საზოგადოება

წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი 2020-ში ივანიშვილის სანქცირებას უჭერდა მხარს

27 ოქტომბერი, 2023 • 1602
წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი 2020-ში ივანიშვილის სანქცირებას უჭერდა მხარს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი მაიკ ჯონსონი ერთ-ერთია იმ 13 რესპუბლიკელ კონგრესმენს შორის, რომლებიც 2020-ში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების ინიციატივით გამოდიოდნენ.

ჯონსონი 26 ოქტომბერს გახდა პალატის სპიკერი – ეს აშშ-ის პოლიტიკურ იერარქიაში ერთ-ერთ უმაღლესი თანამდებობაა. იქამდე სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა რესპუბლიკელთა ფრაქციაში, ხოლო 2019-21 წლებში იყო რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის [RSC] თავმჯდომარე.

სწორედ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში, 2020 წელს, ჯონსონმა ხელი მოაწერა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტს, სახელად „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“. ეს დოკუმენტი მის ოფიციალურ ვებ-გვერდზეცაა განთავსებული.

„ბიძინა ივანიშვილი, პუტინის ახლო მოკავშირე“

180-გვერდიანი ანგარიში მიმოიხილავს იმ საკითხებს, რასაც ავტორები აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელობის მქონედ თუ საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. სწორედ ამ კონტექსტში არის ნახსენები საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც.

კერძოდ, ანგარიშის ავტორები წერენ: „არსებული სანქციები საკმარისად არ არის მიმართული [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ] პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“.

იქვეა ნახსენები უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც ავტორები უწოდებენ „პრორუს ოლიგარქსა და მარიონეტს უკრაინაში, რომელმაც გამოიყენა თავისი მედიაიმპერია, რათა აქტიურად დახმარებოდა რუსეთს დამაზიანებელი დეზინფორმაციის გავრცელებაში“.

ავტორები გასცემენ რეკომენდაციას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშაოს სია, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რაც დაეხმარებოდა კონგრესს, გადაეწყვიტა სანქციების საკითხი, რომელიც გარკვეულ პირებს თუ ორგანიზაციებს „კრემლისთვის მუშაობაში ხელს შეუშლიდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი