თეთრი სახლის ოფიციალური პირი “ამერიკის ხმას” ეუბნება, რომ ვაშინგტონი თბილისისგან არჩევნების დამოუკიდებელი მექანიზმით გამოძიებას ელის. ამის შესახებ ნათქვამია “ამერიკის ხმის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, “ამერიკის ხმა” შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს, ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამ პირობით საუბრის მიზეზი, საკითხის მიმართ შეერთებული შტატების პოზიციის უფრო ფართო განხილვის შესაძლებლობაა.
“არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა უფრო მეტად გვაშფოთებს, ვიდრე იქამდე. იყო წინასაარჩევნო პერიოდში გადადგმული მთელი რიგი ნაბიჯები, რამაც გამოიწვია ჩვენი ძალიან დიდი შეშფოთება იმ მიმართულების გათვალისწინებით, რომლითაც ქვეყანა და კონკრეტულად ხელისუფლება მიდიოდა. ეს მოიცავდა ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონს. მაგრამ, არჩევნებმა, “უცხოური გავლენის” კანონმდებლობის მიღმა, დამატებითი შეშფოთების მთელი რიგი გამოიწვია – ადმინისტრაციული რესურსების ამდენი არასწორად გამოყენების და როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამბობენ, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების შემთხვევების გამო. ეუთოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საკმაოდ მკაცრი იყო შეფასებაში თუ რამდენად პრობლემურად ჩატარდა არჩევნები”, – აცხადებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალური პირი.
საქართველოს პროკურატურამ, არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოსაძიებლად, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 29 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მისი ოფიციალური შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.
პასუხად კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, როდესაც არსებობს შეშფოთება სასამართლოზე არსებული პოლიტიკური გავლენების თაობაზე, შეერთებული შტატების ოფიციალური პირი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევები დამოუკიდებელი მექანიზმით უნდა გამოიძიოს.
“იმისთვის, რომ [გამოძიება] მიუკერძოებელი იყოს, საქართველოს მთავრობამ ის მიუკერძოებელი მექანიზმით უნდა ჩაატაროს. შესაძლოა საერთაშორისო ან ისეთი მექანიზმით, რომელშიც ჩართულნი იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ან ჯგუფები, რომლებიც მოიცავს სხვა პოლიტიკურ ძალებს, რათა გამოიძიონ ზოგიერთი საკითხი. რადგან, თუ ამ დარღვევებზე პასუხისმგებელია მმართველი პარტია, არ არის მიზანშეწონილი, გამოძიება თავად მმართველმა პარტიამ წარმართოს. მე კონკრეტული მექანიზმი მხედველობაში არ მაქვს, მაგრამ ვიტყვი, რომ არჩევნებისადმი ნდობისთვის, გამოძიების მიუკერძოებელი მექანიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – ამბობს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალური პირი.
ის დასძენს, რომ მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება მოძრაობს, შეუსაბამოა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზასთან.
“საქართველოს მთავრობის მიმართულება, განსაკუთრებით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, დაშორებული იყო დემოკრატიულ ნორმებსა და ინსტიტუტებს და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ის, რაც მოხდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, შეუთავსებელია ევროკავშირსა და ნატოსკენ საქართველოს გზასთან. მიმართულება ნათელია. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა არსებობდა, იმის მიუხედავად, თუ რა წინათგრძნობა ჰქონდა ხალხს არჩევნების დღემდე, ყოველ შემთხვევაში თეორიულად მაინც. რაც ჩვენ ვნახეთ, არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, დაშინების და იძულების შემთხვევებით. ეს იმედგამაცრუებელია. ეს მოითხოვს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, არამედ ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ევროპაში, ერთობლივად შეაფასონ რა ნაბიჯებს გადავდგამთ და ასევე შევაფასოთ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ქვეყანას შეეძლება გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა”, – ამბობს ის.
შეერთებული შტატები, არჩევნებამდე, საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა უკან გაეწვია ე.წ. “უცხოური გავლენების კანონი”, რომელმაც ქვეყნის შიგნით ფართო პროტესტი გამოიწვია. პრეზიდენტმა ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა, ეს მოთხოვნა არჩევნების შემდეგ გავრცელებულ განცხადებებშიც გაიმეორეს.
“ჩვენ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი. ჩვენი სავიზო პოლიტიკის თუ გლობალური მაგნიტსკის სანქციების კუთხით, გამოვხატეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება იმ ტრაექტორიის მიმართ, რომელზეც საქართველო იდგა და, იცით, ყოველთვის არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ყოფილიყო თავისუფალი და სამართლიანი, იმ პირობით, რომ ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას ექნებოდა გამოხატვის შესაძლებლობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ხელი შეუშალა მნიშვნელოვანმა პრობლემებმა. თქვენ იხილეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამაზე საუბრობს”, – ამბობს შეერთებულის შტატების ოფიციალური პირი.
„საპარლამენტო არჩევნები შეიბღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი”, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ვერ განსაზღვრავს, ჩატარდა თუ არა ქვეყანაში არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი ამბობს, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის არსებული პრობლემა, უკრაინის ომის, ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოში არჩევნების დასრულების შემდეგ გადაიჭრება და მხარეები ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ.
ოფიციალური პირი საუბრობს იმ ზომებზე, რომელთა მიღებასაც ვაშინგტონი თბილისისგან მოელის.
“არსებობს მნიშვნელოვანი შეშფოთება და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მოვალეობაა გადადგას ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, ამ შეშფოთების გასაქარწყლებლად. ერთ-ერთი მათგანი არის ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონის უკან წაღება და კიდევ ერთი, დაუყოვნებლივ დიალოგის დაწყება საქართველოს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რათა აღდგეს არჩევნებისადმი ნდობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნების კონტექსტში, ეს არა სასურველი, არამედ აუცილებელია” – ამბობს ის.
“ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია, გადადგამს თუ არა ის ნაბიჯებს, რომლებიც გამოასწორებს არჩევნებზე დარღვევების ამ ცნობებს, დაშინების, იძულების შესახებ თუ წავა ანტიდემოკრატიული მიმართულებით, ჰიბრიდული რეჟიმის თუ ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით. ამას, ცხადია, შედეგები მოჰყვება. წინასწარ არ ვაპირებ რაიმე დამატებითი ნაბიჯების შესახებ გაცნობოთ. მაგრამ, ჩვენ მზად ვართ გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები, თუ დავინახავთ, რომ საქართველო ამ მიმართულებით მიდის”, – განმარტავს აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური პირი.
საპროტესტო აქციებზე ანტიდემოკრატიული პასუხისა და ე.წ. “აგენტების კანონის” მიღების გამო, შეერთებულმა შტატებმა, სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოში 100-ზე მეტ ოფიციალურ და კერძო პირს. პარალელურად, ხაზინის დეპარტამენტმა, ფინანსური სანქციები დაუწესა 4 პირის, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ მაღალჩინოსანს. აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას, თუ საქართველოს მთავრობა არ გადადგამს ნაბიჯებს, არსებული შეშფოთებების საპასუხოდ. არჩევნებამდე, ასევე ანონიმურობის პირობის დაცვით, ადმინისტრაციის ორმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ ორმა პირმა, “ამერიკის ხმასთან” განაცხადა, რომ აშშ-ს მზად აქვს სანქციები პაკეტი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
“ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, მიიღოს მთელი რიგი დაუყოვნებელი ზომები, ჩვენი შეშფოთების საპასუხოდ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ძალაუფლება იმისთვის, რომ პასუხი ვაგებინოთ აქტორებს საქართველოს შიგნით და ხელისუფლების შიგნით, რომლებიც ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობენ. ეს მოიცავს არჩევნების პროცესს. იყო მთელი რიგი შეშფოთება არჩევნების შესახებ, რომლებიც, ჯერჯერობით, არ არის საფუძვლიანად გამოძიებული ან დადასტურებული. მე მესმის, რომ ზოგიერთი ამ დარღვევის გამოძიებას დრო სჭირდება. როგორც მესმის, სწორედ ამისკენ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტიც. ვფიქრობ, ზოგიერთი ამ დარღვევის გამოძიება, ლეგიტიმურია”, – თქვა მან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, “ქართულმა ოცნებამ” ხმათა თითქმის 54% მოიპოვა. ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება ამბობს, რომ ბრალდებები მცდარია და რომ მმართველმა პარტიამ ლეგიტიმურად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად გაიმარჯვა და გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს.