საზოგადოება

ზურაბიშვილი: ვაპირებ, რომ არჩევნებამდე წარვადგინო ტექნიკური მთავრობა

12 ოქტომბერი, 2024 •
ზურაბიშვილი: ვაპირებ, რომ არჩევნებამდე წარვადგინო ტექნიკური მთავრობა

სალომე ზურაბიშვილი აპირებს, წარადგინოს არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა, რომელიც “ქართული ქარტიის” შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს, 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა საზოგადოებას არჩევნებამდე გააცნოს:

“მე ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა. საზოგადოების დაკვეთა არ არის, რომ პოლიტიკოსებმა გადაინაწილონ მანდატები და შექმნან მთავრობა ამ გარდამავალ ეტაპზე.  ტექნიკური, ადმინიტრაციული მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იქნება პასუხისმგებელი, რომ ქარტიის პირობები შეასრულოს და ამ რამდენიმე თვეში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ ევროპის კართან.

ეს არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო და წარდგენა უნდა მოხდეს არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე.”

მისივე თქმით, გარკვეული ინტერპრეტაციები მოჰყვა “ქართული ქარტიის” ბოლო წინადადებას, რომლის მიხედვით, მთავრობას, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, პრეზიდენტი წარადგენს.  შესაბამისად, ამ ინტერპრეტაციების გასაფანტად, ის პარტიებს მოუწოდებს ამ ქარტიის ყველა სიტყვას უერთგულონ:

“დღეს არის სხვადასხვა ინტერპრეტაციები. დრო არის, პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად არიან ქარტიის  არა მხოლოდ სულისკვეთების, არამედ მისი ყველა სიტყვის ერთგული. ეს ისეთი დოკუმენტია, არ შეიძლება მერე რაღაც გაუგებრობა იყოს. ამ ქვეყნის სტაბილურობა ამაზეა დამოკიდებული. საჭიროა გარკვეული იყოს, ვინ დგას ბოლომდე ამ ქარტიის უკან. ამიტომ, მე ველოდები, პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან. ვინც არ ეთანხმება, შეუძლია საკუთარი ხელმწოერა წაიღოს უკან,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით,  ევროპაში შევხდა ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მიიღო პირობა, რომ თუ ქარტიის პრინციპები  რაღაც დონეზე შესრულდება , საქართველოს სასწრაფო ტემპით  დააბრუნებენ მოლაპარაკებების განხნის  ეტაპთან:

“არჩევნებამდე 14 დღე რჩება და ყველაფერი ძალიან კარგად არის, იმიტომ, რომ რეალურად მე რა პირობაც დავდე საზოგადოების წინაშე, მიმაჩნია, რომ შესრულებულია. ეს ქარტია შედგა,  ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ მომავალს, რომ გადავურჩეთ რუსულ წარსულს თუ მომავალს,  და გარანტია მივცეთ დამოუკიდებლობას, საქართველოს წინსვლას.

მე მინდოდა იმ ოთხ პარტიასთან, რომლებითაც პროევროპული პლატფორმა შედგება, გამევლო ამ ქარტიის ყველა პუნქტი და მიმეღო დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია იქნება სრულად შესრულებული. რატომ? იმიტომ, რომ მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან.”

„ქართული ქარტია“ — რას სთავაზობს პრეზიდენტი პარტიებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი