გუშინ, 27 მარტს, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა „მეგობარი აქტი”, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
თუმცა კანონპროექტს საბოლოოდ მიღებისთვის სჭირდება როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა. კანონპროექტმა კონგრესის ორივე პალატაში ერთი და იგივე პროცედურა უნდა გაიაროს, სანამ ხელმოსაწერად პრეზიდენტს წარედგინება.
სენატის საგარეო კომიტეტზე დამტკიცების შემდეგ:
- „მეგობარი აქტი“ განსახილველად, შესწორებებისა და კენჭისყრისთვის სენატის საერთო სესიაზე გადავა. იმისათვის, რომ სენატში „მეგობარი აქტი“ გავიდეს, საჭიროა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა;
- სენატში მიღების შემდეგ „მეგობარი აქტი“ დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატაში გადაინაცვლებს, სადაც იმავე პროცედურის გავლაა საჭირო, რაც სენატში;
- თუ სენატიც და წარმომადგენელთა პალატაც „მეგობარი აქტის“ იდენტურ ვერსიას მიიღებს, მაშინ ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატა და სენატი განსხვავებულ ვერსიებს მიიღებენ, მაშინ კანონპროექტი „მომრიგებელ კომიტეტს“ გადაეცემა, რომელიც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებისგან შედგება. ამ კომიტეტში განხილვის შედეგად მიღებული კანონპროექტი უბრუნდება წარმომადგენელთა პალატასა და სენატს საბოლოოდ დასამტკიცებლად;
- მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატაც და სენატიც „მეგობარი აქტს“ დაამტკიცებენ, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეცემა;
- აშშ-ის პრეზიდენტს 10 დღე აქვს იმისთვის, რომ კანონპროექტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.
როგორც ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ამბობს, ვინაიდან „მეგობარი აქტს“ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, შესაძლოა, მისი მიღების პროცესი შედარებით სწრაფად წავიდეს წინ და გარკვეულ საფეხურებზე გადახტომა მოხდეს.
„ჩემთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს იყოს 1 თვეში და შეიძლება რამდენიმე თვეც დასჭირდეს [საბოლოოდ მისაღებად]. თუმცა ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სენატში, ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანო ეცდება საქართველოს მხარდამჭერი აქტის სწრაფად წინ წაწევას“, – განაცხადა ანი ჩხიკვაძემ „ფორმულასთან“.
„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში, იმ დროს წარადგინა, როცა „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს იღებდა. ის 2025 წლის იანვარშიც წარადგინეს ხელმეორედ. სენატში კანონპროექტი რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა წარადგინეს.
კანონპროექტის ავტორების თანახმად, „მეგობარი აქტი“:
- აინიციირებს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;
- მოითხოვს, პრეზიდენტმა დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანაში;
- მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს;
- გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მუდმივი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
- მხარს უჭირს სამოქალაქო საზოგადოებას.