2023 წელს, როცა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მიიღო, ბრიუსელმა თბილისს 9 რეკომენდაცია მისცა, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იყო შემდგომი პროგრესისთვის.
„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ევროკომისიის დასკვნებს, რომელთა საფუძველზეც ბრიუსელში დღეს ამბობენ, რომ საქართველოს არ ჰქონია მნიშვნელოვანი პროგრესი ამ რეკომენდაციების შესრულების საქმეში.
პუნქტი I: ბრძოლა დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე
„ევროკავშირთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულირება გაიზარდა. აპრილში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ წარდგენის შემდეგ, მკაცრი ევროკავშირის საწინააღმდეგო გზავნილები ვრცელდებოდა მმართველი პარტიის ოფიციალური პირებისა და დეპუტატების მიერ.
საპარლამენტო არჩევნებამდე დეზინფორმაციული ნარატივები ვრცელდებოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და მთავრობასთან დაკავშირებული მედიების მიერ“.
პუნქტი II: საქართველომ დააახლოოს თავისი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან
„საანგარიში პერიოდის დასრულებისთვის საქართველოს შესაბამისობა საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებებთან იყო 49%. საქართველო არ შეუერთდა ირანის, რუსეთისა და ბელარუსის საწინააღმდეგო ამკრძალავი ზომების უმრავლესობას და კიდევ უფრო გაზარდა პირდაპირი ფრენები რუსეთთან.
საქართველომ განაგრძო ევროკავშირთან თანამშრომლობა სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეშლასთან ბრძოლაში, მაგრამ მიიღო ახალი კანონი, რომელიც გადასახადის გარეშე იძლევა ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადატანას.
საანგარიშო პერიოდში საქართველო განაგრძობდა უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივების მხარდაჭერას“.
პუნქტი III: საქართველომ დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია
„პოლიტიკური პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაღრმავდა.
პარტიების თანამშრომლობა ევროკავშირთან დაკავშირებულ რეფორმებზე ძალიან შეზღუდული იყო, ხოლო შესაბამისი კანონმდებლობა და დანიშვნათა უმრავლესობა ოპოზიციის გარეშე მოხდა.
პარლამენტმა არ უზრუნველყო სამოქალაქო საზოგადოების საკმარისი ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში. გაგრძელდა საპარლამენტო უმრავლესობის მუქარები ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ“.
პუნქტი IV: საქართველომ უზრუნველყოს თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს, და შეასრულოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები
„მარტში პარლამენტმა მიიღო საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომლითაც არ გაითვალისწინა ვენეციის კომოსიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ცვლილებებით, შესაძლებელი გახდა ცესკოს თავმჯდომარის და არაპარტიული წევრების მარტივი უმრავლესობით დანიშვნა, რაც არ ითვალისწინებს სხვა ინსიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის ჩართულობას. ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის წინა რეკომენდაციებზე ბოლომდე რეაგირება კვლავ არ მოხდა.
26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ეუთო/ოდირის მისიის წინასწარი მიგნებების თანახმად, ადგილი ჰქონდა რამდენიმე ხარვეზს დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში. ხარვეზებში მათ შორის შედის: ახლანდელი ცვლილებები საარჩევნო პროცესის კანონმდებლობაში, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი დარღვევა, პროცედურული არათანმიმდევრულობა და ამომრჩეველზე ზეწოლა და დაშინება, რასაც ნეგატიური გავლენა ჰქონდა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე“.
პუნქტი V: საქართველომ გააუმჯობესოს საკვანძო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, მათ შორის ცესკოში, ეროვნულ ბანკსა და კომუნიკაციების კომისიაში
„უსაფრთხოების სამსახურებზე ზედამხედველობის ხარისხი რჩება შეზღუდული. 2021 წელს მასშტაბური და უკანონო ფარული მოსმენების ბრალდებები ჯერჯერობით არ დამთავრებულა ვინმეს სამართლებრივი დევნით.
2024-ის მარტში მიღებული საარჩევნო კოდექსის ცვლილებებმა შეამცირა ცესკოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. არ გადაიდგა ნაბიჯები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად“.
პუნქტი VI: საქართველომ ჩაატაროს ყოვლისმომცველი რეფორმა სასამართლოში, პროკურატურაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
„2024-ის მაისში პარლამენტმა საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები მიიღო, რომლებშიც არ იყო გათვალისწინებული 2023-ის სისტემური და შინაარსობრივი რეკომენდაციები. ცვლილებებში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის ერთი საკვანძო რეკომენდაცია მოსამართლეების დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე და არის რამდენიმე მცირე პოზიტიური ელემენტი.
ცვლილებებით არ ხდება სასამართლო რეფორმის ეფექტურად გატარება. არ მოხდა მომზადება მოსამართლის სანდოობის [„ვეტინგის“] პროცესის შემოსაღებლად.
2023 წელს მიღებული მცირე ცვლილებები პროკურატურის შესახებ არ აახლოებს საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულ სტანდარტებთან“.
პუნქტი VII: საქართველომ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ უწყებებთან დაკავშირებით
„პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის კანონში და გააძლიერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის იმუნიტეტი და მამხილებელთა დაცვა. თუმცა ამჟამინდელი ინსტიტუციური ჩარჩო არ იძლევა საკმარის დამოუკიდებლობას, ხოლო ცვლილებებში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები.
კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო მაღალი დონის [„ელიტური“] კორუფციასთან საბრძოლველად.
პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის ზოგ რეკომენდაციას. მთავარი შეშფოთებები რჩება გაუთვალისწინებელი“.
პუნქტი VIII: საქართველომ გააუმჯობესოს ამჟამინდელი სამოქმედო გეგმა და დანერგოს მულტისექტორული, სისტემური მიდგომა დეოლიგარქიზაციის მხრივ
„პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი დეოლიგარქიზაციის კანონს, რომელიც პიროვნულ მიდგომას ითვალისწინებდა, მთავრობამ კი დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 2023-ის ნოემბერში მიიღო. გეგმა აგებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე „სისტემურ“ მიდგომასთან დაკავშირებით.
გეგმაში არაა რეგულარული საკონსულტაციო მექანიზმი ყველა საპარლამენტო პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქმიანობისა და მისი დროის გადანაწილება არის ძალიან ზოგადი.
2024 წლის აპრილში მიღებული ცვლილებები ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადასახადის გარეშე გადმოტანის შესახებ არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“.
პუნქტი IX:
„ადამიანის უფლებათა დაცვის 2023-30 წლების სტრატეგიაში არ შევიდა ცვლილებები 2023-ის რეკომენდაციების შეატანად. 2024-26 წლების იმპლემენტაციის სტრატეგიაში არაა პუნქტები ლგბტქი+ ადამიანებზე. პარლამენტში კვლავ რჩება საკონსტიტუციო კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების“ დაცვაზე, რომელიც, ვენესიის კომისიის განცხადებით, არ შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამ საკანონმდებლო საქმიანობისა და ჰომოფობიური სიძულვილი ენის შედეგად, ლგბტქი+ პირები საქართველოში ცხოვრობენ მზარდად მტრულ და სტიგმატიზირებულ გარემოში. არ დასრულებულა 2021 და 2023 წლის პრაიდებზე ძალადობის ორგანიზების საქმეების გამოძიებაც.
საქართველო განაგრძობს ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას ოჯახური და ქალების წინააღმდეგ ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ რჩება ნაპრალები გენდერის საფუძველზე მომხდარი ძალადობისა და ძალადობის პრევენციის კუთხით. ასევე, გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიცია ბოლომდე არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი ძირს უთხრის შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების უფლებას, საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას და დისკრიმინაციის აკრძალვას. იუსტიციის სამინისტროსთვის მიცემული მეტისმეტი საკონტროლო უფლებამოსილება ზრდის კანონის არჩევითი აღსრულების რისკს.
კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს იყო თავდასხმები, დაშინება და ფიზიკური ძალადობა აქტივისტების, პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. მათი უმრავლესობა ჯერაც შესაბამის გამოძიებას საჭიროებს“.