საიას განცხადებით, ხმის ფარულობის საკითხზე სარჩელის განხილვისას თეთრიწყაროს სასამართლოში მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.
„მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია.
მოსამართლემ ასევე მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია“, – აცხადებს საია.
როგორც ნეტგაზეთს საიაში განუცხადეს, თეთრიწყაროს სასამართლოში პროცესი ჯერ არ დასრულებულა და განხილვა ისევ მიმდინარეობს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
საიას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.
საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ დავას სააპელაციო სასამართლოებში გააგრძელებს.
პირველი ინსტანციის 24 სასამართლოდან 23-მა არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის სარჩელები. დარჩენილია ერთი, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, სადაც სხდომა ახლა მიმდინარეობს. 3 ნოემბრის სხდომაზე, რომელიც თითქმის 7 საათს გაგრძელდა, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა თეთრიწყაროსა და წალკის ოლქებში შემთხვევით შერჩეული 3-3 უბნის დალუქული ბიულეტენების გადათვლის შესახებ. დღეს სწორედ ამ პროცედურით უნდა განახლდა ხდომა.