ახალი ამბები

ვეჭვობთ, რომ პრობაციის სააგენტოდან სოციალურ მუშაკებს პოლიტიკური შეხედულების გამო ათავისუფლებენ – ასოციაცია

26 დეკემბერი, 2024 •
ვეჭვობთ, რომ პრობაციის სააგენტოდან სოციალურ მუშაკებს პოლიტიკური შეხედულების გამო ათავისუფლებენ – ასოციაცია

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა ნაწილს მომდევნო წლიდან ხელშეკრულებას არ გაუგრძელებენ. გაერთიანება ვარაუდობს, რომ მიზეზი ამ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება იყოს.

გაერთიანებაში აცხადებენ, რომ კვალიფიციურ სოციალურ მუშაკებს ათავისუფლებენ იმ ფონზე, როცა გამოცდილი და პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა როგორც ამ უწყებაში, ისე ზოგადად, ქვეყანაში.

“ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ დრომდე დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსების მხრიდან ეს თემები არ განხილულა, სოციალურ მუშაკებს ჩვეულ რეჟიმში ეწერებოდათ საქმეები და აგრძელებდნენ მუშაობას.

ამასთან ერთად, ქვეყანაში არსებობს კვალიფიციური სოციალური მუშაკების კრიტიკული დეფიციტი, რის გამოც ხშირად დასაქმებულებს უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება პირადი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის ხარჯზე. ამ ფაქტს თავად სოციალური მუშაკების დამსაქმებლებიც ხშირად აღნიშნავენ. შესაბამისად, არ არსებობდა კადრების შემცირების რაიმე საჭიროება, არამედ – პირიქით”, – ვკითხულობთ გაერთიანების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორისაა ქუთაისის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ერთადერთი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.

“ამ სპეციალისტების მუშაობის გარეშე ცენტრის ფუნქციონირება შეუძლებელია”, – ამბობენ გაერთიანებაში.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, სოციალური მუშაკები დღის განმავლობაში აპირებენ შეხვდნენ ხელმძღვანელობას და მათგან განმარტებები მოისმინონ. თუმცა დაგეგმილი შეხვედრის დრო მათგან დამოუკიდებლად გადაწია პრობაციის სააგენტომ. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებენ თუ არა ისინი პასუხების მიღებას ხელმძღვანელობისგან.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პრობაციის სააგენტოს, სადაც ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემას დღის განმავლობაში დაგვპირდნენ. უწყებისგან პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი