დღეს, პირველ სექტემბერს, სოფელ შუქრუთში სამმა ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა, ხუთმა კი შიმშილობა დაიწყო.
ამის შესახებ ნეტგაზეთს პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჯანო ლაბაძემ განუცხადა.
შუქრუთელების უწყვეტი პროტესტი 173 დღეა გრძელდება. პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. ამისათვის ისინი ცენტრალური მთავრობისგან პროცესებში ჩართვასა და მედიატორის როლის შესრულებას ითხოვენ.
მთავრობას მოთხოვნის შესასრულებლად პირველ სექტემბრამდე ჰქონდა მიცემული, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის მონაწილეები პროტესტის უკიდურესი ფორმით გაგრძელებას, პირის ამოკერვასა და შიმშილობის დაწყებას აანონსებდნენ.
როგორც ჯანო ლაბაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, მათ მთავრობიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
2020 წელს სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, 20 ივლისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელებმა მაღაროში სამუშაო პროცესის აღდგენა ძალის გამოყენებით სცადეს.
შუქრუთელები წლებია ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც ადგილობრივების სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა. ამავე დროს, აცხადებენ, რომ უშედეგოდ ცდილობენ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყურადღების მიქცევას და პროცესში ჩართვას. კომპანია ბრალდებებს უარყოფს და თავის მხრივ, არაერთხელ უჩივლა პროტესტის მონაწილეებს, რომ მათ ხელი არ შეუშალონ კომპანიის საქმიანობას და მანგანუმის მოპოვებას და მეტიც, ზარალის ანაზღაურებას ითხოვს მათგან 5 500 000 ლარის ოდენობით.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ პროტესტის მონაწილე სამი პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმა.
24 აგვისტოს შუქრუთელები სოფელ ჭორვილამდე მსვლელობით ჩავიდნენნ. ისინი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა ჭორვილის შესასვლელში მობილიზებულმა პირებმა, სამართალდამცავებთან ერთად, მათ წინსვლის საშუალება არ მისცეს.