„ქართული ოცნების“ პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის არჩევას 14 დეკემბერს გეგმავს.
ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 26 ნოემბერს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.
სალომე ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია, რომელიც მოსახლეობამ პირდაპირი არჩევის წესით აირჩია. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შევა 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს, ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან შესაბამისი პოლიტიკური პარტიები ასახელებენ.
პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმურობასაც არც ოპოზიცია, არც პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორი არ აღიარებს, პროტესტის ფონზე გაიხსნა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულად, მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრების შემადგენლობით ფუნქციონირებს.
