ახალი ამბები

ნუ ცდილობთ პოლიტიკურ-მერკანტილური მიზნებისთვის რაგბის დაკნინებას — რაგბის კავშირი

17 მარტი, 2023 • 982
ნუ ცდილობთ პოლიტიკურ-მერკანტილური მიზნებისთვის რაგბის დაკნინებას — რაგბის კავშირი

საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს „პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას“, თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან.

თუმცა ამავე განცხადებაში ის იცავს პოლიტიკოსს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრსა და რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომრეს, დავით კაჭარავას.

რაგბის კავშირის აზრით, აღნიშნული „ჯგუფები“ ცდილობენ ქართული რაგბი პირადი პოლიტიკურ-მერკანტილური მიზნებისთვის გამოიყენონ და დააკნინონ.

„ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა რაგბიმ მსოფლიო ასპარეზზე ისტორიულ გამარჯვებებს მიაღწია: პირველად შეძლო 6 ერის წევრი ქვეყნების დამარცხება, რაგბის კავშირში განხორციელებული რეფორმებისა და მიმდინარე სწორი კურსის გამო უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტისგან, არაერთხელ მოექცა საერთაშორისო მედიასაშუალებების ფოკუსში და შედეგად ქართული დროშა ახალ სიმაღლეზე აწია, – მთელ მსოფლიოს დაანახა ქართულ რაგბიში მიმდინარე სწრაფი აღმასვლა როგორც კავშირის ადმინისტრაციის, მთავრობისა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მხარდაჭერის შედეგი.

სწორედ ეს გახდა ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების გაღიზიანებისა და აგრესიის მიზეზი, – სწორედ ამის შედეგად იქცა ქართული რაგბი მათი შეტევების სამიზნედ. ძალიან დასანანია, რომ ქართული სპორტის, საქართველოს მსოფლიო წარმატებას ოპოზიციურად განწყობილი ცალკეული ჯგუფები პირადი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევენ და ცდილობენ ქართული რაგბის რეპუტაციის შელახვას. ამუშავებულია სიცრუის მანქანა, რომელიც თხზავს და ავრცელებს დისკრედიტაციულ ტყუილებს ქართული რაგბის კავშირის გაურკვეველ თანამშრომლობასა თუ სიმპათიაზე ხან რუსი ოლიგარქების, ხან – რუსეთის პოლიტიკური სისტემის მიმართ“, — ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.

რაგბის კავშირი ასევე ეხმიანება პეტიციას, რომლითაც დავით კაჭარავას რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებენ. დავით კაჭარავა არის საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ წევრი და რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერი.

სწორედ აღნიშნული კანონპროექტის მხარდაჭერის გამო შეიქმნა პეტიცია ქართული რაგბის გულშემატკივრების სახელით.

რაგბის კავშირის განცხადებით, ამ პეტიციას ლეგიტიმაცია არ გააჩნია და ის ემსახურება ქართული რაგბის დისკრედიტაციას.

„რაგბის კავშირი დესტრუქციულ ძალებს განუმარტავს, რომ გამგეობის თავმჯდომარის არჩევა ბოლოდროინდელი რეფორმების შედეგად არის სრულიად გამჭვირვალე, დემოკრატიული, ხმათა უმრავლესობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება: საერთო ყრილობამ, რომელიც ძირითადად რაგბის კლუბების წარმომადგენლებისგან შედგება, აირჩია გამგეობის 13 წევრი, რომლებმაც შემდეგ ღია კენჭისყრით აირჩიეს თავმჯდომარედ დავით კაჭარავა. არანაირ „რაგბის გულშემატკივართა“ პეტიციას არ აქვს რაიმე ლეგიტიმაცია დემოკრატიული არჩევნების ამ სისტემის ფონზე, რაც, დარწმუნებული ვართ, მისმა ინიციატორმა ანონიმუსმაც იცის, თუმცა ამ გზით ქართული რაგბის დისკრედიტაციას ემსახურება.

საქართველოს რაგბის კავშირი მოუწოდებს პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას, თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან, ნუ ცდილობენ პირადი პოლიტიკურ-მერკანტილური მიზნებისთვის ქართული რაგბის, საქართველოს ღირსების დაკნინებას“, – ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი