ნიუ-იორკში პრემიერ ირაკლი კობახიძის წინა თვეში განხორციელებული ვიზიტი არცთუ ისე წარმატებული გამოდგა – პრეზიდენტ ბაიდენის ორგანიზებულ მიღებაზე კობახიძის მიწვევა გააუქმეს.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები – გია ხუხაშვილი და თინა ხიდაშელი – ამბობენ, რომ პრემიერის გუნდმა იმ დროს საარჩევნო კამპანიაში მყოფ დონალდ ტრამპთანაც სცადა შეხვედრის ორგანიზება, თუმცა უარი მიიღო.
თავად პრემიერი ტრამპთან შეხვედრის მცდელობას უარყოფს, თუმცა „ოცნებისა“ და მისი მხარდამჭერების საჯარო განცხადებებიდან შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აშშ-ის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტი ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის მათთვის უფრო იმედის მომცემ ფიგურად მოჩანს. დონალდ ტრამპსა და „ქართულ ოცნებას“ რიგ საკითხებში საერთო ნამდვილად აქვთ. მაგალითად, ორივე კონსერვატიულ და მემარჯვენე პოზიციებზე დგას, რასაც ხშირად უსვამენ ხოლმე ხაზს „ოცნების“ წევრები თუ მასთან აფილირებული საჯარო პირები.
კობახიძეს ნათქვამიც აქვს, რომ ტრამპი უკრაინაში ომს უფრო მალე დაასრულებს, „რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც“ – უფრო “სამართლიანისკენ”. “ოცნებაში”, როგორც ჩანს, ასევე იმედოვნებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შედარებით იზოლაციონისტურ პოზიციებზე დადგება და არ იქნება მოტივირებული, ადამიანის უფლებების შეზღუდვასა და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს გულმოდგინედ ებრძოლოს საზღვრებს გარეთ.
თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, ტრამპი უკვე იყო ამერიკის პრეზიდენტი და მის ადმინისტრაციას „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის გამოცდილება უკვე გააჩნია.
ამ სტატიაში ვიხსენებთ საკვანძო მოვლენებს ტრამპის ადმინისტრაციისა და „ოცნების“ ურთიერთობებიდან, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია გამოვიტანოთ გარკვეული ვარაუდები – უნდა ველოდოთ თუ არა ვაშინგტონის პოლიტიკის ცვლილებას ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში „ოცნების“ ქმედებების მიმართ.
„იშვიათი დიპლომატიური ჟესტი“
2017 – დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი წელი. მაშინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა მიიწვია.
კვირიკაშვილი ტრამპსაც შეხვდა – თანაც, პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში. შეხვედრა დაუგეგმავად შედგა, რაც იშვიათი დიპლომატიური ჟესტია. კვირიკაშვილი ბოლო თანამდებობის პირი იყო, ვინც აშშ-ის პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვდა. ამ შეხვედრაზე მაშინ ტრამპმა „ტვიტერშიც“ დაპოსტა.
გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში საქართველოს ხშირად სტუმრობდნენ აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნები, მათ შორის- მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო.
პომპეოს ვიზიტები და „ვითომ მეგობრები“
2018 წელს, როცა ტრამპმა სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი დაითხოვა, მის ნაცვლად სწორედ პომპეო დაინიშნა – მანამდე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი.
პომპეო ამერიკის პირველი დიპლომატის რანგში საქართველოს ორჯერ ეწვია. მისი მეორე, 2020 წლის ვიზიტი მოცემული თემისთვის ნაკლებად საინტერესოა.
ამ შემთხვევაში, უნდა დავუბრუნდეთ 2019 წლის ივნისს, როცა იგი პრემიერ მამუკა ბახტაძეს შეხვდა (დაუდასტურებელი ინფორმაციით, 2024 წელს სწორედ ექსპრემიერის დახმარებით სურდათ კობახიძე-ტრამპის შეხვედრის ორგანიზება).
იმ ვიზიტისას პომპეომ დიდძალი ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტზე, რომლის მშენებლობაც სწორედ კვირიკაშვილის პრემიერობისას უნდა დაწყებულიყო. პომპეომ მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც მაშინ ქართული და ამერიკული ინვესტიციებით უნდა განხორციელებულიყო და თქვა:
„გამოვთქვი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და დაიცავს საქართველოს რუსული თუ ჩინური მტაცებლური ეკონომიკური გავლენებისგან. ამ ვითომ მეგობრებს გულში არ უდევთ საქართველოს საუკეთესო ინტერესები“, – თქვა პომპეომ.
პომპეოს ამ განცხადებამდე პროკურატურამ „თი-ბი-სი ბანკის“ და ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი კი ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების გამო თანამდებობიდან გადადგა.
ანაკლიის პორტი და კელი დეგნანი
2020 წლის იანვარში – უკვე გიორგი გახარიას პრემიერობისას – მთავრობამ გაწყვიტა კონტრაქტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან.
2020 წლის იანვარში, კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ დონალდ ტრამპმა ელჩი კელი დეგნანი დანიშნა.
ტრამპის დანიშნული დიპლომატი, რაც დრო გავიდა, სულ უფრო და უფრო მეტად გახდა მმართველი გუნდის ჯერ ირიბი, შემდგომ კი პირდაპირი შეტევების ობიექტი. დეგნანის კრიტიკა მის მიერ პოსტის დატოვების შემდეგაც კი არ შეწყვეტილა.
თუმცა ეს წელიწადი თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებისთვის ნაკლებაქტიურობით გამოირჩეოდა – კორონავირუსის პანდემიასთან ერთად, ორივე ქვეყანაში საარჩევნო პერიოდი იყო. „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა, ხოლო დამარცხებული ტრამპის ნაცვლად მოსულ ბაიდენთან და მის გუნდთან „ოცნებამ“ ურთიერთობების დალაგება ვერ მოახერხა.
პორტს სწორედ ის „ვითომ მეგობრები“ ააშენებენ
ოთხი წლის და სამი პრემიერის შეცვლის შემდეგ, მთავრობამ ახალი პირობებით გამოცხადებულ ანაკლიის ტენდერში გამარჯვებულად ამერიკელების მიერ სანქცირებული ჩინური კომპანია გამოაცხადა. ანუ ის, ვისაც ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა მაიკ პომპეო “ვითომ მეგობრებს” უწოდებდა.
ეს ამბავი მოქმედ, ბაიდენის ადმინისტრაციას დადებითად არ მიუღია. თავად ტრამპს, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, საარჩევნო კამპანიას ატარებდა, ან მისი გუნდის წევრებს, ამაზე არაფერი უთქვამთ.
თუმცა სათუოა, ვაშინგტონში ვინმეს მოსწონებოდა საქართველოში ჩინური ფულის და ინტერესის გამოჩენა. ამერიკელ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს ბევრი უთანხმოება აქვთ, თუმცა ჩინეთის კონკურენტად და ზოგჯერ მტრადაც განხილვა შეხების საერთო წერტილია.
„კლოუნი და მატყუარა“
საეჭვოა, ქართულ-ამერიკული ჯგუფის ნაცვლად ჩინურის შერჩევა ან ტრამპს, ან მის გარემოცვას მოეწონოთ.
2015 წელს პოლიტიკაში მოსული ტრამპის ერთ-ერთი მთავარი სატკივარი იყო და ახლაც არის, აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობები. მას არაერთხელ უთქვამს, რომ ჩინეთი ამერიკას „ძარცვავს“ ვაჭრობის არასამართლიანი პირობებით. სწორედ ტრამპის დროს აშშ-მა ჩინურ პროდუქციაზე საკმაოდ დიდი გადასახადები დააწესა.
პეკინიდან ამ რიტორიკაზე პასუხმა არ დააყოვნა: საპასუხო ნაბიჯების გარდა, ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩინეთმა მისი გუნდის ზოგი წევრი დაასანქცირა – აუკრძალა მათ ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლა.
განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მაიკ პომპეოს დაუთმეს – სანქციების გარდა, ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა მას „კლოუნი“ და „მატყუარაც“ უწოდეს.
„მეგობარი აქტი“ და ივანიშვილის სანქცირების მხარდამჭერი ჯონსონი
მართალია, საქართველოს თემა ამერიკულ, განსაკუთრებით კი საჯარო პოლიტიკაში ნაკლებად აქტუალურია, ჩვენ მაინც შეგვიძლია მივაკვლიოთ ტრამპის მხარდამჭერების განცხადებებს თუ მოქმედებებს საქართველოსთან დაკავშირებით.
თუკი ბაიდენის ადმინისტრაცია აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს, საკანონმდებლო შტოს ქვედა – წარმომადგენელთა პალატა – ახლაც რესპუბლიკელთა კონტროლის ქვეშაა.
„ოცნებისთვის“ არც წარმომადგენელთა პალატაში გამოიყურება ვითარება სახარბიელოდ. „მეგობარი აქტი“, რომელიც მმართველი პარტიის სანქცირებას ითვალისწინებს, რესპუბლიკელი პარტიის წევრის, ჯო უილსონის მიერაა ინიცირებული. 2024-ის არჩევნებზე უილსონს ტრამპიც უჭერს მხარს.
პალატის სპიკერი – რომელიც ამერიკულ პოლიტიკურ იერარქიაში მესამე პირად მიიჩნევა – მაიკ ჯონსონი, ასევე ტრამპის ახლო მოკავშირე, 2020-ში თავმჯდომარე იყო რესპუბლიკელთა იმ ჯგუფის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდა. ჯო უილსონიც ითხოვს ივანიშვილის სანქცირებას. გარდა ამისა, “რუსული კანონის” ხელახალი ინიციირების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიმართ ვაშინგტონიდან გაძლიერებულ კრიტიკაში ნათლად შეინიშნებოდა, რომ ეს ტალღა ორპარტიული იყო. ამის მაგალითია ეს წერილიც, რომლის ხელმომწერებს შორის ტრამპის მხარდამჭერ რესპუბლიკელ სენატორებსაც ნახავთ.
ჯერჯერობით ნათელი არ არის სურათი, ვინ იმუშავებს ტრამპის ადმინისტრაციაში საგარეო ურთიერთობების საკითხებზე. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ადმინისტრაციას დააკომპლექტებს, მსჯელობისთვის უფრო მეტი საფუძველიც გაჩნდება.
ერთი რამ კი ნათელია: იმ პერიოდში, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი არ იყო, “ქართულმა ოცნებამ” ჩინეთთან ურთიერთობები ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანა. წინ წაწიეს ურთიერთობები ირანთანაც, რომელსაც დონალდ ტრამპი ასევე მიიჩნევს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. საეჭვოა, ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში მოვლენების ასეთი განვითარება მოეწონოთ.