საზოგადოება

ბელგია: არჩევნებში მონაწილეობა არც ერთ ქართველ ემიგრანტს საფრთხეს არ შეუქმნის

1 ოქტომბერი, 2024 •
ბელგია: არჩევნებში მონაწილეობა არც ერთ ქართველ ემიგრანტს საფრთხეს არ შეუქმნის

განახლება: მასალის გამოქვეყნებიდან 24 დღის შემდეგ, 24 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა კომისარიატმა განაცხადა, რომ წერილი, რომელსაც ნეტგაზეთი ეყრდნობა, ყალბია.

არ მოგვიწოდებია ქართველებისთვის, რომ საარჩევნოდ დარეგისტრირებულიყვნენ – ბელგიის კომისარიატი

ბელგიის სამეფოს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა კომისარიატის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა არცერთ ქართველ ემიგრანტს და თავშესაფრის მაძიებელს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის ამ ქვეყანაში დარჩენასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ კითხვით ბელგიის სამეფოს კომისარიატს ქართველმა ემიგრანტმა და აქტივისტმა, ზურაბ ქუტიძემ მიმართა.

გენერალური კომისარიატის პასუხს ბელგიაში მცხოვრები ქართველების გვერდი BelGeo აქვეყნებს.

„ბელგიის სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები დარღვევების გარეშე ჩაივლის.

საარჩევნო ზონა არის ნეიტრალური ტერიტორია, რომელსაც ასევე მართავს ნეიტრალური ორგანო – ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნების დღე არის ნეიტრალური დღე, როდესაც ძალაუფლება ხალხის ხელშია და არა ხელისუფლების ან რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის.

კანონის ან რეკომენდაციის ნებისმიერ ცვლილებას ყოველთვის აქვს კონკრეტული მოტივი და უნდა იქნას განმარტებული მხოლოდ ამ მოტივის საფუძველზე.

ამ კონკრეტული ცვლილების მოტივი არის თავშესაფრის მაძიებლების დაცვა მათი პერსონალური ინფორმაციისა და მდებარეობის მესამე პირებისთვის გამჟღავნებისგან.

რეკომენდაციის მოტივი არ არის, ხელი შეუშალოს ლტოლვილებს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიის განმტკიცებისთვის ბრძოლაში.

პერსონალური ინფორმაციის გადაცემა ინსტიტუტებს შორის და განსაკუთრებით სახელმწიფოებს შორის მკაცრად კონტროლდება.

პერსონალური ინფორმაციის გადაცემა ჩვენს სტრუქტურასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის შესაძლებელია მხოლოდ მოთხოვნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარწმუნებთ, რომ თქვენი თემიდან ყველას აქვს სრული უფლება, მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში საკუთარ ქვეყანაში. ეს ბელგიის სამეფოში მათ დარჩენას საფრთხეს არ შეუქმნის. ვიმედოვნებთ, რომ ეს გზავნილი გამოადგება ქართველ ემიგრანტებს“, – ნათქვამია ბელგიის კომისარიატის განცხადებაში.

 

 

ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს გახსნის. მათ შორის, 1 საარჩევნო უბანი გაიხსნება  ბელგიის სამეფოში, ქალაქ ბრიუსელში (პერეუდორდევრუას ქუჩა 245,1150 ვოლუვესენპიერი).

საზღვარგარეთ მყოფ იმ მოქალაქეს, ვინც ამ დრომდე არაა საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა არჩევნებში  მონაწილეობა სურა, ამის გაკეთება ისევ შეუძლია. იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ, ისინი საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დადგნენ არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა.

გარდა ამისა, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ასევე შეუძლიათ, არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა რეგისტრაცია გაიარონ მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში გაიხსნება.

ქართველი ემიგრანტები გასული წლიდან მოყოლებული ითხოვდნენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაეხსნათ უცხოეთის იმ ქალაქებში,  სადაც აქამდე არ ყოფილა. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებდნენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიდნენ, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობდა.

Როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნება ანუ ძირითადად ამა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქში.

ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დედაქალაქებისაგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი