რევაზ კიკნაძის ადვოკატი, ელგუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ ხელი შეუშალეს დაკავებულის სასარგებლო ჩვენებების სასამართლოსთვის ჩაბარებაში.
უფრო კონკრეტულად, ის ამბობს, რომ დღეს, 27 თებერვალს, იყო მტკიცებულებათა გაცვლის ბოლო ვადა. დაცვის მხარის მოპოვებული მტკიცებულებები – კიკნაძის სასარგებლო ჩვენებები მას სასამართლოში უნდა ჩაებარებინა. თუმცა, გზად საპატრულო პოლიციის სამმა ეკიპაჟმა გააჩერა და არ მისცეს გზის გაგრძელების საშუალება 18:00 საათამდე – სამუშაო დროის ამოწურვამდე. ამის შემდეგ სასამართლოს კანცელარიამ მასალები აღარ ჩაიბარა.
“წავედი მასალების გასაცვლელად, ბოლო ვადა იყო. უკვე მისული ვიყავი, თითქმის სასამართლომდე. მჭირდებოდა დაახლოებით 10 წუთი, რომ მივსულიყავი, როცა პოლიციამ გამაჩერა. სამი ეკიპაჟით დამიკეტეს მანქანა, უკვე ფეხით ვცდილობდი, რომ წავსულიყავი. მოდით აქ თქვენ, მობრძანადითო. სანამ 6 საათი არ გახდა, არ გაგვიშვეს. 6 საათი როგორც კი გახდა, მერე გაგვიშვეს. ეს სიტუაცია ავუხსენით სასამართლოში, ვინც კანცელარიის მაღალ იერარქიაზე არის, მაგრამ მასალები არ ჩაიბარეს.
თუ რამე დავაშავეთ, თუ რამე დავარღვიეთ, ელემენტარული ან ჯარიმა უნდა დაეწერათ, ან უნდა დავეკავებინეთ, ზედაპირული შემოწმება ხომ მაინც უნდა ჩაებარებინათ, რომ ეჭვი გვაქვს თქვენზე და გაჩერებთ. არაფერი. გაგვიშვეს ჩვეულებრივად, როგორც კი 6 საათი გახდა. ახლა, უბრალაოდ, სხვა მექანიზმებზე ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთოთ”, – უთხრა ნეტგაზეთს ავსაჯანიშვილმა.
26 წლის რევაზ კიკნაძე 6 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მისი საქმე სასამართლო იმავე მუხლით ბრალდებულ 10 სხვა ადამიანის საქმესთან ერთად განიხილავს. თუმცა, კიკნაძე დაკავებამდე არავის იცნობდა, ვისთან ერთადაც დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას ედავებიან.
სისხლის სამართლის წესით დაკავებიდან 2 თვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. უწყება მას შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავება. კონკრეტულად, 25 ნოემბერს – დაკავებამდე 2 კვირით ადრე -, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ხელში ქვა დაჭერას.
ელგუჯა ავსაჯანიშვილი ფიქრობს, რომ შსს-მ დაკავებულის წინააღმდეგ ადმინისტრაციული დარღვევის საქმე მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის დასამძიმებლად დასჭირდა. კიკნაძის ადმინისტრაციული საქმე 6 თებერვალს, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა განიხილა. თუმცა, ავსაჯანიშვილის შუამდგომლობით – შსს-ს მიერ წარდგენილ ვიდეო-მტკიცებულებაზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების მოტივით, საქმის განხილვა 20 მარტამდე გადაიდო.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, მისი არსებითი განხილვა 5 მარტსაა დაიწყება.
ამავე თემაზე: