საზოგადოება

გახარია: ცესკოს შედეგები ხალხის ნებას არ გამოხატავს

27 ოქტომბერი, 2024 •
გახარია: ცესკოს შედეგები ხალხის ნებას არ გამოხატავს

პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ის შედეგები, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

გიორგი გახარია ამბობს, რომ არჩევნები მოპარულია.

“ეს არ არის მხოლოდ აღქმები, ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა. და ის შედეგები, რაც გამოქვეყნდა არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს არ მომხდარა გუშინ და ერთ დღეში. ჩვენ დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობდით, ფაქტებით, კონკრეტული მტკიცებულებებით, რომელიც გადავეცით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის სადამკვირვებლო მისიებს და ამ დარღვევების მიმართულებით, სადაც ეს შესაძლებელია, სასამართლოს მიმართულებითაც ვმუშაობთ”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის დარღვევებს: ამომრჩეველთა დაშინებას, მოსყიდვას,პირადობის მოწმობებით მანიპულირებას, სისტემური ხასიათი ჰქონდა საჯარო მოხელეებზე, სოცდაუცველებზე ზეწოლას, მათ დაშინებას, მათი პირადობის მოწმობებით მანიპულირებას “იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო არჩევნების შედეგების და ქართველი ხალხის ნების მოპარვა”.

გახარიას თქმით, უპრეცედენტო ზეწოლა იყო მის გუნდზე, რომლის წევრებსაც პირადად ბიძინა ივანიშვილი ემუქრებოდა დაჭერით. მან თანაპარტიელებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ “ახლა არ არის უიმედობის დრო”

“ახლა არის თითოეული ხმის დაცვის დრო, ყველა ხერხით”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ახლა ზოგადად ხმის მიცემის უფლების და არჩევნების, როგორც ხელისუფლების ცვლილების დემოკრატიული ინსტიტუტის არსია გადასარჩენი.

“ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის 24-საათიანი შრომის დრო”, – თქვა გახარიამ და დასძინა, რომ საჭიროა ყველანაირი გაყალბების იდენტიფიცირება და ხმების დაცვა.

ექსპრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნება” გამარჯვებას ზეიმობს, ახლა ისინი ყველაზე სუსტ მდგომარეობაში არიან.

“პროტესტის გონივრულ ფორმებს უნდა მივმართოთ”.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი