საზოგადოება

“ეს რეპრესიებია” – ევროპარლამენტარი გრანტების წინააღმდეგ “ოცნების” კანონზე

16 აპრილი, 2025 •
“ეს რეპრესიებია” – ევროპარლამენტარი გრანტების წინააღმდეგ “ოცნების” კანონზე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე X-ზე გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება “ქართული ოცნების” მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტების გაცემა/მიღების აკრძალვას და ევროკავშირის წარმომადგენლებს ქმედებისკენ მოუწოდებს.

“საქართველო უფრო ღრმად მიდის ავტორიტარიზმისკენ.

“ქართული ოცნების” მიერ დაწესებული ახალი კანონი აიძულებს საერთაშორისო დონორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის ან სამოქალაქო ჯგუფების დასაფინანსებლად ჯერ მთავრობის თანხმობა მიიღონ.

ვერც ევროკავშირი და ვერც საგარეო დახმარება ვერ მიაღწევს იმას, რომ დამოუკიდებელი ხმები გახმიანდეს, თუ არ გაამართლებს იმ რეჟიმს, რომელიც თავად მათ გაჩუმებას ცდილობს.

ეს არის სახელმწიფოს ხელში ჩაგდების წმინდა მაგალითი. ამის მიზანია, დაისაჯონ მომიტინგეები, განადგურდეს კრიტიკული მედია და მხოლოდ რეჟიმის მიმართ ლოიალური არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსდნენ. “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ეს არის გამჭვირვალობა, მაგრამ სინამდვილეში ეს რეპრესიებია, პირდაპირ ლუკაშენკოს თამაშის სახელმძღვანელოდან გადმოწერილი”, – წერს ევროპარლამენტარი.

მისივე თქმით, ევროპამ უნდა დააწესოს სანქციები “ქართული ოცნებისთვის” და მოუწოდოს მათ, დანიშნონ ახალი არჩევნები.

როგორც რასა იუკნევიჩიანემ აღნიშნა, ევროპა საქართველო ბელორუსად გადაქცევას ვერ დაუშვებს.

“თითქოს, ეს არ იყოს საკმარისი, ბანკები იძულებულნი არიან გასცენ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების პერსონალური მონაცემები, გამოგონილი ბრალდების გამო, “საბოტაჟის” შესახებ.

ამის გასამართლებლად სახელმწიფო მათ მიერ “დატყვევებულ” მოსამართლეებს იყენებს.

მეგობრებო ევროკავშირიდან – არ შეიძლება ეს ყველაფერი უპასუხოდ დარჩეს!

ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციები, სრულად გადავხედოთ ევროკავშირი-საქართველოს პოლიტიკას და მოვუწოდოთ ახალი არჩევნებისკენ.

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველო ბელორუსად გადაქცევას ვერ დავუშვებთ”, – აღნიშნულია ევროპარლამენტარის პოსტში.

7 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მორიგი რეპრესიული ცვლილებები დააანონსა. დღეს კი, 16 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ აკრძალა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მორიგი რეპრესიული კანონი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში განიხილა და დაამტკიცა.

ცვლილებები ამჯერად გრანტის გამცემს (დონორს) ავალდებულებს, რომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს და წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

შესაბამისი თანხმობის მისაღებად გრანტის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს.

„ოცნებამ“ საბოლოოდ აკრძალა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი