პოლიციამ გამთენიისას კვლავ გაათავისუფლა თსუ-ს პირველ კორპუსთან ჭავჭავაძის გამზირი, რომელიც მშვიდობიან მომიტინგეებს ჰქონდათ დაკავებული.
მომიტინგეებმა ისევ მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს. პოლიციამ მათ თსუ-სთან მდებარე სატრანსპორტო კვანძის გასათავისუფლებლად 15-წუთიანი დრო მისცა, მელიქიშვილის გამზირის გადაკეტვის გამო კი პროტესტი არ გამოუთქვამს.
გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 500-მა ადამიანმა, რომლებმაც ვარაზის ხევთან ღამეები გაათენა, რამდენიმე დღე არ დააძინა მთელი პოლიცია, მათ შორის- სპეცრაზმი.
მან ჭავჭავაძის დატოვების შემდეგ მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მელიქიშვილის გამზირის გადაკეტვაში პოლიცია დისკომფორტს ვერ ხედავს, შესაბამისად, ამის გაკეთებას დიდი შინაარსი არ აქვს და ჯობია აქციის მონაწილეებმა გამოიძინონ და ძალები მოიკრიფონ. მისი თქმით, ოპოზიცია დღის განმავლობაში გეგმების შესახებ მომიტინგეებს ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.