მოლდოვა 20 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმისთვის საზღვარგარეთ, 37 ქვეყანაში 228 საარჩევნო უბანს გახსნის. ეს 78 უბნით მეტია 2021 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნების რაოდენობაზე (მაშინ 150 უბანი იყო).
ყველაზე მეტ საარჩევნო უბანს მოლდოვა იტალიაში (60 უბანი) გახსნის, მას მოსდევს გერმანია (26 უბანი), საფრანგეთი (20 უბანი), დიდი ბრიტანეთი (17 უბანი), აშშ (17 უბანი), რუმინეთი (16 უბანი), ესპანეთი (11 უბანი) და ირლანდია (10 უბანი). დანარჩენ ქვეყნებში 1-დან 6-მდე საარჩევნო უბნები იხსნება.
2-2 საარჩევნო უბანი გაიხსნება მოლდოველებისთვის უკრაინასა და რუსეთში.
შედარებისთვის, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში, 60 საარჩევნო უბანს გახსნის.
26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი უკრაინაში არ გაიხსნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ არჩევნები არ ჩატარდება იმ ქვეყნებში, სადაც “პოლიტიკური [არასტაბილურობა] თუ საომარი ვითარებაა”. ამის მიუხედავად, უბანი გაიხსნება ისრაელში, ქალაქ რამათ-განიში.
ქართველი ემიგრანტები გასული წლიდან მოყოლებული ითხოვდნენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაეხსნათ უცხოეთის იმ ქალაქებში, სადაც აქამდე არ ყოფილა. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებდნენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიდნენ, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობდა. Როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნება, ანუ ძირითადად ამა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქში.ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დედაქალაქებისაგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ