საზოგადოება

მატარებლის შეჯახებით დაღუპული რკინიგზელები – რა ვიცით ამ დრომდე

4 სექტემბერი, 2024 •
მატარებლის შეჯახებით დაღუპული რკინიგზელები – რა ვიცით ამ დრომდე

თბილისში, 3 სექტემბერს ორი რკინიგზელი,  56 წლის აბო ახინჯანიანი და  22 წლის ლაშა ცაგარეიშვილი დაიღუპა. 

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, კიდევ ორი რკინიგზელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ოთხივეს მატარებელი მაშინ დაეჯახა, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ – სარკინიგზო ლიანდაგზე გეგმურ სამუშაოებს ატარებდნენ.

“ლაშა ცაგარეიშვილი რამდენიმე თვის წინ, ივნისში დაქორწინდა. მას ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა რკინიგზაში. აბო ახინჯანიანი წლების განმავლობაში იყო რკინიგზელი, “ – ამბობს პაატა ნინუა, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის უსაფრთხოების ინსპექტორი.

მისივე თქმით, რკინიგზაში თავისი ინიციატივით სამუშაოებს ვერავინ განახორციელებს და პროცესი გეგმური იყო:

“ისინი ასრულებდნენ სამსახურებრივ დავალებას. ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი საავადმყოფოშია. ახლა მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. ჩვენც ჩართულები ვართ და დასკვნას დავდებთ, მას შემდეგ რაც კომპეტენტური ადამიანების აზრს მოვისმენთ თუ რა იყო და როგორ. 

რკინიგზაში თავისი ინიციატივით ვერავინ ვერაფერს შეასრულებს, ეს წარმოუდგენელი რამეა.  ეს იყო დაგეგმილი სამუშაოები, მაგრამ შემდეგ რატომ მოხდა ტრაგედია, ეს არის მნიშვნელოვანი.  როცა კონკრეტული ფაქტები გამოიკვეთება, თუ ვინმეს დანაშაული იქნება, აუცილებლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს სამუშაოების არასწორად წარმოებისთვის,” – აღნიშნავს პაატა ნინუა.

როგორც პაატა ნინუა “ნეტგაზეთს” უყვება, დაშავებული ორი რკინიგზელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა:

“ერთს ოპერაცია დასჭირდა. როგორც მითხრეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს, თუ დადგინდა, რომ ვინმეს ბრალეულობამ გამოიწვია ეს ტრაგედია. ისეც ხდება, რომ ტექნიკა ფუჭდება სამუშაოების დროს. ეს დეტალები არის მნიშვნელოვანი, რომ გავიგოთ რა მოხდა და როგორ. ამიტომ არის საჭირო კვალიფიციური ადამიანების დასკვნა. ვარაუდის გამოთქმა არაეთიკური იქნება. 

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ყოველთვის არის სიმართლის მხარეს და როცა კვალიფიციურ დასკვნას ვნახავთ, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ,” – ამბობს პაატა ნინუა.

საქართველოს რკინიგზაში ნეტგაზეთს  განუცხადეს, რომ მიმდინარეობს მოკვლევა და ამ ეტაპისთვის რკინიგზა არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს გამოძიების დეტალები.

“რაც შეეხება დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც  ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

თბილისში, რკინიგზაზე ავარიის შედეგად ორი პირი დაიღუპა

მასალების გადაბეჭდვის წესი