ახალი ამბები

პაპუაშვილი: რაიმე ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?

18 აპრილი, 2025 •
პაპუაშვილი: რაიმე ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არ ელის.

ამავდროულად, აკნინებს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამბობს, რომ იმავე სარგებელს ნახულობენ ევროპული ქვეყნები, სადაც ქართველ ტურისტებს „ფული შეაქვთ“.

„რაიმე ღვთიური მანანა არის უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა? ეს ის ხომ არ არის, რაღაც ზემოდან ქედმაღლური ყურება პერიფერიისთვის, რომ ჩვენზე მოდის მადლი, რომ გვაძლევს შესაძლებლობას, შემოხვიდეთ. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა საშუალო 1%-ია და საქართველოსი – 10 % იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ ეკონომიკურად სწორად. თუ ვიზები ჩაკეტეს, არავინ შეუშვეს ტურისტი და ფული არ ხარჯა, ესეც [1%-იანი ზრდა} არ ექნება“, — ასე უპასუხა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩს, რომელმაც თქვა, რომ უვიზო მიმოსვლა პრივილეგიაა.

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი ცდილობს სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის და შანტაჟის ინსტრუმენტის მოიპოვოს და ამიტომ ამარტივებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას.

ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირს მიეცემა შემდეგი ახალი საფუძველი უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად:

  • როდესაც ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყანა არ იცავს იმავე სავიზო წესებს, რასაც ევროკავშირი, და ეს იწვევს უფრო მეტი ადამიანის შესვლას ევროკავშირში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქვეყანა გეოგრაფიულად ახლოს არის ევროკავშირთან;
  • ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობა გაიცემა წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ;
  • ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა თუ პროცედურებში.

ევროკავშირი ასევე შეძლებს შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ ქვეყანასთან, თუ მათი საგარეო ურთიერთობა ამ ქვეყანასთან მოულოდნელად გაუარესდება, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.

შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველია უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნიდან არსებითი ზრდა მოქალაქეების, რომელთაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დაშვებულზე მეტხანს რჩებიან შენგენის ზონაში; თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდა, რომლის აღიარების მაჩვენებელი დაბალია; ევროკავშირთან თანამშრომლობის შემცირება რეადმისიაზე; საფრთხე შიდა უსაფრთხოებისთვის (მაგ. სისხლის სამართლის დანაშაულების გაზრდის გამო).

ევროკავშირი უფრო მარტივად შეძლებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას

მასალების გადაბეჭდვის წესი