დღეს, 7 დეკემბერს, ავარიაში დაიღუპა ქალი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯიპიაი ჰოლდინგი” ავრცელებს, რომლის თანამშრომელიც დაღუპული ქალი იყო.
განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ჯიპიაი ჰოლდინგმა განცხადების ტექსტი დაღუპული ქალის ოჯახის თხოვნით შეცვალა. თავდაპირველად ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ „ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა“. შესაბამისად, ნეტგაზეთის მასალის თავპირველი სათაურიც იყო: „ავარიაში დაიღუპა დედა, რომელიც აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა“.
„ოჯახის თხოვნით, შევასწორეთ ტექსტი:
დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.
ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ“, – ნათქვამია ჯიპიაი ჰოლდინგის განახლებულ განცხადებაში.