მოქალაქეთა ნაწილს, რომლებიც 10 ნოემბერს “დაიტოვეს” ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობდა, სასამართლოში იბარებენ. ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი გზის უკანონოდ გადაკეტვის მოტივით შეადგინა.
საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლზე, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ამ მუხლის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
“დაიტოვეს” აქციაზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. მათი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნა იყო. თავისუფლების მოედანზე შეკრების შემდეგ ისინი ბარათაშვილის ქუჩის გავლით სანაპიროსკენ წავიდნენ. გზაში ისინი ორ ჯგუფად გაიყვნენ – ნაწილმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელა გზა, ნაწილი კი მარცხენა მხარეს გადავიდა.
მსვლელობის დროს თითოეულ ჯგუფთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდეს. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა იუსტიციის სახლის მიმდებარედ შეკრებილ მოქალაქეებს უთხრა, თუ პოლიციის მოწოდებას არ გაითვალისწინებდნენ, დაიწყებოდა მათი იდენტიფიცირება და შემდეგ დააჯარიმებდნენ.
ამის შემდეგ მარცხენა სანაპიროზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, შეერთებოდნენ მარჯვენა სანაპიროზე მყოფ თანამებრძოლებს. “ნეტგაზეთის” მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს [39-ე წუთიდან] გოგა მემანიშვილისა და აქციის ერთ-ერთი ლიდერის, ჟორჟ ჟამერაშვილის დიალოგი. დაისვა კითხვა, რა რაოდენობაა საჭირო იმისთვის, რომ გზის გადაკეტვა დაშვებული იყოს, რაზეც მემანიშვილმა განაცხადა: “აქ ჩვენ ვაფასებთ ვითარებას და ჩვენ მოგიწოდებთ, პოლიცია”.
ამის შემდეგ, ჟამერაშვილი მეგაფონით მიმართავს შეკრებილებს და უხსნის პოლიციის მოწოდების შინაარს. ამ დროს ისმის შეძახილები: “გადავიხდით, გადავიხდით”. თუმცა, აქციის ლიდერების მოწოდების შემდეგ, რომ სჯობს შეუერთდნენ თანამებრძოლებს მარჯვენა სანაპიროზე, ისინი უკან ბრუნდებიან და ბარათაშვილის ხიდის გავლით გადადიან მარჯვენა სანაპიროზე.
მოქალაქეები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობენ, რომ გაფრთხილებისთანავე შეასრულეს პოლიციის მოწოდება, ამიტომ უკვირთ, რა გახდა მათი დაჯარიმების საფუძველი.
“პოლიცია მოვიდა, გაგვაფრთხილა, რომ უნდა დაიშალოთ, თორემ ჯარიმების დაწერას დავიწყებთ, რადგან უკანონოდ კეტავთ გზასო. როგორც კი ეგ გვითხრა, მაშინვე დავიძარით და გადავედით მარჯვენა სანაპიროზე, შევუერთდით აქციის მეორე ნაწილს. როგორც კი გაგვაფრთხილეს, დავიშალეთ და მაგიტომ ვერ ვხვდები, სად დავარღვიე კანონი. უცნაურია”, – ამბობს ნოდარ ჩიკვილაძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ნოდართან ერთად სასამართლოში დაიბარეს ნინო ჭილაშვილიც. ისიც, სხვებთან ერთად, მარცხენა სანაპიროზე იყო, როცა მათთან გოგა მემანიშვილი მივიდა. პოლიციელის მოწოდების შემდეგ ჭილაშვილმა გადაწყვიტა, საერთოდ დაეტოვებინა აქცია და სახლში წავიდა. ამის მიუხედავად, მის წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი მაინც შეადგინეს.
“დამირეკეს გუშინ. სასამართლოში ხარ დაბარებულიო, მარცხენა სანაპიროზე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებითო. მერე ბავშვებმა გაიხსენეს, მგონი, 10-ში იყოო ეს. ბევრი ადამიანი ვიყავით თავიდან, მერე გაიყო – მარცხენაზე წამოვედით ზოგი, ზოგი წავიდა მარჯვენა სანაპიროზე. მოვიდა პატრული მანქანებით, ბევრნი იყვნენ და ლიდერებს უთხრა, რომ აქ ძალიან ცოტა ხალხიაო, დაიშალეთო, იმიტომ, რომ თუ ასე ცოტა ხალხი იქნებით, მაშინ ჯარიმების გადახდა მოგიწევთო. ამის შემდგე, ზოგი გადავიდა მარჯვენა სანაპიროზე. ჩვენ წამოვედით სახლში. აი, ეგ იყო და ეგ”, – ჰყვება ჭილაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
ნინი აბრამიშვილი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იყო. ისიც ამბობს, რომ პოლიციელის მოწოდების შემდეგ მალევე დატოვა ტერიტორია.
“გუშინ [25 ნოემბერს] დამირეკეს, საღამოს საათები იყო. მითხრეს, რომ სასამართლოში მიბარებდნენ. მე თვითონ ჩავეკითხე და ჩავეძიე – რის საფუძველზე. მითხრეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე მიბარებდნენ, რაც გულისხმობს 10 ნოემბერს გზის გადაკეტვას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. მერე გამახსენდა, რომ დაიტოვეს აქციის დროს ვიყავი მანდ. მოვიდნენ პოლიციელები. გაგვაფრთხილეს, რომ დაგვეშალა აქცია. იმიტომ, რომ ვკეტავდით გზას. ამის შემდეგ მალევე დავიშალეთ”, – ამბობს აბრამიშვილი.
ის ფიქრობს, რომ პოლიცია არა სამართლებრივად, არამედ შერჩევითად უდგება საკითხს, მიზანი კი მოქალაქეთა დაშინებაა.
“ჩემთან ერთად, ჩემ გვერდით იყო ჩემი მეგობარი, რომლისთვისაც არ დაურეკავთ. ვფიქრობ, რომ იდენტიფიცირებას ახდენდნენ, ფოტოებს იღებდნენ კონკრეტული ადამიანების და ვინც ცუდად ხვდებოდათ თვალში, ალბათ, მათ ურეკავენ, რომ შემდეგ ამ ადამიანებს შეეშინდეთ და მეორედ და მესამედ აღარ გამოვიდნენ ქუჩაში. ან, თუ გამოვლენ, მალევე დატოვონ ტერიტორია შიშის გამო. რაც არარეალური და აბსურდულია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არაფერს გვაკლებს ეგ ყველაფერი. პირიქით, შემდეგ დღეებში უფრო მეტნი და მეტნი გამოვდივართ”, – ამბობს ნინი აბრამიშვილი.
მოქალაქეთა დაშინების მცდელობაზე საუბრობს ნოდარ ჩიკვილაძეც. თუმცა, აბრამიშვილის მსგავსად, ისიც ფიქრობს, რომ მსგავსი მეთოდებით პროტესტის მუხტს ვერ ჩაკლავენ.
“როგორც აქამდე ხდებოდა, ალბათ უნდათ უბრალოდ, რომ შეგვაშინონ, რომ მეორედ აქციაზე აღარ გამოვიდეს ხალხი. ალბათ, ეს არის მთავარი მიზანი – “კიდევ ერთხელ თუ გამოხვალ, მერე უარესად დაისჯები”. არ ვიცი, რამდენად იმოქმედებს ეს, ადამიანზეა მაინც დამოკიდებული, მაგრამ ჩემზე ნამდვილად არ იმქომედებს. იმედი მაქვს, არც არავისზე. იმიტომ, რომ ვინც ვიდექით იქ, ყველანი მაგისთვის მზად ვიყავით. ვიცოდით, რომ შეიძლება რაღაც მსგავსი მომხდარიყო”, – ამბობს ნოდარ ჩიკვილაძე.
მიუხედავად იმისა, რომ მათთვის გაუგებარია, როდის დაარღვიეს კანონი, სამივეს აქვს მოლოდინი, რომ დააჯარიმებენ.
“კი, დავდივარ აქციებზე და ნამდვილად ამ აზრის ვარ, რომ უნდა გააპროტესტო ეს ამბავი [არჩევნების გაყალბება], მაგრამ ცოტა კომიკურია, მე რომ დამირეკეს. ვის დავეკარგე, არ ვიცი […] რომც გადავიხადო, რატომ უნდა გადავიხადო, ვის უნდა გადავუხადო ეს ფული, როცა ამდენი გაჭირვებულია ამ ქვეყანაში და შეიძლება ვიღაცას ჩაურიცხო და სასარგებლო საქმეს მოახმარო ეს ფული”, – ამბობს ჭილაშვილი.
სასამართლოში დაბარების შემდეგ მოქალაქეთა ნაწილმა დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორს მიმართა. მათ დარეკეს არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო ცხელ ხაზზე [577 07 05 63] და იურისტებს დახმარება სთხოვეს. ერთ-ერთი, ვინც აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას უწევს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი, ნინო ხუციშვილია. მისი ინფორმაციით, მხოლოდ გუშინ ცხელ ხაზზე 10-მა ადამიანმა დარეკა. ხუციშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა სასამართლოსგან ზარები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდეს.

ნინო ხუციშვილის თქმით, ამ მუხლით სამართალდარღვევის ოქმი აქციის მონაწილეებისთვის აქამდეც შეუდგენიათ, მათ შორის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს. მისი თქმით, მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა მათ მხოლოდ სასამართლოში, უშალოდ პროცესის დაწყებამდე აქვთ. მოსამართლე კი, ჩვეულებრივ, არ აძლევს დროს, თავადაც შეაგროვონ და წარადგინონ მტკიცებულებები მოქალაქეთა დასაცავად.
“რა მტკიცებულებები არსებეობს საქმეებში, არ ვიცი. წინასწარ რამე მტკიცებეულება, დაბარების დროს, არავისთვის გადაუციათ. სავარაუდოდ, ექნებათ ვიდეომტკიცებულებები. არავინ იცის, კონკრეტულად მის საქმეში რა მტკიცებულება არსებობს, არც ჩვენ არ ვიცით. ეს ცნობილი გახდება უშუალოდ სასამართლო სხდომებზე, როცა საქმის ჩაბარება მოხდება
ამ მტკიცებულებებს შსს მოიტანს. მერე გადმოგვეცემა ჩვენ და სასამართლოზეც მოხდება ამ მტკიცებულებების გამოკვლევა. უბრალოდ, ტენდენცია ცოტა ცუდია იმ ნაწილში, რომ მერე გადადებას რომ ვითხოვთ ხოლმე, რომ ჩვენც მოვიპოვოთ მტკიცებულება, სასამართლოს არ აქვს მაგაზე კარგი პრაქტიკა და უარს გვეუბნებიან გადადებაზე”, – ამბობს ხუციშვილი.
მიუხედავად მტკიცებულებებზე ხელმისაწვდომობის არქონისა, იურისტს ვთხოვეთ განემარტა, რა შეიძლება ყოფილიყო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზეზი ამ კონკრეტულ საქმეზე. მას ვკითხეთ, რა არის ლოგიკური დრო პოლიციელის მოწოდების შესასრულებლად იმისთვის, რომ თავიდან აირიდო ჯარიმა.
“ეგეთი დრო არ არის მითითებული. არის გონივრული დრო. მაგალითად, თუ გზის სავალ ნაწილზე გადასული ხარ, არ არის საჭიროება და მიგითითებს პოლიციელი, უნდა დატოვო დაუყოვნებლივ და გადახვიდე. ოღონდ პოლიციელის მოწოდება უნდა იყოს კანონიერი. კონკრეტული დრო არ არის, უბრალოდ გონივრული ვადაა”, – განმარტავს იურისტი.
ნინო ხუციშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაძლოა, საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო მეთოდებით ახერხებს მოქალაქეთა იდენტიფიცირებას. თუმცა ვრცელი შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან ზუსტი და დასაბუთებული განმარტება უწყებისგან არ აქვს.
“ძალიან საინტერესოა, როგორ მოახდინეს ამ ხალხის იდენტიფიცირება. როგორც ჩანს, იყენებენ სპეციალურ პროგრამას, რომლითაც დამუშავებული ვიდეომასალიდან ჭრიან ფოტოებს და ახდენენ პირების იდენტიფიცირებას. ასე ადგენენ სამართალდარღვევის ოქმებს.
ევროსასამართლოს პრაქტიკა არის ასეთი და არსებობს გადაწყვეტილებები, რომელზეც ჩვენ ვუთითებთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის ისეთი მასშტაბის მქონე საქმე, რომელზეც შეიძლება ასეთი პროგრამის გამოყენება და ასეთი პერსონალური მონაცემების დამუშვავება. ამაზე კითხვები წინა სხდომაზეც დაისვა, მაგრამ პასუხები არ მიგვიღია. არც სასამართლო ამახვილებს ყურადღებას”, – განმარტავს ხუციშვილი.
საია-ს იურისტის თქმით, ამ ტიპის სასამართლო პროცესებზე მნიშვნელოვანია დაისვას კითხვები იმის შესახებ, როგორ განსაზღვრავს შსს აქციის მონაწილეთა ოდენობას; რა კრიტერიუმით ადგენს, იყო თუ არა გზის გადაკეტვის საჭიროება; შევიდა თუ არა უწყებაში ზარი მოქალაქისგან, რომელიც აქციის გამო შეწუხდა ან რაიმე დისკომფორტი შეექმნა და ა.შ.
სასამართლო პროცესების ნაწილი დღეს, 26 ნოემბერს, ნაწილი კი ხვალ და ზეგ – 27 და 28 ნოემბერსაა დანიშნული. “ნეტგაზეთი” ცდილობს გაარკვიოს, რამდენი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა შსს-მ 10 ნოემბრის აქციაზე, გზის გადაკეტვის მოტივით. თუმცა უწყებისგან ამ ინფორმაციის მიღებას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ.








