“ამ არჩევნების მნიშვნელობა ბევრად დიდია, ვიდრე უბრალოდ მოქმედი ხელისუფლების ჩანაცვლება” – განაცხადა ნიკა გვარამიამ, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა საარჩევნო პროგრამის წარდგენისას.
სამი პარტიის – “ახალის”, “დროასა” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” კოალიციაში ფიქრობენ, რომ საჭიროა სისტემური ცვლილებები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გარანტია იქნება.
“მომავალი შენია” – ასე ჰქვია კოალიციის საარჩევნო პროგრამას. “ნეტგაზეთმა” მოკლედ შეაჯამა პროგრამის ძირითადი გზავნილები.
4-4-4
“კოალიცია ცვლილებებისთვის” წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს გეგმით 4-4-4. ამ რიცხვებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ამავე დროს, გამოხატავს პარტიის ხედვებსა და სულისკვეთებას.
პირველი არის 4 პარტიის საარჩევნო ნომერი, მეორე – კოალიციის საარჩევნო პროგრამის 4 ძირითადი მიმართულება, ხოლო მესამე – 4 დღე. კოალიციაში ამბობენ, რომ ახალი, კოალიციური მთავრობის დამტკიცებიდან 4 დღეში დააინიციირებენ მათი საარჩევნო პროგრამით განსაზღვრულ ძირითად ცვლილებებს.
ცხადია, 4 დღეში ხელშესახები ცვლილებების მიღება შეუძლებელია. თუმცა კოალიციაში განმარტავენ, რომ საკითხების ამ სიმბოლურ ვადაში ინიციირება იქნება ნიშანი იმისა, რომ მათი შესრულებაც დროული იქნება.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” სისტემური ცვლილებები მოიცავს ხედვებს ოთხი ძირითადი მიმართულებით:
- ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა;
- დემოკრატია;
- ეკონომიკა;
- განათლება.
განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა
კოალიციაში ამბობენ, რომ ახალი მთავრობის დამტკიცებიდან 4 დღეში ოფიციალურად მიმართავენ ევროკავშირს, წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნის ინიციატივით.
რა არის იმ მოლოდინის საფუძველი, რომ ხელისუფლების შეცვლიდან მალევე შესაძლებელი იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა წევრობის შესახებ?
გვარამიას თქმით, “ეს გამომდინარეობს იმ სამუშაოდან და იმ განცხადებებიდან, რომელსაც ქართველები – პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები- ვაწარმოებთ საერთაშორისო მიმართულებით”. კოალიციაში, პირველ რიგში, ეყრდნობიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ ვიზიტებს ევროპელ ლიდერებთან და ამ შეხვედრების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი იმედაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოება არის პოლიტიკური პროცესი და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ღია და ცხადი მზაობის შემთხვევაში, ეს პროცესი დაჩქარდება. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ პარლამენტის ახალი შემადგენლობის დამტკიცებიდან მალევე შესაძლებელია ერთი დიდი ბარიერის გადალახვა – რუსული კანონის გაუქმება.
დემოკრატია
“კოალიცია ცვლილებებითვის” მიერ ამომრჩევლისთვის დაპირებული ცვლილებებიდან ერთ-ერთი შეეხება, მათი თქმით, არადემოკრატიული კანონების გაუქმებას. გარდა რუსული კანონისა, მათ შორის მოიაზრებენ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით მიღებულ ჰომოფობიურ, დისკრიმინაციულ და ცენზურის დამწესებელ კანონს; დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი, რომელიც ცვლის საპენსიო სააგენტოს სტრუქტურას და ზრდის რისკებს, მოქალაქეთა შემოსავლებიდან მიღებული თანხები ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს; ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც სამართალდამცავ უწყებებს ფარული მიყურადების მეტ ბერკეტს ანიჭებს; საგადასახადო კოდექსში ბოლოს შეტანილი ცვლილებები – ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი და ა.შ.
კოალიციაში ამბობენ, რომ ახალი მთავრობის დამტკიცებიდან 4 დღის ვადაში ყველა ამ კანონის გაუქმების ინიციირებას გააკეთებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კანონების მიღებას თავის დროზე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ეწინააღმდეგებოდა, კოალიციაში ფიქრობენ, რომ მათი გაუქმების შესახებ შეთანხმება არ გაუჭირდებათ.
“ეს სავსებით შესაძლებელია პარლამენტის დაფუძნებიდან და კალიციურ მთავრობის ფორმირებიდან 4 დღის განმავლობაში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
დემოკრატიის გაძლიერებისკენ მიმართულ ცვლილებებს შორის, გარდა “არადემოკრატიული კანონების” გაუქმებისა, კოალიციაში მართლმსაჯულების რეფორმას მოიაზრებენ. ორი მთავარი საკითხი, რასაც ამ მიმართულებით გარდამტეხად მიიჩნევენ, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის, ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაფართოებაა.
უფრო კონკრეტულად, გიორგი იმედაშვილი განმარტავს, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ ყველა საქმე, რომლის ფარგლებშიც ადამიანს შეიძლება პატიმრობა დაემუქროს. უფრო მეტიც, გრძელვადიან პერიოდში, ის არ გამორიცხავს ნაფიცების უფლებამოსილების გაფართოებას ადმინისტრაციულ დავებზეც. მისი თქმით, ეტაპობრივად გაფართოვდება იმ საქმეების რაოდენობა, რომელთა განხილვის შესაძლებლობა ნაფიც მსაჯულებს ექნებათ.
კოალიციის ხედვა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მოიაზრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც. იმედაშვილის თქმით, ამაში გულისხმობენ, მაგალითად, საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის უფლებამოსილების გაზრდას, რადგან დღეს “ისინი უუფლებო წევრები არიან – ამბის გამოსატანად თუ გამოვიყენებთ საზოგადოება”.

გიორგი იმედაშვილი (კადრი ვიდეოდან / ფორმულა)
ეკონომიკა
მთავარი ხედვა, რაც კოალიციას ეკონომიკის მიმართულებით აქვს, გადასახადების შემცირებაა როგორც ბიზნესებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის ინდივიდუალურად.
მაგალითად, კოალიციის სურვილია საშემოსავლო გადასახადის შემცირება 20-დან 15%-მდე; დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გაუქმება ბიზნესისთვის, რომელთა წლიური ბრუნვა 400 000 ლარზე ნაკლებია. ამ ეტაპზე ამ გადასახადისგან თავისუფალია ის მცირე ბიზნესები, რომელთა შემოსავალი 100 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. შემცირდება მოგების გადასახადიც – 15-დან 5%-მდე.
აქ ჩნდება კითხვა, როგორ ავსებენ ბიუჯეტს და როგორ აფინანსებენ მოქალაქეებისთვის აუცილებელ სერვისებს, მათ შორის სოციალურ პროგრამებს?
“თითქოს პარადოქსულად ჟღერს, რომ ჩვენ გადასახადებს ვამცირებთ, მაგრამ ბიუჯეტი ივსება. ეს არ არის პარადოქსი და ურთიერთგამომრიცხავი რამ. ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა გადასახადების შემცირება და ეკონომიკის განვითარება არის ბიუჯეტის გაზრდის წინაპირობა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ გასცემენ ისეთ დაპირებებს, “რომლებიც ყველას ყურს ეამება”, მაგრამ არ მიაჩნიათ რეალისტურად. ამის შესახებ საუბრისას ყურადღება გაამახვილა სხვა პარტიების თუ კოალიციების მიერ გაცემულ ისეთ დაპირებებზე, როგორებისაა პენსიების ზრდა, “ფულის მასების უზარმაზარი შემოდინება” ქვეყანაში და ა.შ.
ამის პარალელურად, მათი კოალიციის საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ 2028 წლისთვის შესაძლებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკის მინიმუმ გაორმაგება; სიღარიბის მკვეთრი შემცირება; სოციალური პროგრამების დაფინანსების რამდენჯერმე ზრდა, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით; განათლების სფეროს დაფინანსების 3-ჯერ გაზრდა და ა.შ.
გიორგი იმედაშვილს ვკითხეთ, როგორ აპირებენ ამ შედეგების მიღწევას. ის ამბობს, რომ სახელმწიფოს მართვა კომპლექსური პროცესია და შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ მათ პროგრამაში გაწერილ ცვლილებებზე მუშაობა ერთდროულად დაიწყება და გაგრძელდება.
რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკას, ამ მიმართულებით ის რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:
“რამდენიმე თვალსაზრისია. ერთი არის საინვესტიციო გარემოს მყისიერი გაუმჯობესება. საქართველო რომ დაუახლოვდება ევროკავშირს და მოლაპარაკებები გაიხსნება, ეს დიდი სტიმული იქნება ინვესტიციებისთვის. იმიტომ, რომ ეს [ევროკავშირი] ყველაზე დაცული ეკონომიკური სივრცეა მსოფლიოში. მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც “ქართული ქარტიის” მიხედვით აუცილებლად გატარდება, ნიშნავს, რომ კერძო საკუთრება საქართველოში იქნება იმაზე ბევრად უფრო დაცული, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. რაც აქამდე დიდი პრობლემა იყო საინვესტიციო გარემოსთვის.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შემდეგ გვექნება წვდომა ძალიან დიდ დახმარებაზე, რომელიც შეგვიძლია ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის დავხარჯოთ საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროექტებმა მერე კიდევ ძალიან დიდი ფული უნდა მოიტანოს. თუნდაც, ავტობანების გაფართოება, პორტის გაკეთება, რკინიგზის თანამედროვე, ჩქაროსნულ ლიანდაგზე გადაყვანა, შუა დერეფნის ათვისება, რაც არის საქართველოსთვის ძალიან დიდი პოტენციალი: შუა აზიას, ფაქტობრივად, არ აქვს არასანქცირებული გასასვლელი გზა ევროკავშირზე – რუსეთი სანქცირებულია, ირანი სანქცირებულია. კასპიის ზღვაღა რჩებათ. ეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს ამ რეგიონს, თუნდაც მხოლოდ რესურსების გატარების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს ერთად არის წარმატების რეცეპტი”, – ამბობს გიორგი იმედაშვილი.
განათლება
“კოალიცია ცვლილებებისთვის” საარჩევნო პროგრამაში განათლებას დიდი ადგილი უჭირავს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება ზოგადი განათლების დაფინანსების მოდელს. მოქმედი ვაუჩერული მოდელით, განათლების სამინისტრო თითოეული მოსწავლისთვის განსაზღვრულ თანხას, ამ მოსწავლეთა ოდენობის შესაბამისად, გადასცემს სკოლებს. თანხის ოდენობის განსაზღვრა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული – მოსწავლის ასაკი, სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა, საცხოვრებელი ადგილი, სოციალური სტატუსი და ა.შ. “კოალიცია ცვლილებებისთვის” გეგმით, ეს ვაუჩერები გარდაიქმნება ე.წ. ცოდნის ყულაბებად, რომლის განკარგვის უფლება ექნება მშობელს.
“საბავშვო ბაღის ასაკიდანვე მასში განთავსდება წლიური თანხა, რომელიც განათლების დაფინანსებაზეა გათვლილი. თანხის განკარგვა მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის იქნება შესაძლებელი. მშობელს ექნება საშუალება, შვილის დეპოზიტი მიმართოს საჯარო თუ კერძო სექტორში. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ბაღი ან სკოლა უფრო ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე წლიური დეპოზიტი, მშობელს შეუძლია დააგროვოს ნაშთი განათლების შემდგომი საფეხურებისთვის, ან გამოიყენოს სპორტულ-სახელოვნებო მიმართულებებზე”, – წერია კოალიციის საარჩევნო პროგრამაში.
გიორგი იმედაშვილს ვკითხეთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ამ თანხის გამოყენება მოსწავლის კერძო რეპეტიტორთან მოსამზადებლად, მაგალითად, დამატებითი უცხო ენის სასწავლად. ან, როგორ გაკონტროლდება, ამ თანხას მშობელი რა მიზნით გამოიყენებს.
იმედაშვილი გვიხსნის, რომ კერძო მასწავლებლებთან ან დაწესებულებებში მოზარდთა განათლებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიხარჯება, თუ მათ ექნებათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი, ან კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტი. თანხა კი შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე გადაირიცხება და მშობელს არ ექნება ამ ფულის გამოყენების უფლება არასაგანმანათლებლო მიზნებისთვის.
მსგავსი ყულაბა ექნებათ სკოლამდელი ასაკის ბავშვებსაც და სტუდენტებსაც. კოალიციის გეგმებით, 2028 წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა უნდა იყოს უფასო. სწავლა სრულად დაუფინანსდებათ იმ სტუდენტებსაც, რომლებიც მსოფლიოს 50 საუკეთესო უნივერსიტეტთაგან რომელიმეში ჩააბარებენ.
გარდა ამისა, ამ გეგმით ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტური საცხოვრებლები. ამისთვის ცვლილებები შევა უნივერსიტეტთა ავტორიზაციის პროგრამაში და წინასწარ გაიწერება ვალდებულება რეგიონებიდან ჩამოსული თუ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლების უზრუნველყოფის შესახებ.
მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, საიდან მოვა ის ფული, რომლითაც შესაძლებელი იქნება განათლების სფეროს დაფინანსების ასეთი ზრდა?
გიორგი იმედაშვილი რამდენიმე წყაროს ასახელებს. პირველ რიგში, ევროკავშირთან დაახლოება, მისი თქმით, ქვეყანას საშუალებას მისცემს, მეტ საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროგრამაზე ჰქონდეს წვდომა. ქართველ სტუდენტებსა და მოსწავლეებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებამდეც ჰქონდათ საშუალება, ესარგებლათ ევროკავშირში მოქმედი საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი პროგრამებით.
გარდა ამისა, იმედაშვილი ამბობს, რომ “ჩვენ ვიცით, როგორ ჩავატრიალოთ განათლების სისტემაში ფული”. ის გვიხსნის, რომ ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების მოზიდვით, რომლებიც აქ მიღებულ განათლებაში ფულს ჩადებენ, შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და შეღავათების დაწესებაც.
“ჩვენ გავზრდით საქართველოში უცხოელი სტუდენტების შემოსვლის სტანდარტებს. გავაკეთებთ საქართველოიში საერთაშორისო განათლების ჰაბს. კერძო უნივერსიტეტები ეგრე “ასუბსიდირებენ” ქართულ სექტორზე სწავლის საფასურს. მაგალითად, 1000 უცხოელს სტუდენტს შეეძლება 6000-მდე ქართველი სტუდენტის საფასური შეინახოს. იმიტომ, რომ სერვისში მათი სწავლა ბევრად უფრო ძვირი ღირს. ზუსტად იგივე გეგმა გვაქვს საერთო საცხოვრებლებზე. საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულ უცხოელ სტუდენტს, რომელიც თვეში 200-დან 500 დოლარამდე გადაიხდის… ამ ფასად 3-4 ქართველი სტუდენტის საერთო საცხოვრებლის ფული დაიფარება. ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა, 4 წლის მანძილზე ეს გავაკეთოთ”, – ამბობს გიორგი იმედაშვილი.
გარდა ამ ძირითადი მიმართულებებისა, “კოალიცია ცვლილებებისთვის” საარჩევნო პროგრამაში გაწერილია ხედვა სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმის, ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების, დეცენტრალიზაციისა და რეგიონებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭების შესახებ.
მაგალითად, რეგიონებისთვის დამოუკიდებლობის ზრდის გარანტად წარმოუდგენიათ მათთვის ქონების, ასევე, იქ არსებულ ბუნებრივი რესურსების განკარგვის უფლების გადაცემა და ა.შ.
“აღარასდროს რეგიონიდან თბილისში არ წავა ფული და მერე არ დაელოდება რეგიონი, გზას დაუგებენ თუ არა, ან რას გადაწყვეტენ მათი მუნიციპალიტეტის შესახებ. გვინდა, რომ იქ მცხოვრებმა ხალხმა თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები”, – ამბობს გიორგი იმედაშვილი.
ჯანდაცვის მიმართულებით გეგმავენ მოქალაქეთა წახალისებას კერძო დაზღვევის სისტემაზე გადასასვლელად, თუმცა, სრულად გაუქმდება თუ არა სახელმწიფო დაზღვევა: “დინამიკაში დავაკვირდებით და შესაბამისად გადავწყვეტთ”. ასევე, მძიმე, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობის ზრდა.
რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმას, აქ იგულისხმება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პარლამენტის მიერ არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან კონტრდაზვერვისა და კონტრტერორისტული ცენტრის გამოყოფა და მათი ხელმძღვანელების არჩევა, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობით. ზოგადად, სუს-ისთვის “პოლიტიკური პოლიციის” როლის გაუქმებას. ამის მიღწევა კოალიციას, სტრუქტურული ცვლილებების გარდა, შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნითაც წარმოუდგენია. მათ შორის, ზემოთ ნახსენები ე.წ. მოსმენების შესახებ მიღებული კანონის გაუქმებით.
“ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საზოგადოებას ესმის საჭიროება ამ რეფორმებისა. სწორედ ამიტომ უჭერს საზოგადოება მხარს ცვლილებას და ეს რეფორმები ერთხელ და სამუდამოდ განხორციელდება”, – განაცხადა გიორგი იმედაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
წინასწარი გამოკითხვებით, “კოალიცია ცვლილებებისთვის” 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერ იმარჯვებს. შესაბამისად, შანსი იმისა, რომ მათ დამოუკიებლად მიეცეთ ზემოხსენებული ხედვების განხორციელება, თითქმის არა რსებობს.
თუ ოპოზიციური პარტიები “ქართული ოცნების” დამარცხებას მოახერხებენ და კოალიციურ მთავრობას ჩამოყალიბებენ, მათ სხვა პარტიებთან მოუწევთ თანამშრომლობა. როგორ მოახერხებენ ისინი დაარწმუნონ კოალიციის სხვა წევრები მათი ხედვების უპირატესობაში? გიორგი იმედაშვილი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებები შეთანხმების საფუძველზე მიიღებენ. ოღონდ ამატებს, რომ “ეს იქნება კონსენსუსით, ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებები და არა უბრალოდ უმცირესობა-უმრავლესობით”.
ისინი ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კოალიციურ მთავრობას ამჟამად ოპოზიციაში მყოფი პარტიები ჩამოაყალიბებენ, არ გაუჭირდებათ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება. ამის საფუძველს, პირველ რიგში, პრეზიდენტის “ქართული ქარტია” აძლევთ, რომელსაც ხელი თითქმის ყველა ოპოზიციურმა გაერთიანებამ მოაწერა. ნიკა გვარამიას თქმით, ისინი ზედმიწევნით შეასრულებენ ქარტიით განსაზღვრულ დებულებებს. მათ შორის, მხარს დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატს პრემიერ-მინისტრის პოსტზე – არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ.
“კოალიცია ცვლილებებისთვის”, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების გზავნილებს საჯარო მოხელეთა მიმართ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.








