საზოგადოება

სააპელაციომ მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად

19 თებერვალი, 2025 •
სააპელაციომ მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად მზია ამაღლობელის უფლებადამცველების სარჩელი. ამჯერად, გადაწყვეტილება მოსამართლე ვერა დოლიძემ მიიღო. დასაბუთება ადვოკატებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ.

ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო მათი შუამდგომლობა ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

შუამდგომლობაში ამაღლობელის ადვოკატები მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე. მათ შორის იმაზე, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულად დაკავების ოქმი გაყალბებულა. არადა, სწორედ ამ ოქმის საფუძველზე მოითხოვეს პროკურორებმა – ვლადიმერ თურმანიძემ და თორნიკე გოგეშვილმა ამაღლობელის პატიმრობა 14 იანვარს. მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

კიდევ ერთი მტკიცება, რის გამოც ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს, იყო მოწმეებზე ზეწოლის რისკი. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ პროკურორების ეს მტკიცება თავიდანვე დაუსაბუთებელი იყო, ამ დროისთვის ამის თეორიული რისკიც კი არ არსებობს: გამოძიებამ მზია ამაღლობელის პატიმრობის მოთხოვნის შემდეგ გამოჰკითხა აჭარის პოლიციის სამმართველოს 4 პოლიციელი, მანამდე გამოკითხული ჰყავდა ამავე სამმართველოს 2 პოლიციელი.

აშკარაა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა არ იყო საჭირო იმისათვის, რომ გამოძიებას გამოეკითხა 4 პოლიციელი, რომლებზეც მზიას მხრიდან ზეწოლის საფრთხე თეორიულადაც კი გამორიცხული იყო, არათუ აკმაყოფილებდა ასეთი საფრთხის არსებობის გონივრული ეჭვის რაიმე სტანდარტს.

გარდა ამისა, მზია ამაღლობელისათვის ბრალად შერაცხული ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოკადრზე, რომლის შეცვლაც შეუძლებელია რომელიმე მოწმეზე ზემოქმედებით.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ არც კი განიხილა მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა. სწორედ ყოლბაიას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციოში. თუმცა საქმის განხილვაზე მეორე ინსტანციის სასამართლომაც თქვა უარი, ამჯერად – მოსამართლე ვერა დოლიძემ.

ეს არ არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე უარის თქმის პირველი შემთხვევა. 21 იანვარს მალხაზ ოქროპირაშვილმაც დაუშვებლად ცნო სარჩელი, რომლითაც მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება გაასაჩივრეს.

24 იანვარს ოქროპირაშვილის გადაწყვეტილება მის სახლთან სიმბოლური საპროტესტო აქციით გაასაჩივრეს მზია ამაღლობელის კოლეგებმა და გულშემატკივებმა. 10 დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ მათგანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. უწყება მათ შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავებოდა. 10 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ ცხრავე მათგანი – მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი და ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ქეთევან ფილაური, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, ირმა ზარანდია, გივი ცინცაძე სამართალდამრღვევად ცნო და თითოეული 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.


მზია ამაღლობელი “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორია. გუშინ, 18 თებერვალს, 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ მან საკების მიღების გადაწყვეტლება მიიღო.

ამაღლობელი ერთ ღამეში 2-ჯერ დააკავეს. ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ, უკვე 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.

მზია ამაღლობელმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.

ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეორე დღესვე იყო ინფორმირებული. თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ უწყებამ მხოლოდ 22 იანვარს განაცხადა. უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის’ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.

პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარიდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი