებული და ა.შ. ანუ, უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის ნიშნავს პრაქტიკულად ევროპაში სიარულის აკრძალვას იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ ვერ დააკმაყოფილებენ ვიზის აღების უზარმაზარ ბიუროკრატიულ მოთხოვნებს. ეს არის უდიდესი ტვირთი ქართველი სტუდენტებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ევროპაში დროებით დასაქმებულებისთვის. უვიზოს გაუქმება თანაბრად შეეხება მათ შორის „ოცნების“ ამომრჩეველს.

რა თქმა უნდა, მე ამ გადაწყვეტილება მხარს არ ვუჭერ და არც არასოდეს ვუჭერდი. თუ ეს მოხდება, რისხვა შეგიძლიათ მხოლოდ „ოცნებისკენ“ მიმართოთ“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება ყველაზე მეტად და მძიმედ იმ ოჯახებს დაარტყამს, ვისაც ემიგრანტი მშობელი, შვილი და ახლობელი ჰყავს.

„იმაზე მძიმე არაფერი იქნება, მშობლებსა და შვილებს ერთმანეთის ნახვა გაუჭირდეთ და თვეობით ისევ ვიზის რიგებში დგომა მოუწიოთ. ბიზნეს, საგანმანათლებლო, სამოგზაურო და სხვა ურთიერთობებზე აღარაფერს ვამბობ.

ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობა „ოცნებას“ ეკისრება. უვიზო მიმოსვლა ძალიან კონკრეტულ პირობებსა და პრინციპებს ეფუძნება. არ შეიძლება ევროკავშირს მტერს და „გლობალურ ომის პარტიას“ ეძახდე, არჩევნებს იპარავდე, ქვეყანაში დემონსტრანტებს სასიკვდილოდ სცემდე, პოლიტპატიმრები გყავდეს და თან მოლოდინი გქონდეს, რომ ის ისევ შემოგხედავს, როგორც მეგობარს, და ოჯახის კარს სიხარულით გაგიღებს.

„ოცნებას“ ეს ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ახალგაზრდები თუ ასაკოვანი ადამიანები სულ ფეხებზე ჰკიდია. საერთოდ არ ადარდებთ ამ ქვეყნის მომავალი, რადგანაც მათ სურთ მხოლოდ ფული და ძალაუფლება. ამის გამო ყველაფერს გაყიდიან და ყველაფერს იკადრებენ. ტრაგედია ისაა, რომ მათ მიერ ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებას ძალიან დიდი ხანი დასჭირდება – ისევე, როგორც იმ ლაქის ჩამორეცხვას, რომლითაც ისინი საქართველოს ისტორიაში შევლენ“, – აცხადებს ლევან ცუცქირიძე.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი,  ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ისეთ რეჟიმს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას არავინ არ დაუტოვებს და ამიტომ საზოგადოებამ თავი არ უნდა მოიტყუოს.

„იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება! აბა, რუსეთთან შეკრულ და ირანთან და ჩინეთთან გადაფსკვნილ, ევროპის მაგინებელ და დამაზიანებელ ავტოკრატიულ რეჟიმს, არჩევნების მომპარავ, ხალხის დამრბევ და ციხეში ჩამყრელ დემოკრატიის დამაქცევრებს უვიზოს არავინ არ დაუტოვებს. თავი არ მოვიტყუოთ და სხვას არავის დავაბრალოთ! უვიზოს მოხსნა = ბიძინას!“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს საქართველოს და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობენ.

ევროკავშირს შეუძლია შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, თუ ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა აღარ აკმაყოფილებს შეთანხმების პირობებს.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნა შეუძლია ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოს ან ევროკომისიას. შესაბამისად,  ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის შეტყობინების საფუძველზე მიმართავს ევროპარლამენტს და მინისტრთა საბჭოს და წარადგენს ანგარიშს, რომლითაც ადასტურებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებიდან რომელიმე ირღვევა. ამის შემდეგ საკითხს ევროკავშირის მინისტრთა საბჭო განიხილავს და ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან უბრალო უმრავლესობით ანუ მინიმუმ 14 ქვეყნის მხარდაჭერით  კონკრეტულ სახელმწიფოსთან დროებით, 9 თვით აჩერებს უვიზო მიმოსვლას.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ, ამ 9-თვიან პერიოდში, ევროკომისია აგრძელებს დიალოგს კონკრეტულ ქვეყანასთან, რათა სადავო გარემოებები აღმოიფხვრას, რის გამოც შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ამ 9 თვეში სადავო გარემოებებს არ გამოასწორებს, მაშინ კომისიას შეუძლია, რომ მასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება კიდევ 18 თვით გაახანგრძლივოს.

იმ შემთხვევაში, თუ ეს გარემოებები არც 18 თვეში აღმოიფხვრა, ამის შემდეგ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს შეუძლია უბრალო უმრავლესობით (მინიმუმ 14 ქვეყნის მხარდაჭერით) კონკრეტულ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა საერთოდ გაწყვიტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი