ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და რევაზ კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს.
მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ელგუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა 6-დღიანი შიმშილობის განმავლობაში 16 კილო დაიკლო. გარდა ამისა, გუშინ 2-ჯერ დაკარგა გონება. ადვოკატის თქმით, ჯავახიშვილს აქვს დალურჯებები სხეულზე, რაც ადასტურებს გონების დაკარგვის ფაქტს.
შაბათ-კვირას ადვოკატებს არ აქვთ პაციენტების ციხეში მონახულების შესაძლებლობა. ავსაჯანიშვილის თქმით, – “ჩვენი ძალიან დიდი ბრძოლის და მოთხოვნის შემდეგ” – შაბათს, 25 იანვარს ჯავახიშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მას სურდა წარმომადგენელი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კვირასაც შესულიყო, თუმცა, როგორც ამბობს, უწყებაში ამ თხოვნაზე უარი უთხრეს.
“გუშინ მე ვრეკავდი [სახალხო დამცველის აპარატში], ასევე ჩანაწერი მაქვს, რადგან კომუნიკაცია იწერება ორივე მხრიდან, რომ უარს აცხადებდნენ იმ მომენტში შესვლაზე, ახალი საფუძველი არ არისო. მე ვეუბნებოდი, რომ ჯანმრთელობის მდგომაროება და სიცოცხლის უფლება არის ახალი საფუძველი, ყურადღებას არ აქცევენ-მეთქი”, – ამბობს ავსაჯანიშვილი.
განახლება:
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს, 27 იანვარს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გამართა. “ნეტგაზეთმა” მას კითხვა დაუსვა ნიკოლოზ ჯავახიშვილის შესახებაც. იოსელიანი ამბობს, რომ “უბრალოდ, ინტერესის დაკმაყოფილებისთვის” სახალხო დამცველის აპარატი რესურსს არ და ვერ დახარჯავს.
“პირველ რიგში იცოდეთ, რომ პატიმარს 24 საათის განმავლობაში აქვს საშუალება, რომ ცხელ ხაზზე დაუკავშირდეს [სახალხო დამცველის აპარატს] და თუ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მის უფლებებს შეიძლება ეხებოდეს, თვითონ შეუძლია გაგვიზიაროს და ჩვენ აუცილებლად ამაზე მოვახდენთ რეაგირებას.
მეორე: ჩვენი რესურსიც არის შეზღუდული. 10 000 პატიმარია დაახლოებით და შაბათ-კვირას ჩვენ ყველას ვერ მოვინახულებთ. არსებობს სპეციალური წესები ჩვენ როდის შევდივართ. მესმის მხარეს შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, ან ადვოკატს, რომ ინფორმაცია გაიგოს, მაგრამ არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ეს რესურსი უბრალოდ ინფორმაციის გამოსატანად გამოვიყენოთ იმ პირობებში, როდესაც შეიძლება სხვა პატიმარს მართლა რაღაცა პორობლემა ჰქონდეს და ის დაგვრჩეს ყურადღების მიღმა.
ამიტომ, ამას ჩვენ ძალიან რაციონალურად ვუყურებთ. ძალიან გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ. ინტერესის დაკმაყოფილება არის ერთი საკითხი და ადამიანი, რომელსაც კონკრეტული უფლებადარღვევის გამო აქვს პრობლემა და რეკავს და აუცილებელია მასთან შესვლა, ეს არის მეორე საკითხი. ამიტომ, ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ, რა თქმა უნდა, იმას, როცა გვაქვს ინფორმაცია რომ აქ არასათანადო მოპყრობას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, ან სხვა ტიპის ისეთ უფლებადარღვევას, რომელიც მის მდგომარეობას აუარესებს. უბრალოდ ინტერესის დაკმაყოფილებისთვის, შეიძლება, ფიზიკურად ვერც მოვახერხოთ [პატიმრის მონახულება] და არც არის ეს გათვალისწინებული იმ წესებით, რა გულისხმობს შაბათ-კვირას პატიმრებს მონახულებას”, – განაცხადა მან “ნეტგაზეთის” კითხვის საპასუხოდ.
20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი და 26 წლის რევაზ კიკნაძე თითქმის ერთი კვირაა, რაც შიმშილობენ. მათ ეს გადაწყვეტილება ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად მიიღეს.
თავად მზია ამაღლობელი მე-16 დღეა, რაც შიმშილობს.
ამავე თემაზე: