სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ეხმაურება “ოცნების ქალაქში” ბავშვების დაღუპვას. მათი შეფასებით, მომხდარი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ არის უზრუნველყოფილი.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “ოცნების ქალაქში” მცხოვრები ოჯახებისთვის “არ იქნა შეთავაზებული უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები და არ განხორციელებულა ბავშვთა დაცვის საკმარისი ღონისძიებები, რათა არ აღმოჩენილიყვნენ სიღარიბისა და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში”.
სოციალური მუშაკები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბავშვების დაცვა, განათლება და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებიაა. ეს ვალდებულება აქვს ქვეყანას როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო კონვენციებით.
სოციალური მუშაკები ყურადღებას ამახვილებენ სახელმწიფო ზრუნვისა სააგენტოს პასუიხსმგელობაზე, რომელიც “უნდა აკონტროლებდეს და უზრუნველყოფდეს დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას, ხოლო მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას აქვს ვალდებულება, დაიცვას ბავშვთა უფლებები და მხარი დაუჭიროს მათ”.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის პასუხისმგებლობაზეც, რომელიც “ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლო ნებართვის გაცემისა და პროცესის მონიტორინგი”,
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება სვამს 5 ძირითად კითხვას, რომლებზე პასუხის გაცემაც აუცილებელია იმისთვის, რომ გამოიკვეთოს მომხდარზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა და შესაძლებელი გახდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია.
“მთავარი კითხვები და მოთხოვნები:
- რომელი უწყების სამსახური ახდენდა იდენტიფიცირებას და მუშაობდა “ოცნების ქალაქში” მცხოვრებ მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებთან?
- რა ტიპის მომსახურება მიეწოდათ ოჯახებს, რათა ოჯახებს ჰქონოდათ უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო?
- რა ტიპის მომსახურება მიეწოდათ ოჯახებს, რათა დაკმაყოფილებული ყოფილიყო ბავშვების ბაზისური საჭიროებები?
- რა რესურსი ან გეგმა არსებობს მუნიციპალიტეტში მსგავსი კრიზისული სიტუაციების თავიდან ასარიდებლად?
- რა ღონისძიებები განახორციელა ქ. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ქალაქში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად?
მოვითხოვთ, მოცემულ კითხვებზე გაკეთდეს საჯარო განცხადება და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაუყოვნებლივ, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვით”, – აცხადებენ სოციალური მუშაკები.
15 თებერვალს ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, თხრილში ორი ბავშვი ჩავარდა. ბავშვები რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი დაიღუპა.
ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, მცირე მანძილით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც 8 თებერვალს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა ჩააგდო. ამ ღონისძიებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაიხარჯა.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, არ არის სამშენებლო ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი.
ამავე თემაზე:
- არაერთი ბავშვი იმსხვერპლა გულგრილობამ და უპასუხისმგებლობამ, რომლის პრევენცია სახელმწიფო ეკისრება – PHR
- იოსელიანი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებას მოითხოვს, “რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები”
- ბათუმში დაღუპული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს კვერცხები და მანდარინები ესროლეს