საზოგადოება

როგორია პატიმრების მდგომარეობა, რომლებიც ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ

27 იანვარი, 2025 •
როგორია პატიმრების მდგომარეობა, რომლებიც ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ

ადვოკატის ინფორმაციით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია 20 წლის სტუდენტი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც მე-6 დღეა შიმშილობს. მისი ინტერესების დამცველმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ჯავახიშვილს ისედაც ჰქონდა სუსტი ჯანმრთელობა, შიმშილობამ კი მისი მდგომარეობა დაამძიმა.

რაც შეეხება 26 წლის რევაზ კიკნაძეს, რომელიც მე-7 დღეა, რაც შიმშილობს, ადვოკატის თქმით, ჯავახიშვილთან შედარებით უკეთ გრძნობს თავს.

როგორც ჯავახიშვილმა, ისე კიკნაძემ შიმშილობა ნეტაგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად დაიწყეს. თავად ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა, რაც შიმშილობს.

“ჯავახიშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. მას ისედაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. საკმაოდ რთულად იყო. ასევე, არაადამიანური მოპყრობა იყო მის მიმართ – ფაქტობრივად სამარტოო საკნის წესები გაავრცელეს მასზე და ტელევიზორიც კი არ ჰქონდა, რომელიც თავის საკანში ჰქონდა.

რაც შეეხება კიკნაძეს, ბევრად კარგად არის. კი იცით, 12 დღე იშიმშილა თავის დროზე [დაკავების შემდეგ], ეს ყველა გზა გავლილი აქვს და ასე თუ ისე იცის, მის მიმართ წნეხს როგორ უნდა გაუძლოს. ჯავახიშვილისთვის [შიმშილობა] პირველი იყო”, – განმარტავს ელგუჯა ავსაჯანიშვილი.

მისი ინფორმაციით, დღეს ნიკოლოზ ჯავახიშვილს მოინახულებს მისი ოჯახის წევრი, რომელიც შეეცდება დაარწმუნოს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.

შაბათ-კვირას ადვოკატებს ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ. ავსაჯანიშვილის თქმით, დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ შაბათს სახალხო დამცველის წარმომადგენელს მაინც მოენახულებინა მოშიმშილეები.

“შაბათს, ჩვენი ძალიან დიდი ბრძოლის და მოთხოვნის შემდეგ, როგორც იქნა, შევიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მაგრამ ვერაფერი ვერ მოაგვარეს. ანუ, შედეგი რა არის, ისევ სამარტოო საკანში არის-მეთქი და კიო. ოფიციალურად პასუხს მცემენ, რომ ისევ იმ კონდიციაში იმყოფება.

სახალხო დამცველის წარმომადგენლისგან ვითხოვეთ, რომ კვირა დღეს შესულიყო. იმ მომენტამდე, რა ინფორმაციას მე მაქვს, არ შესულა”, – ამბობს ელგუჯა ავსაჯანიშვილი.

რაც შეეხება ნიკოლოზ ჯავახიშვილის სამარტოო საკანში გადაყვანას, თავად პატიმარი ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციამ ასე დასაჯა მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო. მის ადვოკატს, ელგუჯა ავსაჯანიშვილს ვკითხეთ, რა არის პენიტენციური სამსახურის ოფიციალური განმარტება ამ საკითხზე.

“ზოგადი წესიდან გამომდინარე, მოშიმშილე პირი უნდა განაცალკეო იმ პირისგან, რომელიც არ შიმშილობს, მაგრამ, ამავე წესის საფუძველზე, არ შეიძლება მოშიმშილე პირი იზოლირებული იყოს და განცალკევება მოხდეს დასჯის მექანიზმების ელემენტებით. მაგალითად, წაართვა ყველაფერი, რაც ეკუთვნის.

მანდელას წესები არსებობს [გაეროს სტანდარტი პატიმრებთან მოპყრობის შესახებ], რომლითაც აკრძალულია და ასევე, ჩვენი შიდა კანონმდებლობითაც აკრძალულია ის ყველაფერი, რაც მოხდა. ქართულ რეალობაში იყო ასეთი შემთხვევა, არასრულწლოვანი გოგო იყო დაკავებული და იმის გამო, რომ მარტო არ ჩაესვათ საკანში, სრულწლოვანებთან ჩასვეს და თქვეს, ჯობია სრულწლოვანებთან იყოსო, ვიდრე მარტო იყოს და ის წესები არ დავარღვიოთო. შესაბამისად, ის, რომ მარტო სვამენ, იმის გათვალისწინებით, რომ მე-8 დაწესებულებაში სხვა მოშიმშილეებიც არიან და შესაძლებელი იყო მათთან ერთად ჩაესვათ, არის რეალური პრობლემა”, – ამბობს ავსაჯანიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ის აპირებს, ყველა ახალი გარემოება დოკუმენტურად შეაგროვოს და დაამაგროს ჯავახიშვილის საქმეს, რითაც სურს გამოკვეთოს სისტემური არაადამიანური მოპყრობა მის მიმართ.

ნეტგაზეთი/ბათუმელები დილიდან ცდილობს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გარკვევას. პენიტენციურ სამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციის მისაღებად ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ. ჩვენ დავუკავშირდით იუსტიციის სამინისტროსაც, რომლის დაქვემდებარებაშიცაა უწყება. სამინისტროში გვითხრეს, რომ აზუსტებენ დეტალებს და ინფორმაციის მიღების შემდეგ დაგვიკავშირდებიან.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატსაც იმის დასაზუსტებად, მოინახულა თუ არა მათმა წარმომადგენელმა მოშიმშილეები კვირა დღესაც, ანუ გუშინ, 26 იანვარს. აპარატში გვითხრეს, რომ  პატიმრების მდგომარეობის შესახებ სხვა ინფორმაციას ლევან იოსელიანი დღეს, ბრიფინგზე მიაწვდის საზოგადოებას. ბრიფინგის ზუსტი დრო ამ ეტაპზე უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი