„ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“ ციხეში დააბრუნეს.
თავდაპირველი ინფორმაციით, მზია ამაღლობელი ციხეში 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ. ადვოკატებიც მის მონახულებას დღეს, 27 თებერვალს, უკვე რუსთავის ქალთა კოლონიაში აპირებდნენ და ამ ვითარებაში გაირკვა, რომ პენიტენციურ სამსახურს ციხეში არ ჰყავდა გადაყვანილი. ის ციხეში დღეს საღამოს გადაიყვანეს.
მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. ის კვლევების ჩატარების მიზნით ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩებოდა. მან 38-დღიანი შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.
ბათუმელები/ნეტგაზეთის მენეჯერი მზია ამაღლობელი ერთ ღამეში 2-ჯერ დააკავეს. ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ, უკვე 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
მზია ამაღლობელმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.
ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეორე დღესვე იყო ინფორმირებული. თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ უწყებამ მხოლოდ 22 იანვარს განაცხადა. უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის’ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.
პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარიდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება ამაღლობელის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა მიიღო.
13 თებერვალს ამაღლობელის იურისტებმა, საქმეში ახალი გარემობებების გამოვლენის მოტივით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით მიმართეს. 14 თებერვალს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. 16 თებერვალს ყოლბაიას გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდა. თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად. ამჯერად, გადაწყვეტილება მოსამართლე ვერა დოლიძემ მიიღო.
არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.
ამავე თემაზე: